6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „რამშტეინში" საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, სადაც საკითხებთან ერთად, დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაც განიხილეს. დასავლელი პარტნიორების პასუხი ამჯერადაც უარყოფითია. საბოლოოა თუ არა ეს უარი და რატომ არ უხსნიან უკრაინას შეზღუდვას დასავლური იარაღის გამოყენებაზე?
„არ ვიცი ეს დასავლეთის მხრიდან საბოლოო უარია თუ არა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები", - აცხადებს სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი" წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, გერმანიაში, „რამშტეინში" მყოფი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე დასავლეთის ქვეყნები ვერ დაარწმუნა, რომ მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მიეცათ.
მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა შეერთებულმა შტატებმა. კითხვაზე, თუ რატომ არ შეუძლია ვაშინგტონს, რომ მიაწოდოს კიევს „ატაკამსის" რაკეტებზე უფრო შრ მანძლზე მოქმედი შეიარაღება, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ არ არსებობს კონკრეტული ტიპის იარაღი, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა სიტუაციას ბრძოლის ველზე.
თუმცა ნატოს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ნატოს მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამ მხარდაჭერის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
6 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში „რამშტაინის" საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რათა პირადად დალაპარაკებოდა დასავლელ მოკავშირეებს მნიშვნელოვან საკითხებზე. განსაკუთრებით კი შეზღუდვის მოხსნაზე, რომელიც გულისხმობს დასავლური იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენებას. ზელენსკიმ ამ მოთხოვნით მანამდეც არაერთხელ გაგზავნა დელეგაციები აშშ-ში. აგვისტოს ბოლოს კი უკრაინის ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ სცადეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიის დარწმუნება, რომ რუსეთის ტერიტორიებზე ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვები მოეხსნათ, თუმცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
რატომ არ ხსნიან შეზღუდვას
ვახტანგ მაისაიას აზრით, დასავლეთს არ უნდა რუსეთ-უკრაინას ომმა ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი ყველლაფერზე ხელს აიღებს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამიტომ ვერ ეხმარებიან უკრაინას ბოლომდე.
„პრინციპში, 6 სექტემბერს უკრაინას დასავლეთმა გარკვეული შეზღუდვით იარაღის გამოყენების უფლება მისცა. რუსულ მედიაში საკმაოდ ინტენსიურად განიხილავენ რას გააკეთებს ამის საპასუხოდ რუსეთმა. გარკვეულ წილად ნება დართეს, მაგრამ დიდი მასშტაბით მაინც არა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ უნდათ რუსეთ-უკრაინის ომმა ფართომასშტაბის სახე მიიღოს, რადგან რუსეთი ყველაფერზე ხელს აიღებს და მასობრივი განადგურების იარაღის სრულ არსენალს გამოიყენებს.
„რთულია ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან თვითონ დასავლეთში პოლიტიკური ელიტების შეცვლა მიდის. ამერიკაში არჩევნებია დაგეგმილი. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ვგულისხმობ ნატოსა და ამერიკას. მე ასე მგონია, რომ ამერიკაში ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, გინდ კამალა ჰარისი და გინდ დონალდ ტრამპი, კიდევ უფრო შეზღუდავენ ამ უფლებას (დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას)", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ფიქრობს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მაინც მისცენ.
„აქ დასავლეთის იარაღზე კი არა, ამერიკულზეა საუბარი. საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს საკითხი გადაიხედოს. მოგეხსენებათ, უკრაინელებს კიდევ სხვა შეზღუდვებიც ჰქონდათ, მაგრამ მოეხსნათ. ასე რომ, საჭიროებიდან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცენ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".