თამთა ჩაჩანიძე
08.09.2024

ირანი სამხედრო ძალის ამოქმედებით იმუქრება. თეირანი აღშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის გახსნის თაობაზე და მოსკოვს აფრთილებს, რომ სომხეთ-ზერბაიჯანის სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს. გამოიწვევს თუ არა ზანგეზურის დერეფნის საკითხი ახალ რეგიონალურ ომს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში საქართველო?

როგორც „რეზონანსთან" საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, მოსკოვი ახლა მოწყვლად სიტუაციაშია და თუ ირანის ინტერესები არ გაითვალისწინა, არაა გამორიცხული, რომ თეირანმა მისთვის არასასურველი ნაბიჯები გადადგას. რეგიონალური ომი კი ამ მოცემულობით მოსალოდნელი არაა.

კაკაჩიას აზრით, საქართველოსთან მიმართებაში ერთადერთი სავაჭრო-ეკონომიკური შიშებია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია ნაწილობრივ დაკარგოს, თუმცა ჯერ თავად დერეფნის გახსნაა სათუო.

ირანის ულტიმატუმი მოსკოვს

ზანგეზურის დერეფანი გულისხმობს როგორც ავტომაგისტრალს, ისე სარკინოგზო ხაზს, რაც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით დააკავშირებს თავის ექსკლავს ნახჭევანთან და შემდეგ თურქეთთან. ეს გზა სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ გაივლის და არსებული შეთანხმების თანახმად, მისი კონტროლი რუსეთს დაევალება.

თეირანში კი მიიჩნევენ, რომ ამ დერეფნის გახსნა რეალურად სომხეთ-ირანის საზღვრის ბლოკირებას გამოიწვევს და შესაბამისად, ირანი დაკარგავს სომხეთისა და საქართველოს გავლით ევროპასთან დამაკავშირებელ გზას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, ზანგეზურის დერეფნიის ამოქმედების შემთხვევაში, თურქეთი სახმელეთო გზით დაუკავშრდება თავის მთავარ მოკავშირე აზერბაიჯანს, ეს კი რეგიონში თურქეთის როლსა და გავლენას გაზრდის, რასაც ირანი ასევე განიხილავს გამოწვევად თავისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის.

თეირანის გაღიზიანება განსაკუთრებით 18-19 აგვისტოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტმა გამოიწვია, სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ დერეფანი უნდა გაიხსნას, რაც მთიანი ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შემდეგ ხელმოწერილი, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) შეთანხმებაშია ჩადებული, რომლის მიხედვით, მხარეებმა სახმელეთო კორიდორები უნდა გახსნან.

„განიბლოკება რეგიონში არსებული ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირურთიერთობას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა, სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუზღუდავი მოძრაობისათვის. სატრანსპორტო კავშირურთიერთობაზე კონტროლს ახორციელებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ორგანოები. მხარეების შეთანხმებისამებრ უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც აკავშირებენ ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან",- წერია შეთანხმებაში.

ამის საპასუხოდ, ამავე შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს სომხური მხარისთვის უნდა გაეხსნა ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს დააკავშირებდა ყარაბაღის იმ ნაწილთან, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ადგილობრივი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იქყო.

თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც 2023 წლის მოვლენების შემდეგ, ყარბაღი და მისი დედაქალაქი სტეპანაკერტიც ეთნიკური სომხებისგან მთლიანად დაიცალა, ლაჩინის დერეფნის გახსნას აზრი დაეკარგა.

სააგენტო „ტასნიმთან" ინტერვიუში ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა ფადაჰოსეინ მალეკიმ განაცხადა, რომ ირანი მოსკოვისგან მოელის, რომ თავს შეიკავებს პარადოქსული ქცევისგან თეირანთან ურთიერთობაში.

„ირანის დიპლომატია გადამწყვეტ პასუხს გასცემს რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელ პოზიციას ზანგეზურის დერეფნის მხარდასაჭერის გამო", - განაცხადა დეპუტატმა.

მალეკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ეროვნული ინტერესები არის „წითელი ხაზი", რისი გადაკვეთაც ირანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე თქმით, რეგიონში „რუსეთის ორმაგი სტანდარტი და ზანგეზურის დერეფნის შექმნის სურვილი ზურგში დარტყმას ნიშნავს". მისი შეფასებით, თუ ირანის საზღვრებს საფრთხე დაემუქრება, იგი „გადამწყვეტ პასუხს" მოამზადებს.

ირანული სააგენტო „მეჰრი" წერს, რომ რუსეთის გეგმების თავიდან ასაცილებლად თეირანს გადაწყვეტილი აქვს გამოიყენოს ნებისმიერი ინსტრუმენტი, მათ შორის სამხედრო ძალა.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანის ამ გაფრთხილების პარალელურად, ოფიციალური თეირანი ერთმანეთის მიყოლებით აგზავნის სიგნალებს ომისთვის მზადყოფნის შესახებ „რეგიონში ისლამური რესპუბლიკის ინტერესების დაცვის სახელით".

„ამავდროულად, გაუგებარია, როგორ შეიძლება ირანის საზღვარზე გამავალმა რკინიგზამ გადაკეტოს სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით ირანის გასასვლელი შავ ზღვაზე. ყოველივე ამის შემდეგ, ამ სატრანსპორტო კომუნიკაციებს რუსეთის სასაზღვრო ჯარები რომც აკონტროლებდნენ, ისინი მაინც ვერ შეწყვეტდნენ სახმელეთო მიმოსვლას ირანსა და სომხეთს შორის", - აღნიშნავს აზერბაიჯანული „ჰაქქინ.აზ".

წყარო სტატიას ანალიტიკოსთა მოსაზრებასაც ამატებს, რომელთა აზრით, „თეირანის შეურიგებელი პოზიცია „ზანგეზურის დერეფნის" გახსნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ ეს სატრანსპორტო არტერია უზრუნველყოფს პირდაპირ სახმელეთო კავშირს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ნახიჩევანის გავლით, რის შედეგადაც ცენტრალური აზიის თურქულენოვანი რესპუბლიკები ევროპისკენ უფრო მოკლე მარშრუტს მიიღებენ, ვიდრე ახლანდელი მარშრუტია საქართველოს გავლით".

ირანის პოზიციას ბრიტანული „გარდიანიც" ეხმიანება. მათი ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ აბას არაღჩიმ „უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთი გააკრიტიკა" მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთ-ირანის საზღვარზე სახმელეთო დერეფნის შესახებ.

„რეგიონული მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა არ არის მხოლოდ პრეფერენცია, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საყრდენია. ნებისმიერი საფრთხე ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან ან დასავლეთიდან ჩვენი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისადმი ან საზღვრების შეცვლის მცდელობა სრულიად მიუღებელია და ირანისთვის წითელი ხაზია", - ამბობს არაღჩი.

„გარდიანი" წერს, რომ ეს განცხადება, შესაძლოა, მიუთითებდეს ირანის ახლად არჩეული მთავრობის მზადყოფნაზე, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი და ირანი აპირებენ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას, თუმცა მისი შინაარსი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ირანის მთავრობაში არსებობს გარკვეული დაძაბულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიპლომატიური საფასურის გადახდა შეიძლება მოუწიოს თეირანს რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაღრმავების სანაცვლოდ.

ამასთან, გასულ კვირას ირანის საგარეო უწყებაში დაიბარა რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი, რათა მოსკოვის პოზიციის გამო უკმაყოფილება გამოეხატა. ირანში აცხადებენ, რომ არ სურთ მოსკოვის წახალისებით საზღვრებზე კონფლიქტი გაჩნდეს.

მოსალოდნელია თუ არა ახალი ომი

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ რეგიონალური ომის კონტურები არ იკვეთება. ეს უფრო გაფრთხილებაა ირანის მხრიდან, რომ რუსეთმა მისი ინტერესები გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც რუსეთის მნიშვნელოვნად დააზარალებს, თუნდაც უკრაინასთან ომში სამხედრო დახმარების შეწყვეტა და სხვა. მისი თქმით, საქართველომ ასეთ შემთხვევაში გონივრული და გააზრებული ნაბიჯები უნდა გადადგას და განსაზღვროს ვინ მტერია და ვინ მოყვარე.

„არ მგონია, რომ ამას რაღაც სერიოზული მოჰყვეს. ომზე ნაკლებად უნდა ვისაუბროთ. ესაა ირანის მხიდან პოლიტიკური განცხადება, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთი მისი მოკავშირეა. ისინი კარგა ხანია სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშკრულებებს ამზადებენ. ასევე ირანი რუსეთს უკრაინის ომში ეხმარება დრონებით და სხვა იარაღით. თეირანს სწორად მიაჩნია, რომ რუსეთმა ყარაბაღის ომში უფრო ირანის ინტერესებო უნდა დაიცვას, რადგან ირანს არ აწყობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი დერეფანი, რადგან იგი თურქეთსაც ისტორიულად მის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

„ირანს მიაჩნია, რომ მას ეკეტება პირდაპირი საზღვარი სომხეთთან, ევროპასთან და ეს მისი ინტერესებისთვისაა სასიოცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც მთავარია ორი თურქული სახელმწიფოს გაერთიანება მას ისტორიულად არ აწყობს. ის ამ მომენტში რუსეთისგან ელოდა და ელოდება, რომ მხარს თეირანს დაუჭერს და ახლა აფრთხილებს", რომ თუ პოზიციას არ შეცვლიან, მაშინ შეიძლება ირანმაც აგრძნობინოს თავისი უკმაყოფილება სხვადასხვა მეთოდებით", - განაცხადა კაკაჩიამ.

კითხვაზე, სხვა რა მეთოდებით შეიძლება აგრძნობინოს და შეუწყვეტს თუ არა სამხედრო დახმარებას ირანი რუსეთს უკრაინასთან ომში, კაკაჩიამ განაცხადა:

„ყოველ შემთხვევაში, რაღაც დიპლომატიური ნაბიჯი იქნება გადადგმული, უკრაინის ომში დახმარება იქნება თუ სხვა. მათ უამრავი საერთო ინტერესები აქვთ. დღეს რუსეთს ირანი უფრო სჭირდევბა, ვიდრე ირანს რუსეთი ამ უკრაინის ომიდან გამომდინარე და ამიტომ მოსკოვი უფრო მოწყვლად სიტუაციაშია.

„ჩვენ ეს ჯერ პირდაპირ არ გვეხება. თან ჯერ ეს კიდევ სათუოა, თუ რამდენად გავა გზა. ერთადერთი სავაჭრო-ეკონომიკური შიშებია, რომ თუ ზანგეზურის დერეფანი გაიხსნა, არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია, რომელიც აქვს, ნაწილობრივ დაეკარგოს. თუმცაღა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ დერეფანი საკმაოდ ვიწროა და იმდენ ტვირთს მაინც ვერ გაატარებს, რომ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.

„ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივხვდეთ ვინაა მტერი და მოყვარე და აქედან გამომდინარე გადავდგათ ნაბიჯები, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×