ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატოს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.
„3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან ნატოს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა", - წერს გაბრილიუს ლანდსბერგისი „ტვიტერზე"
შეგახსენებთ, კვირას ღამით უკრაინის თავზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიაზე ნამსხვრევებს ეძებდა. ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო დრონი ქვეყნის აღმოსავლეთით და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
სამხედრო ექსპერტისა და საგარეო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, სავარაუდოდ, ნატო ჯერ მეოთხე მუხლს აამოქმდებს და ამან თუ ინტენსიური სახე მიიღო, მეხუთესაც.
„სავარაუდოდ, ნატო აამოქმედებს მეოთხე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებას, რადგან ეს მოხდა ალიანსის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო დრონის მეშვეობით, და მე-4 მუხლი გულისხმობს კოლექტიური თავდაცვის ამოქმედებას. თუ ამან ინტენსიური ხასიათი მიიღო შესაძლოა მეხუთე მუხლიც ამოქმედდეს (მე-5 მუხლის თანახმად, ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად ფასდება). ჯერჯერობით გაივლიან კონსულტაციებს და გადაწყდება რა კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიებს მისცემენ ლიეტუვას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ნატომ და ამერიკამ სამხედრო კონტიგენტი რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს უნდა გაზარდოს, ვინაიდან რუსეთის შეკავება სხვანაირად შეუძლებელი ხდება.
„პირველ რიგში უნდა გაძლიერდეს რაკეტ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ნატოს წევრ ქვეყნებში, რომლებიც უშუალოდ რუსეთს ესაზღვრება, ან შედარებით ახლოს მდებარეობს. ჩვენ ვიცით, რომ ჭურვი ასევე პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. რუმინეთშიც დაფიქსირდა დრონი, რომელიც ასევე ნატოს წევრი სახელმწიფოა.
„ასე რომ ნატოს ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გაზარდოს საკუთარი სამხედრო კონტიგენტი. ბალტიისპირეთში გაზარდეს კიდეც, დამატებით განათავსდა ამერიკის სამხედრო კონტიგენტი, ასევე, რუმინეთსა და ბულგარეთშიც, მაგრამ ეს საკმარისი არაა და კიდევ უფრო გაძლიერდეს ამერიკისა და ნატოს სამხედრო ძალების ყოფნა რუსეთის სიახლოვეს.
„აქ არაა ლაპარაკი, რომ მათ შორის ომი უნდა დაიწყოს, თუმცა, ფაქტია, რუსეთის შეკავება ძალის დემონსტრირების გარეშე შეუძლებელია. ასევე, მათი შეკავება დამატებითი შესაბამისი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო დაინსტალირებითაა შესაძლებელი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".