უკრაინის ფრონტზე ყველაზე დაძაბული ვითარება დონეცკის ოლქშია - რუსები დღე-ღამეში 15-მდე შტურმს ახორციელებენ. საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია 13. იერიშები იყო სუმის ოლქშიც. დაიჭრა 2 ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი ვოდიანე აიღეს და რამდენიმე საბრძოლო მიმართულებებზე წინ წაიწიეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 9 სექტემბრის ღამეს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამი "Kh-59/69" ტიპის მართვადი რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 8 დრონი გაუშვა. უწყება ამბობს, რომ მოახერხეს ორი რაკეტისა და 6 დრონის ჩამოგდება. გავრცელებული ინფორმაციით, ორი დრონი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაიკარგა უკრაინის ტერიტორიაზე.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, ჩერკასის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. ქალაქ ხარკოვის მერმა დაწერა, რომ თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, თუმცა, არავინ დაშავებულა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ კი განაცხადა, რომ ყველა დრონი, რომელიც ქალაქს ესხმოდა თავს, ჩამოაგდეს. მან აღნიშნა, რომ ეს იყო მეხუთე თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან.
წინსვლა აქვთ უკრაინის შეირაღებულ ძალებსაც. მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის „აზოვის“ ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში ნიუ-იორკის დასახლების ნაწილის დაბრუნება მოახერხეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიგადის ტელეგრამის არხზე გავრცელდა.
ამავდროულად, როგორც DeepState-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, "აზოვის" ბრიგადის ამ ნაწილში გადასროლა სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნელიპოვკა-ნიუ-იორკის დასახლებული პუნქტების სექტორში ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მოხდა. ანალიტიკოსების მონაცემებით, ნიუ-იორკის დასახლებაში მოხერხდა რუსების განდევნა ფენოლის ქარხნიდან, რომელიც ადგილზე მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, ასევე ოკუპანტები განდევნეს ჩრდილოეთ გარეუბანში კერძო სექტორის ნაწილიდანაც.
"რაც ყველაზე მთავარია - მოწინააღმდეგეს ნელიპოვკისკენ გადასასვლელი გადაეჭრა." - აცხადებენ ანალიტიკოსები.
როგორც "აზოვის" ბრიგადა იტყობინება, იმ დროს, როდესაც ბრიგადა ტორეცკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებებში ჩაება, სიტუაცია საბრძოლო კონტაქტის ხაზზე "კატასტროფული" იყო, თუმცა, "აზოვმა" მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაცია, ნიუ-იორკის ნაწილის კონტროლის ქვეშ დაბრუნება და მტრის ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროების გათავისუფლება.
იტალიაში გამართულ ფორუმზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
"როდესაც თქვენ, მაგალითად, იტალია ან რომელიმე სახელმწიფო საუბრობს, რომ ეშინიათ, ჩვენ თავს არ დავესხათ კრემლს. უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ის შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც თქვენ ან სხვა პარტნიორებს აქვთ, ფარავს და მუშაობს მხოლოდ 200-300 კილომეტრზე.
„ეს ხუმრობით, მაგრამ რა თქმა უნდა საქმე ძალიან სერიოზულად არის. ხაზგასმით ვამბობ ეს იარაღი გვჭირდება და ვიყენებთ სამხედრო მიზნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გამართული იარაღი, რომელიც მუშაობს 100 და 300 კილომეტრ მანძილზე სულ ეს არის, არანაირი სხვა იდეა აქ არ არის. გარდა ამისა, ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების საკითხს ჯო ბაიდენთან სექტემბერში ამერიკაში განიხილავენ.
ზელენსკის ინფორმაციით, ის მსოფლიო ლიდერებთან ამ საკითხზე უკვე მუშაობს და იმედოვნებს, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებს სექტემბერში, ჯო ბაიდენთან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე შეაჯამებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ბორის პისტორიუსს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს და ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დღეს კი იტალიაში, პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.
„თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია სექტემბერში გენერალურ ასამბლეაზე გამგზავრების საშუალებას მომცემს, ჩვენ შევაჯამებთ ყველა ამ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. შედეგის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლელ პარტნიორებს შორის „ჯერ არ არის კონსენსუსი“ რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„მახსოვს, როგორ ვმუშაობდით შესაბამისი იარაღის გამოყენებაზე დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე. მაშინაც არ იყო კონსენსუსი. მაგრამ მნიშვნელოვანია, იპოვო გასაღები, თუნდაც ერთი ქვეყნისთვის და მაშინ სხვებიც შეიძლება მიჰყვნენ. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ ახლა რუსების ძირითადი დაწოლა პოკროვსკის მიმართულებაზე ხდება და პუტინი ცდილობს კურსკი საერთოდ არ შეიმჩნიოს. ამიტომ გენერალი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მან დანაყოფების კურსკში გადაყვანის ბრძანება, ყველაზე წყნარი რაიონებიდან გასცა.
„თუკი უკრაინელებმა კურსკის ტერიტორიების შენარჩუნება შეძლეს და რუსების კონტრშეტევები ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად მოიგერიეს, პუტინს ძალაუნებურად მოუწევს ბრძანების გაცემა სხვა რაიონებიდან უფრო გამოცდილი დანაყოფების გადმოსროლის შესახებ.
„რაც შეეხება დასავლეთიდან მიღებულ დახმარებას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ეს თემაა საინტერესო და ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები ამიტომაც განახორციელა. აუცილებელია ახალი სისხლი, ახალი ხედვები, რადგან ახალმა ხელმძღვანელმა თავის გუნდთან ერთად შესაძლოა უფრო კარგად იმოქმედოს.
„ახლა მთავარი არის დასავლეთიდან უკრაინელებმა იარაღის რუსეთის ტრიტორიაზე გამოყენების ნებართვა მიიღონ. ზოგმა ქვეყანამ, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევენ უკრაინას, ასეთი შეზღუდვები მოხსნეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. უკრაინელებს ლოკალური კონფლიქტი არ აქვთ, ეს არის დიდი ომი და უფრო მეტია საჭირო.
„დარწმუნებული ვარ ეს ფაზა, რომელიც უფრო მოიკლებს და ეს დრო გამოყენებული იქნება დიპლომატიური მოქმედებისთვის. უკრაინას მიეცემა ბევრი ქვეყნისგან უფლება, რომ იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ“, - ამბობს გენერალი.
მისივე თქმით, ახლა არის ის მომენტი, როცა ფრონტის ხაზზე კრიტიკული ვითარება არ არის. ამიტომ გენერალი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ორივე მხარე ფრონტის ხაზზე რაღაცა წარმატებას აღწევს. უკრაინას კურსკის მიმართულებაზე ის პოზიციები რომელიც დაიკავა ამ ეტაპზე შენარჩუნებული აქვს. ასევე პროკოვსკის მიმართულებაზე, რუსების ზეწოლის მიუხედავად, მაინც დიდ წინააღმდეგობას უწევენ.
„რუსები ზამთრის დადგომამდე პროკოვსკის აღებას ვერ შეძლებენ. უკვე სამხრეთით დაიწყეს რუსებმა დახევა. პოკროვსკი მეორე ეშელონის ხაზია, რადგან სლავიანსკი - კრამტოვსკის სწორედ მისი მეშვეობით არის გამაგრებული. აი ამის აღების შემდეგ რუსები, რა თქმა უნდა, დონბასის საზღვრამდე გავლენ. უკვე დღეს პროკოვსკამდე 8 – 10 კილომეტრია დარჩენილი, თუმცა, ეს არის კარგად გამაგრებული დასახლებული პუნქტი. რუსებს უკრაინელებმა აჩვენეს დასახლებულ პუნქტში ბრძოლა როგორ არ უჭირთ“,-ამბობს კაპანაძე.