ნატალია ჯვარიძე
10.09.2024

წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტი, რომელიც პირველი სამიტისგან იმით განსხვავდება, რომ იქ რუსეთიც იქნება მიწვეული. დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი აქვს, რომ ომი წელსვე დასრულდება. ამასთან, უკრაინაში იზრდება რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მომხრეთა რაოდენობა.

რამდენად რეალურია წელს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება და საბრძოლო მოქმედებების შეჩერება? ასევე დაესწრება თუ არა რუსეთო მეორე სამშვიდობო სამიტს?

„წინასწარ რთულია ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მხარეს ეწურება რესურსები და რაც მთავარია - მხარდაჭერაც, რადგან ყველა მატერიალური, ფინანსური, თუ სამხედრო დახმარება, რასაც ისინი მოკავშირეებისგან იღებენ, ყველაფერი ამოწურვადია", - აცხადებს საგარეო პოლიტიკის ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას.

ესპანური „ეფე" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკის ომის მისთვის მისაღები პირობებით დასრულება უკვე ამ შემოდგომაზე სურს და იმედი აქვს, რომ დაითანხმებს ჩინეთსა და ინდოეთს, რათა მათ რუსეთზე მოახდინონ ზეწოლა.

„იმის გაცნობიერებით, რომ ფრონტზე დადებითი პერსპექტივა არ ჩანს და არსებობს რისკი, რომ ზოგიერთი მოკავშრესაგან დახმარება შემცირდება, უკრაინის პრეზიდენტი მუშაობს ცალმხრივ საგზაო რუკაზე ამ შემოდგომაზე ომის დასასრულებლად და რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის იმედი აქვსკიევისთვის მისაღები პირობებით მშვიდობის მისაღწევად", - წერს გამოცემა.

მათივე შეფასებით, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული არმიის შესვლაც ამ გეგმის ნაწილია და განიხილება, როგორც მოსკოვზე ზემოქმედების დამატებითი ბერკეტი.

ამის პარალელურად, ზელენსკის მომზადებული აქვს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად წარუდგენს მოკავშირეებს. წლის ბოლოს კი დაგეგმილია მშვიდობის მეორე სამიტის გამართვა, სადაც, პირველისგან განსხვავებით, რუსეთიც იქნება მიწვეული.

ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნალი" კი წერს, რომ, როგორც უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რუსეთთან მოლაპარაკებების მხარდაჭერა გაიზარდა და სულ უფრო მეტი უკრაინელია თანახმა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.

როგორც გამოცემა წერს, მარტის დასაწყისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებს, რომ უკრაინელების 43% რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა, 54%-ს ბრძოლის გაგრძელება სურს.

„დასავლური საზოგადოება ომით გადაიღალა და, რა თქმა უნდა, უკრაინელებიც. ეს არ არის ყველაზე ოპტიმისტური მომენტი უკრაინისთვის, მაგრამ სამხედრო კატასტროფა არ მომხდარა. ომი წაგებული არაა", - ამბობს „უოლ სთრით ჯორნალთან" ინტერვიუში პოლკ „აზოვის" ყოფილი მეთაური ანდრეი ბილეცკი.

მისივე თქმით, უკრაინის საზოგადოებაში განწყობების ცვლილება უარყოფითად აისახება იმ სამხედროების მოტივაციაზე, რომლებიც ბრძოლის ველზე იმყოფებიან.

სტატიის მიხედვით, რუსეთთან გარიგების მიმართ განსაკუთრებით სკეპტიკურად არიან განწყობილი სამხედრო პირები. მათგან მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებებით უნდა დაასრულოს ომი. ჯარისკაცები და ვეტერანები ეჭვობენ, რომ პუტინი ომში პაუზას სამხედრო ძალების გასაძლიერებლად და ახალი შეტევის წამოსაწყებად გამოიყენებს. ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობის შემთხვევაში დაღუპული მეგობრების მსხვერპლი ამაო იქნება.

რამდენად რეალურია შეთანხმების მიღწევა

სამხედრო ანალიტიკოსის და საგარეო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, საეჭვოა ამ სამიტის ფარგლებში მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ, ვინაიდან არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებიან.

„ამ ეტაპზე მე ეჭვი მეპარება რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. რუსეთმა დააყენა საკითხი, რომ სანამ კურსკის ოლქის პრობლემა არ გადაიჭრება, უკრაინასთან არაფერზე შეთანხმდება. უკრაინასაც დაახლოებით იგივე მიდგომა აქვს. ასე რომ, არ მგონია მხარეებმა პოზიციები რაიმე კუთხით შეაჯერონ.

„გარდა ამისა, უკრაინა უარს ამბობს რუსული სამშვიდობო მოლაპარაკების პლატფორმებში მონაწილეობაზე, რომლებსაც რუსეთის მოკავშირეები აწყობენ და პირიქით, რუსეთიც უარზეა იმ სამშვიდობო პლატფორმებში მონაწილეობაზე, სადაც უკრაინის მომხრეები არიან ჩართული. ინდოეთი კი ცდილობს, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ მგონი აქაც არაფერი გამოვა. მე ეჭვი მეპარება რუსეთი აღნიშნულ სამიტს დაესწროს, შანსი 50/50-ზეა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

კორნელი კაკაჩიას კი მიაჩნია, რომ ამ სამიტის ფარგლებში გაირკვევა რამდენად მზად არიან მხარეები მოსალაპარაკებლად.

„რუსეთი მაინც ცდილობს არ შეიმჩნიოს, რომ რესურსები ეწურება და ის გამარჯვებულის როლიდან პოზიციონირებს. ამ სამიტის მიზანია, რომ დასავლეთთან ერთად კიდევ ერთხელ მოისინჯოს, თუ რამდენადაა რუსეთი დაინტერესებული შეთანხმების მიღწევით. თუ გადავხედავთ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს, მაინც და მაინც დიდ ინტერესს არ იჩენენ, მაგრამ თუ ამაში ჩაერია ჩინეთი, ინდოეთი და სხვა სახელმწიფოები და რაც მთავარია, რუსეთისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება, არ არის გამორიცხული ამით დაინტერესდეს.

„თუმცა, სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ასე მარტივი არ იქნება და შესაძლოა ამას თვეები და წლებიც კი დასჭირდეს, რადგან კონფლიქტი დიდი ხანია მიდის. მთავარია რამდენად მოახერხებენ მხარეები საერთაშორისო ჩართულობის ფარგლებში პირველი ნაბიჯების მოსინჯვას, რომ გაიგონ ერთმანეთის პირობები, რომელიც ხშირად ურთიერთგამომრიცხავია", - აღნიშნავს კაკაჩია.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ იქნება შუამავლების როლში.

„არ ვიცი მეორე სამშვიდობო სამიტს დაესწრება თუ არა რუსეთი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ იქნება მომრიგებლების როლში. ბუნებრივია, მარტო დასავლეთის ჩართულობით რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს. თუ ამაში იქნება ჩართული ჩინეთი, ინდოეთი ან „ბრიქსის" სხვა სახელმწიფოები, გამორიცხული არაა რუსეთმა მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შუამავლების როლი მნიშვნელოვანია და ასევე, რუსეთმა უნდა ნახოს მისთვის საინტერესო ფორმულა, ისევე როგორც უკრაინამ და ეს არ იქნება ადვილი მისაღწევი. ამიტომ, ალბათ უმჯობესია პირველ ეტაპზე პირობებზე ლაპარაკი არ იყოს და რაღაც მოთელვასავით გააკეთონ, რომ გაიგონ მხარეები რისთვის არიან მზად. პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომელიც ჯერჯერობით რუსეთის მხრიდან არ შეიმჩნევა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×