პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან იმ პირობებით, რაც აქამდე იყო შეთანხმებული. მისი თქმით, სომხეთის რესპუბლიკა, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმებული დებულებები მოიცავს ურთიერთობის დამყარების ყველა ძირითად ქვაკუთხედს, ფუნდამენტურ დებულებას, რომელიც აღიქმება საერთაშორისო დონეზე, სთავაზობს, რომ ყველა შეთანხმებულ დებულებას, ხელი მოეწეროს.
„ამ ბოლო დროს გსმენიათ, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების 80% შეთანხმებულია, ასეთი განცხადებები გაკეთდა სხვადასხვა პლატფორმებიდან და მინდა განვაცხადო, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში. ამ მომენტში სრულად არის შეთანხმებული 13 მუხლი და სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის პრეამბულა, ხოლო კიდევ 3 მუხლი, რომელიც ძირითადად, ორი წინადადებისგან შედგება, ნაწილობრივ შეთანხმებულია. უფრო არსებითად, რომ ვთქვათ, ამ მუხლის ერთი წინადადება შეთანხმებულია, მეორე არა", - აღნიშნა ფაშინიანმა ფორუმზე „ერევნის დიალოგი".
„შეიქმნას ფუნდამენტური დოკუმენტი, შემდეგ კი გაგრძელდეს დისკუსია დანარჩენ საკითხებზე, მითუმეტეს, რომ ეს წარმოადგენს სამშვიდობო ხელშეკრულების ერთ-ერთ შეთანხმებულ მუხლს, რომელიც ითვალისწინებს მექანიზმს, რომელიც ორივე მხარეს, როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს, მისცემს შესაძლებლობას გააგრძელონ დისკუსია ერთობლივი მექანიზმით", - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი შეთანხმებული მუხლი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებას ეხება.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილებები, ჩვენ გავაკეთეთ ეს შეთავაზება საჯაროდ და ოფიციალურად და მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი მზადყოფნა, ჩემი მზადყოფნა, სწრაფად მოვაწეროთ ხელი მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების შეთანხმებულ ტექსტს", - განაცხადა პრემიერმა.
რატომ ჩქარობს სომხეთი
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშილს მიაჩნია, რომ ფაშინიანი ცდილობს სანამ დროა, რისი გადარჩენაც შეუძლია, გადაარჩინოს. მისივე თქმით, შეთანხმებაში ხელს აზერბაიჯანული პოზიციები უშლის.
„სომხეთი აშკარად ჩქარობს, რადგან მიაჩნია, რომ შეიძლება შემდეგ პროცესები შეჩერდეს. მე მაინც მგონია, რომ აქ რუსეთის ფაქტორიც არის. ის ძალიან უშნოდ და თავხედურად ერევა. როგორც ჩანს, ფაშინიამა დაინახა, რომ რაც მიაღწია აზერბაიჯანმა თურქეთის დახმარებით, ახლა სურს გააგრძელოს რუსეთის დახმარებით.
„ფაშინიანს უნდა, რომ ეს ყველაფერი გააჩეროს და რაც შეიძლება სწრაფად მოაწერონ ხელი სამშიდობო ხელშეკრულებას. ის საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკოსი ჩანს, მე მომწონს მისი პოლიტიკა. კრიტიკულ სიტუაციებში საღი ხედვა აქვს და უნდა, რომ გადაარჩინოს ის, რისი გადარჩენაც შეუძლია, რადგან ახლა თუ არ გააკეთა, შემდეგ სომხეთს ძვირად დაუჯდება.
„ამით ფაშინიანი მსოფლიოს ატყობინებს, რომ სომხეთი შეთანხმებისთვის მზადაა. თუ არ ვცდები 13 პუნქტი შეთანხმებულია, 3 დარჩა და მოდი ამ 13-ს მაინც მოვაწეროთ ხელიო, ფაშინიანი ამბობს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ის ჩქარობს. ამასთან, ის მსოფლიოს ეუბნება, რომ თუ მხარეებს შორის დაძაბულობა გაიზრდება, ეს სომხეთის ბრალი არ იქნება. მე მის სიჩქარეს ასე ვაფასებ და მიმაჩნია, რომ ამაში ლოგიკა დევს.
„შეიძლება აზერბაიჯანმა და რუსეთმა რაღაც შეთანხმებას მიაღწიეს, რომ რუსეთმა ამაში ხელი არ შეუშალოს, ფაშინიანი ამას დარდობს. რუსეთი ამ შეთანხმებას ხელს არ უშლის. ჩემი აზრით, ხელს აზერბაიჯანის პოზიციები უშლის. მას გარანტირებულად უნდა, რომ მომავალში აღარ არსებობდეს აზერბაიჯანისთვის სომხური გამოწვევები. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის პრეტენზიები.
„იმის მიუხედავად, რომ სომხეთი ამას უარყოფს, აზერბაიჯანი მაინც თვლის, სომხეთის კონსტიტუციაში, სიმბოლიკაში და ა.შ. არსებობს რაღაც საფრთხე აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აზერბაიჯანს თავისი ლოგიკა აქვს, ისე არ არის, რომ მას მშვიდობა არ უნდა. პირიქით, მისი სურვილია ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობა იყოს, თუმცა, მას თავისი პირობები აქვს. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ბევრი მითითებებია ყარაბაღზე, ასევე კონსტიტუციასა და სხვა კანონებში ბევრი რამე დასრულებული არაა და ის მოითხოვს ამის დასრულებას. ამასთან, სომხეთის ტერიტორიაზე დღემდე არსებობს მთიანი ყარაბაღის ინსტიტუტები, სამინისტროები და ა.შ. ეს ყველაფერი მათთვის საფრთხეს ნიშნავს.
„აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რუსეთი მის მხარესაა და არა სომხეთის, ეს ერთის მხრივ კარგიცაა, რადგან სომხეთი უფრო თამამად დაიწყებს ევროპისკენ მოძრაობას. აშკარად რუსეთის პოლიტიკა სომხეთის მიმართ მთლიანად ამოიწურა და სომხეთს რუსეთისგან არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, არსებობს გარკვეული სირთულეები, რის გამოც მხარეები ვერ თანხმდებიან, თუმცა, მისივე თქმით, სადაც შეთამხების სურვილი არსებობს, იქ ამის შესაძლებლობაც იქნება.
„ნებისმიერი პასუხიმგებელი ხელისუფლება ზრუნავს საკუთარი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე. რასაკვირველია, ფაშიანიანის გუნდსაც იგივე სურს. აქ სხვა საკითხებია, რა პირობებია შეთანხმებული, რა შეუთანახმებელი და რა არის ოფიციალური ბაქოს ოფიციალური პოზიცია.
„ჩვენ ვიცით, რომ ამ ორი ქვეყნის დაახლოებაზე და გრძელვადიანი მშვიდობის გაფორმებაზე მუშაობს არაერთი მათთვის საგარეო აქტორები: ევროპა, აშშ, თურქეთი, რუსეთი და მათ შორის საქართველოც, მაგრამ, აქ საკმაოდ კომპლექსური ვითარებაა, რადგან ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ რთულია ხალხთა შორის ნდობის აღდგენა, ხელისუფლებათაშორის გამართული დიალოგის განმტკიცება და ა.შ.
„თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობით, ამისთვის საჭიროა აქ კონფლიქტის ყველა კერა ჩაქრეს, არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორისაც.
„რუსეთს დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ვხედავთ, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით პერსპექტივა არ ჩანს, თუმცა „ქართული ოცნებიდან" არის მყარი დაპირებები, რომ მეოთხედ არჩევის შემთხვევაში იკვეთება სერიოზული სურათი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობის გზით აღდგენა.
იმედი ვიქონიოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე დაწყებული ნელი, ფრთხილი შერიგებისა და მშვიდობის დამყარების პროცესი უფრო დინამიურად გაგრძელდება, ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.
„არსებობს გარკვეული სირთულეები, რომელიც ამ პროცესებს ხელს უშლის. მაგალითად ყარაბაღის საკითხი, სხვადასხვა ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის ლეგიტიმურად კონტროლის მინიჭებაზე და ა.შ. ჩვენ ვიცით, რომ ამის გამო, ფაშინიანი კომპრომისებზე, წავიდა, რასაც მასობრივი პროტესტები მოჰყვა სომხეთში. ასევე არსებობს შიდა გამოწვევები. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ფაშინიანის პოლიტიკა „მოღალატეობრივია", მაგრამ, მთავარია სურვილი, რომლის შემდეგად ყველაფრის დალაგება შესაძლებელია", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".