ნატალია ჯვარიძე
11.09.2024

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე „ატაკამსის" რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია. მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ცდილობენ, დისტანცირება მოახდინონ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობისგან, თუმცა, კრემლი არ ფიქრობს, რომ ეს გამოვა.

„სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ყველა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოდ ამ მომენტში, უბრალოდ, მედიაში მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო კამპანია უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფორმალიზაციისთვის", - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ვიზიტის დროს, შესაძლოა, უკრაინას ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის „ატაკამსის" რაკეტები გამოიყენოს.

სამხედრო ანალიტიკოს და საგარეო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ თუ უკრაინამ „ატაკამსის" იარაღი გამოიყენა, შეეძლება მოსკოვის სიღრმეებში დარტყმა, რასაც წესით, რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ ომში ყველა ომის კანონზომიერება დაირღვა.

„ატაკამსის" რაკეტების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელდეს უფრო მიზანმიმართული დარტყმები, თუმცა, რუსეთს ახლა ზომების მიღების საშუალება აქვს.

„გამორიცხული არაა რუსეთმა განახორციელოს უფრო ინტენსიური დარტყმები და მეტად გააძლიეროს თავისი შეტევები. ამ იარაღით 500 კილომეტრზე შეუძლიათ დარტყმა, ამ მანძილში მოსკოვი ჯდება. თუ „ატაკამსით" მოსკოვს დაარტყეს, რუსეთმა წესით ბირთვული ტაქტიკური იარაღი უნდა გამოიყენოს, ასეთი რთული სიტუაციაა.

„რუსეთს უწერია, რომ თუ მისი ტერიტორია მოირღვევა, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და ვლადიმერ პუტინი ჯერ ვერ იყენებს ამ იარაღს. ვერ გეტყვით როგორი სიტუაცია იქნება, როცა უკრაინელები „ატაკამსებით" დაარტყამენ მოსკოვსა და მის შემოგარენს. ეს ომის სერიოზული გამოცხადებაა. ამ ომმა საერთოდ გადახაზა ყველა კანონზომიერება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსის ლაშა ბერიძის აზრით კი, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ თუ უკრაინამ რუსეთს „ატაკამსის" რაკეტით შეუტია, მათ ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენონ.

„ატაკამსით" დარტყმა იმას შეცვლის, რომ უკრაინას გაეზრდება პოტენციალი, რუსეთის სტრატეგიული ობიექტები „ატაკამსის" რადიუსის ფარგლებში დაუცველი გახდება და უფრო იოლად დააზიანებს. რუსეთის საოკუპაციო ჯარებს მოუწევს კიდევ დამატებითი ძალების გაყვანა და გადაჯგუფება მათივე ტერიტორიაზე.

„ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი არსებობს, მაგრამ, ჩვენ ხშირად მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მუქარა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მუქარაა, თავისი ბირთვული პოტენციალის შეხსენება სხვებისთვის და ა.შ. ასე რომ, არამგონია თუ უკრაინამ „ატაკამსის" რაკეტით შეუტია, რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეგრე რუსებიც ყოველდღიურად უტევენ უკრაინას აღნიშნულ იარაღით", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით, „ატაკამსის" რაკეტა არ იქნება ომში გამარჯვების იარაღი, თუმცა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებაა.

„გააჩნია რა მანძილის რაკეტებს მისცემენ უკრაინელებს, თუმცა, ზოგადად, რაც გააჩნია ახლა უკრაინას, უკვე აღარ სწვდება იმ სტრატეგიული დანიშნულების აეროდრომებს. ვერ ვიტყოდი, რომ ამას რაღაც კარდინალური ცვლილებების მოტანა შეუძლია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანობას გაზრდის. ეს არ იქნება ომში გამარჯვების იარაღი, თუმცა, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×