ნატალია ჯვარიძე
13.09.2024

ახლა რუსები ცდილობენ, რომ მოწინააღმდეგეს კურსკის ოლქის მარცხენა ფლანგიდან შეუტიონ, აცხადებს „რეზონანსთან" სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, რომელიც ფიქრობს, რომ თუკი დასავლეთი უკრაინას მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას მისცემს, ეს ფრონტის ხაზზე სიტუაციას გარკვეულწილად შეცვლის.

„ეს გარკვეულწილად თითქოს ფსიქოლოგიურ ეფექტსაც შექმნის, მაგრამ მთავარია რუსები რა ზომებს მიიღებენ. თუ ეს მოხდება, რუსები უფრო დაშინებულები იქნებიან. მათ ამ მოსალოდნელი დარტყმების გამო 500 კილომეტრის იქით უკვე გაიყვანეს თავიანთი სამხედრო აეროდრომები და საბრძოლო თვითმფრინავები. დაველოდოთ, რა იქნება, იმედია დასავლური იარაღის გამოყენება უკრაინას მეტ პოტენციალს მისცემს", - აღნიშნავს მაისაია.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე წერს, საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა კურსკის ოლქში - ერთის მხრივ რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინელთა კონტროლქვეშ არსებული დასახლება სნაგოსტისაკენ გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რათა მდინარე სეიმის სამხრეთით, გლუშკოვოს რაიონში ჩარჩენილი რუსული ნაწილები დაიხსნან ფაქტობრივი ოპერატიული ალყისაგან, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინელები გადავიდნენ შეტევაზე ამავე რუსული ნაწილების გასანადგურებლად, ამავე გლუშკოვოს რაიონში.

რუსებმა დიდი ძალებით კორენევოდან დაიწყეს. ახლა რუსების კონტრიერიში ერთის მხრივ კორენევოს დებლოკირებას და მეორეს მხრივ გლუშკოვოში მყოფი ნაწილების დახსნას ემსახურება. შეტაკებები დასახლება სნაგოსტში მიმდინარეობს.

უკრაინელთა იერიშს რაც შეეხება, ისინი მდინარე სეიმის სამხრეთით არსებულ რკინიგზის ქსელს მიუყვებიან. თუკი რუსებმა მდინარე სეიმის სამხრეთით ჩარჩენილი თანამემამულეების დებლოკირება ვერ შეძლეს, მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. სამხედრო ხიდები - პონტონები - აქტიურ მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს იმ ფონზე, როცა მათი გადებიდან რამდენიმე საათში პონტონებს უკრაინელები ბომბავენ-ხოლმე.

გიორგი კობერიძის შეფასებით, გამოდის, რომ ამ მიმართულებაზე ორივე მხარეს აქვს სამხედრო ინიციატივა და ყველაფერი მოსწრებაზეა - რუსები შეძლებენ დებლოკირებას თუ უკრაინელები გლუშკოვოში ჩარჩენილი ნაწილების „მოგუდვას". არც ისაა გამორიცხული, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწიოს მიზანს.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რუსებმა მოახერხეს დაჯგუფების შექმნა და მარცხენა მხრიდან შეტევა, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინელები პლაცდარმს ინარჩუნებენ.

„კურსკის ოლქში სიტუაცია ჯერჯერობით სტაბილურია. რუსები ცდილობენ, რომ მარცხენა ფლანგიდან, კურსკის დასავლეთ ნაწილიდან შეუტიონ მოწინააღმდეგეს, შესაბამისად, სუსტი მხარეები დააფიქსირონ და შეტევაზე იქიდან გადავიდნენ, მაგრამ უკრაინელები კურსკის ტერიტორიაზე პლაცდარმს ინარჩუნებენ. ამ ეტაპზე ამ მიმართულებით გარდამავალი ბრძოლები მიდის. როგორც ჩანს, რუსებმა მოახერხეს გარკვეული კუთხით რაღაც დაჯგუფების შექმნა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×