კიევში გადაჭრით უარყოფენ დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინას წლის ბოლომდე საბრძოლო მოქმედებების „გაყინვა" სურს. ლაპარაკია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მომზადებულ „გამარჯვების გეგმაზე", რომელსაც სექტემბრის ბოლომდე ის პირადად ჩაიტანს აშშ-ში. ამის საპირისპიროდ უკრაინაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის შეჩერება და დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნება პირიქით, რუსების ინტერესშია.
რას გულისხმობს ზელენსკის „გამარჯვების გეგმა" და რეალურად რომელი მხარისთვისაა მომგებიანი საბრძოლო მოქმედებების „გაყინვა"?
როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, „უკრაინის გამარჯვების" გეგმაში პირველ რიგში უკრაინის სრული დეოკუპაცია შევა. მისი თქმით, კიევი ახლა მომგებიან პოზიციაზეა და არაფერს დათმობს.
აღსანიშნავია, რომ ამ „გამარჯვების გეგმის" განხილვა წლის ბოლოს უკრაინის მეორე სამშვიდობო სამიტზე იგეგმება, სადაც, პირველი სამიტისაგან განსხვავებით, რუსეთიც იქნება მიწვეული. ზელენსკის იმედი აქვს, რომ ეს გეგმა არა მხოლოდ უკრაინის დასავლელი მოკავშირეების, არამედ რუსეთის პარტნიორების - ჩინეთისა და ინდოეთის მოწონებასაც გაიმსახურებს და ისინი შესაბამის ზეწოლას განახორციელებენ კრემლზე.
რას გულისხმობს „გამარჯვების გეგმა"
გერმანულმა „ბილდმა" 15 სექტემბერს დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სტრატეგია დასავლური შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას და ომის დროებით გაყინვას მოიცავს. გამოცემის ინფორმაციით, მათთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა იმ საშვიდობო გეგმის დეტალები, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო მომავალში ვაშინგტონში აპირებს ჩასვლას.
საუბარია ზელენსკის „გამარჯვების გეგმაზე", რომელსაც ის პირადად გააცნობს როგორც მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს - კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს.
„ბილდის" ცნობით, ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინისათვის რუსეთის ტერიტორიაზე შორი მოქმედების დასავლური შეიარაღების გამოყენების უფლების მიცემას. ამის პარალელურად კი უკრაინა თანხმდება ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტას ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე. ეს კი, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების „გაყინვას" ნიშნავს.
ზელენსკის მრჩეველი დიმიტრი ლიტვინი ამბობს, რომ „ბილდმა" ყალბი ინფორმაცია გაავრცელა.
„ბილდმა" გაავრცელა ფეიკი. მათ არ უნახავთ გამარჯვების გეგმა და იმ რამდენიმე ადამიანიდან, ვინც ამჟამად პრეზიდენტის მიერ არის ჩართული გამარჯვების გეგმის მომზადებაში, არავის უსაუბრია „ბილდთან", - თქვა ლიტვინმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ „მინსკი 3"-ის, ან ნებისმიერ მსგავს ფორმატის შეთანხმებას „რუსეთს არავინ აჩუქებს" და უკრაინა ომის გაყინვის წინააღმდეგია, რის შესახებაც უკრაინის ხელისუფლება ყველა დონეზე საუბრობს.
ლიტვინის თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭიროს უკრაინის „გამარჯვების გეგმას" და არა კაპიტულაციას, ან გაყინვას. ამიტომ ის პირველ რიგში წარედგინება აშშ-ს, რადგან სწორედ ამ ქვეყანას შეუძლია „უზრუნველყოს გეგმის შინაარსის განხორციელება".
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით კი, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და მობილიზაციის გამოცხადებაც დასჭირდება.
„2025 წელი მათთვის - 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი - ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ომიდან გამარჯვებული არ გამოვა, მომავალში - ეს არის 30 წლის ჰორიზონტი - საერთოდ კარგავენ შესაძლებლობას იხილონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან. ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2025 წლის ზაფხულში მათ ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედება შესამჩნევი გახდება", - განაცხადა ბუდანოვმა.
მისი პროგნოზით, 2025 წლის ზაფხულში მოსკოვი დადგება დილემის წინაშე - გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია, ან შეამციროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, რის გამოც შეიძლება კრიტიკულ ვითარებაში აღმოჩნდეს.
ომის დასრულების ახალი ფორმულა
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს,რომ უკრაინა ახლა მომგებიან პოზიციაზეა და უკანდახევას არ აპირებს. მისი თქმით, ომის დასრულების ახალი ფორმულა შესაძლოა ტერიტორიების ურთიერთგაცვლა აღმჩნდეს.
„უკრაინის გამარჯვების" გეგმაში პირველ რიგში შევა უკრაინული ტერიტორიების სრული გათავისუფლება-დეოკუპაცია, შესაბამისად, ოკუპანტების კაპიტულაცია, რომ მათ აღიარონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის უკრაინის ხელისუფლების მთავარი ფორმულა, ამ სტრატეგიაზე დგას და არ აპირებს უკანდახევას.
„ამის საფუძველს უკრაინას ის აძლევს, რომ რუსეთი როგორც აკონტროლებდა სეპარატისტულ ტერიტორიებს, ისე ვეღარ „ქაჩავს". უჭირს თუნდაც მთლიანი დონეცკის ოლქის დაკავებაც კი - სლავიანსკი, კრამატორსკი, ჩასოვ-იარი უკრაინელების კონტროლქვეშაა. ასევე რთული სიტუაცია აქვთ რუსებს ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში. უფრო მეტიც, რუსებს მეორე ფრონტი გაეხსნათ და კურსკი აღმოჩნდა პირდაპირი ოკუპაციის ქვეშ. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები ამბობენ, რომ როგორც კი ომი დასრულდება, ისინი გამოვლენ ამ ტერიტორიებიდან და რუსებს დაუბრუნებენ, თუ უკრაინას თავს დაანებებს.
„ეს არის ამ ომის დასრულების ახალი ფორმულა, ტერიტორიების ურთიერთგაცვლის ვარიანტში, რაც ლოგიკურია. ახლა უკრაინა უფრო მომგებიან მდგომარეობაშია. რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვით ბრძოლებში გადავიდა და ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ, თუმცა კრემლი ამას არ იმჩნევს.
„მეორე სამშვიდობო კონფერენციაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. პირველში რუსეთმა მონაწილეობა არ მიიღო და როგორც ჩანს, მეორეშიც არ აპირებს. უკრაინა ამ შეთავაზებით პირიქით, რუსეთს ხელს უწვდის, რომ მოსკოვმა დაასრულოს დილემური პრობლემების მთელი კასკადი. კონფლიქტის გაჭიანურება არცერთ მხარეს არ აწყობს, რუსეთს მით უმეტეს, რესურსების სერიოზული ხარჯვა მიდის და დიდი პრობლემები ექმნება. ამასთან, სისტემურმა კორუფციამ რუსეთის თავდაცვის რესურსები შეამცირა", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".