ნატალია ჯვარიძე
16.09.2024

58 წლის რაიან უესლი როუთი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სოციალურ მედიაში ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა, - ამის შესახებ „სი ენ ენი" იუწყება. ტელეკომპანიის ცნობით, ივლისში ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როუთმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს მოუწოდა, სროლის შედეგად დაჭრილები მოენახულებინათ და მოკლულის პანაშვიდს დასწრებოდნენ.

„თქვენ და ბაიდენმა უნდა მოინახულოთ საავადმყოფოში ის ადამიანები, რომლებიც ტრამპის მიტინგზე დაიჭრნენ და დაესწროთ მოკლულის პანაშვიდს, რადგან ტრამპი არასოდეს არაფერს გააკეთებს მათთვის", - აღნიშნულია პოსტში, რომლითაც ეჭვმიტანილმა მაშინ კამალა ჰარისს მიმართა.

აპრილში კი მან დაწერა, რომ ტრამპს სურს, ამერიკელები მონებად აქციოს.

„დემოკრატია სასწორზეა, არ შეიძლება დავმარცხდეთ", - დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომლითაც ჯო ბაიდენს მიმართა.

ამასთან, „სი ენ ენი" წერს, რომ ეჭვმიტანილი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდა. 2022 წელს მან დაწერა, რომ მზად იყო, უკრაინისთვის ბრძოლაში დაღუპულიყო. „ჩვენ უნდა გადავწვათ კრემლი", - აღნიშნულია როუთის პოსტში.

ამასთან, „სი ენ ენის" მიერ მოპოვებულ ვიდეო და ფოტოების მიხედვით, ეჭვიმიტანილი, რომელიც სამართალდამცველებმა დონალდ ტრამპის შესაძლო მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, 22 წელს უკრაინაში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გოლფს თამაშობდა, სროლა მოხდა. ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ მომხდარი, როგორც ჩანს, მკვლელობის მცდელობა იყო. ეჭვმიტანილი დაკავებულია.

მედიის ინფორმაციით, ის შუახნის მამაკაცი, რაიან უელსი როუთია. საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შეიარაღებული თავმდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა იმ ადგილას, სადაც ეჭვმიტანილი იყო, AK-47 სტილის თოფი, კამერა და ზურგჩანთები იპოვეს.

საგარეო პოლიტიკის ექსპერტს, კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ ეს ინციდენტი ტრამპს ნაწილობრივ დაეხმარება იმაში, რომ თავი მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს და ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებზე იმოქმედოს.

„ადგილობრივი კონსტექსტის ცოდნის გარეშე ცოტა რთულია იმის თქმა, თუ რა გავლენა ექნება ამ შემთხვევას მოახლოებული არჩევნების შედეგებზე, თუმცა ბუნებრივია, თუ ეს დადასტურდა, ნებისმიერი ასეთი მცდელობა ტრამპს ნაწილობრივ ეხმარება იმაში, რომ თავი მსხვერპლის როლში წარმოაჩინოს. განსაკუთრებით იმ ამომრჩევლების თვალში, რომლებსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ ხმა ვის მისცენ და შესაძლოა, ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპის მხადრამჭერების რაოდენობა არც ისე დიდია და გამორიცხული არაა ეს წინასაარჩევნო კამპანიას წაადგეს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსსა და საგარეო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას კი მიაჩნია, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ამ ინციდენტს იგივე ეფექტი ჰქონდეს, როგორც წინა შემთხვევას (ტრამპის მკვლელობის პირველი მცდელობა). მისივე თქმით, წლევანდელი არჩევნები გაცილებით დაძაბული იქნება, ვიდრე 4 წლის წინ.

„ჩემი აზრით, ეს დიდად გავლენას ვერ მოახდენს. პირველი მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ეფექტი, რასაც ვერ ვიტყოდი ამაზე. თუმცა, საკმაოდ დაძაბული არჩევნები იქნება.

„მოგეხსენებათ, 2020 წლის არჩევნები ისე წარიმართა, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა და ძლივს გადაგორდა. როგორც ჩანს, ანალოგიური ტენდენციები უკვე შეინიშნება. ასე რომ, არ იქნება იოლი არჩევნები და საერთოდ მგონია, რომ გაცილებით უფრო ცხელი არჩევნებია მოსალოდნელი, ვიდრე 4 წლის წინ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×