ელზა პაპოშვილი
16.09.2024

უკრაინის ფრონტზე სიტუაცია კვლავ რთულია. კურსკის მიმართულებით კი უკრაინელების წინსვლა ამ ეტაპზე შეჩერებულია, თუმცა  პოზიციებზე ადგილს მყარად იკავებენ. რუსები კი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებენ. ბოლო დროს მათი მთავარი სმაიზნე ხარკოვია. 

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს - 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება.

„2025 წლის ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი - მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ომიდან გამარჯვებული არ გამოვა, მომავალში - ეს არის 30 წლის ჰორიზონტი - საერთოდ კარგავენ შესაძლებლობას იხილონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი პროგნოზირებს, რომ „მათი ყველა პრობლემა 2025 წლის ზაფხულში დაიწყება, რადგან ერთად გაერთიანდება ფინანსური და ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები.

„ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2025 წლის ზაფხულში, მათი ქვეყნისთვის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედება შესამჩნევი გახდება“, - დასძინა ბუდანოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მწვავე ხდება არმიაში პერსონალის დეფიციტის საკითხი. „უკვე 2025 წლის ზაფხულში მოსკოვი დადგება დილემის წინაშე - გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია ან შეამციროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, რაც საბოლოოდ შეიძლება მტრისთვის გახდეს კრიტიკული“, - დასძინა ბუდანოვმა.

უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის გეგმავს, შეიცავს 4 ძირითად პუნქტს და კიდევ ერთს, რომლის შესრულებაც ომის შემდეგ იქნება აუცილებელი.

„მე მოვამზადე რამდენიმე პუნქტი. ოთხი მათგანი ძირითადი პუნქტია. პლუს ერთი, რომელიც გვჭირდება ომის შემდეგ. ასე რომ, მე მას ბაიდენს გავუზიარებ. საუბარია უსაფრთხოებაზე, უკრაინის გეოპოლიტიკურ ადგილზე, ძალიან ძლიერ სამხედრო მხარდაჭერაზე, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჩვენთვის. საუბარია ეკონომიკური მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ მზად ვართ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტი ბაიდენი დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინის გეგმას და თუ ის და მისი გუნდი დაამატებენ კიდევ რაღაცას, რაც გააძლიერებს უკრაინის პოზიციას, უკრაინა მზად იქნება მის მისაღებად.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 180 000 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 389 130, მათ შორის სამხედრო მოსამსახურე 1,5 მილიონი იქნება. ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, რომ ბრძანების შესასრულებლად თავდაცვის სამინისტროს თანხა გამოუყოს.

ცნობისთვის, მანამდე ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გასული წლის დეკემბერში გაზარდა, მაშინ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა 1,32 მილიონი იყო.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე კურსკში ორივე მხარე მყარად დგას, თუმცა, რუსეთმა მოახერხა და უკრაინის წინსვლა ამ ეტაპზე შეაჩერა. 

ასევე ანალიტიკოსი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს კურსკში მიმდინარე მოვლენები არ შეიმჩნიოს და მისთვის სამხედრო სტრატეგიის მხრივ ნაკლებად მნიშვნელოვან ტერიტრორიაზე მოლაპარაკებები არ აწარმოოს. თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კურსკის ოპერაცია სამ მნიშვნელოვან ამოცანას მაინც ასრულებს. 

„ამ ეტაპზე მართალია კურსკში მიმდინარე ოეპრაციას პუტინი ცდილობს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს. თუმცა, კურსკის დაკავება უკრაინელებმა მოახერხეს და მთელს მსოფლიოს აჩვენეს, რომ რუსეთი არც ისეთი უძლეველია, როგორადაც ჩანს.  მისი ტერიტორიების ოკუპაციაც შესაძლებელია. ეს კი ბუნებრივია თავის ფსიქოლოგიურ გავლენას რუსეთის მოსახლეობაზე ახდენს. ასევე უკრაინის საბრძოლო მოქმედებების კონტექსტიდან გამომდინარე, მოსახლეობის პატრიოტული სულის ამაღლება ხდება და იმის ჩვენება, რომ უკრაინის დანაყოფებს მსგავსი ოპერაციის ჩატარება რუსეთის ტერიტორიაზე შეუძლია. 

„თუმცა, ამის მიუხედავად, დონბასის მონაკვეთზე ეს ნაკლებად შეიმჩნევა, რადგან რუსები ფრონტის ხაზის გარღვევას ახერხებენ. განსაკუთრებით დონეცკის ფრონტზე სახიფათო მდგომარეობაა. ალბათ ახლა უკრაინელები შეეცდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტრშეტევა განახორციელონ ზაპროჟიეს ფრონტის კუთხიდან. ამით კი ეცდებიან კურსკის და ზაპროჟიეს მიმართულებაზე პლაცდარმი შექმნან და კურსკში პოზიციები კიდევ გაიმყარონ. ვფიქრობ ამის პარალელურად პუტინი მოქმედებას დაიწყებს და რუსეთში ფარულ მობილიზაციას გამოაცხადებს. ალბათ კურსკის გაწმენდას ამ ძალებით შეეცდება“,-ამბობს მაისაია. 

რაც შეეხება პოკროვსკის და ტორეცკის მიმართულებით არსებულ მძიმე სიტუაციას და ზელენსკის განცახდებას, რომ კურკსკში განვითარებული მოვლენები ამ სურათს შეცვლის, მაისია ამბობს, რომ ზელენსკი ამით ცდილობს ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენოს და რუსეთის შეტევას ნაკლებ მნიშვნელობა მიანიჭოს. თუმცა სამხედრო ანალიტკოსი ამბობს, რომ სიტუაცია არ არის ამ მიმართულებებზე სახარბიელო და რუსები ცდილობენ ოპერატიული უპირატესობა ხელთ იგდონ. 

„ფაქტია, რომ პუტინს კურსკის ტერიტორია ნაკლებად ანაღვლებს. ეს მის განცხადებებშიც ჩანს. იქნება თუ არა ის ოკუპირებული, როგორც ჩანს ნაკლებ სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. მეორე მხრივ რუსები ეცდებიან, რომ კურსკში უკრაინელებს მახის მსგავსი მოუწყონ და მსხვილი ძალების ალყაში მოქცევა მოახერხონ. თუკი ეს შეძლეს, ისინი კურსკიდან სუმის ტერიტორიის ოკუპაციას შეეცდებიან. 

„პუტინი კურსკის დაკავებას  დროებით მოვლენად მიიჩნევს და  მის გაწმენდას  ფრთხილად შეეცდება. თანაც ფიქრობს, რომ არასდ არ ეჩქარება და კურსკის დაკავებით მას არც თუ დიდი ზარალი მიადგა. ისე გამოდის, რომ პუტინი რუსეთის გენერალიტეტს აძლევს მითითებას, რომ კურსკში მიმდინარე პორცესი  ნაკლებად შეიმჩნიონ და დონბასის მიმართულება არ შეასუსტონ. 

„როგორც ზელენსკი ისე პუტინი ომის ფსიქოლოგიით თამაშობენ. პუტინი არ არის ისეთი გულუბრყვილო, რომ ვერ მიმხვდარიყო კურსკი რაში სჭირდებათ და რუსეთზე რა სახის დაწოლისთვის იყენებენ“,-ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, რადგან უკრაინას ნაკლებად ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარ ტერიტორიაზე კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, ალტერნატიულ სუსტ წერტილად კურსკი  ჩანდა. ამიტომ მას დაარტყეს და რუსულ ტერიტორიაზე შექმნეს პლაცდარმი, რადგან შემდეგ სავაჭრო ჰქონოდათ. ამ ეტაპზე პუტინი ამას მშვენივრად მიხვდა და მის შემჩნევას არ აპირებს. 

„ის რაც ახლა  უკრაინამ გააკეთა, ესეც საბჭოთა კავშირის ძველი მეთოდიკაა. უკრაინელები არაფერ ახალს არ აკეთებენ. მართალია ეს ხდება დასავლელი ინსტრუქტორების დახმარებით, მაგრამ ისინი აქ საბჭოთა კავშირის მეთოდს იყენებენ. 

„აქედან გამომდინარე, დიდი  გასაკვირი ამაში არაფერია. პუტინს აქვს საშუალება რომ სექტემბერ - ოქტომბერში რუსები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ის მსხვილი შენაერთები, რომელიც უკრაინელებმა კურსკში გადაისროლეს, ხაფანგში მოახვედრონ. მათი განადგურება მოახდინონ და შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ. 

„ბუნებრივია ამ გაწვრთნილი და მომზადებული დანაყოფების ალყაში მოხვედრა ძალიან მძიმე იქნება. თუმცა უკრაინელები თავისას ცდილობენ და ისინი კურსკში პოზიციების შენარჩუნებას მაქსიმალურად შეეცდებიან. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, პუტინი რომ გარკვეულ საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს, ეს ფაქტია“,-ამბობს მაისაია.     

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×