სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა. უწყების თქმით, ისინი რუსეთში გადიოდნენ ტრენინგებს, მათ შორის იარაღის გამოყენებაზე და რუსეთიდან ფინანსდებოდნენ.კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რაკი სომხეთის ხელისუფლება პირდაპირ რუსეთზე საუბრობს, ესე იგი მართლა რუსეთის ხელისუფლებაა გარეული და მოსკოვი ამით არ დაკმაყოფილდება, „კიდევ გააგრძელებს ასეთ მოქმედებებს".
როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთს სომხეთში გადატრიალება მართლაც გამოუვიდოდა, სამხრეთ კავკასიაზე გავლენებს გაიძლიერებდა და მხოლოდ საქართველოღა დარჩებოდა მისი კონტროლის მიღმა.
სომხური მედია წერს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებული იქნა ინფორმაცია წინასწარი შეთქმულებით ძალაუფლების უზურპაციისთვის მომზადებული პირთა ჯგუფის შესახებ. კერძოდ, ეს პირები, წინასწარი შეთქმულებით, სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, ყოველთვიურად დაახლოებით 220 000 რუსულ რუბლს იღებდნენ.
გეგმა მოიცავდა ეჭვმიტანილების რუსეთის ფედერაციაში სამთვიან სასწავლო შეკრებას, ახალი ტიპის მძიმე იარაღის გაცნობას და მათი გამოყენების სწავლას და სომხეთში დაბრუნების შემდეგ საბრძოლო მოვალეობის შესრულებას. გამოძიების ცნობით, 2024 წლის განმავლობაში გადაიბირეს სომხეთის რესპუბლიკის რამდენიმე მოქალაქე და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მცხოვრებლები.
მოგვიანებით, გადაბირებულთა ნაწილმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და სომხეთში დაბრუნდა. აღნიშნულ ფაქტზე შვიდი პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია სამი, ოთხზე კი ძებნა დაიწყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში სომხეთი რუსეთთან ურთიერთობას ნელ-ნელა წყვეტს. ფაშინიანის გადაწყვეტილებით, გაყინულია თანამშრომლობა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანოზაციასთან („ოდეკაბე"). ამის პარალელურად, ოფიციალური ერევანი სულ უფრო ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. ამ ეტაპზე უკვე საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე. ეს ყველაფერი კრემლში დაუფარავ უკმაყოფილებასა და შეშფოთებას იწვევს.
სომხური მედია ასევე წერს, რომ 18 სექტემბერს პრემიერმა ნიკოლ ფშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ავითარებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებთან და ფაქტობრივად ქმნის პროფესიონალურ არმიას.
„ჩვენი არმიის რეფორმებს არანაირი აგრესიული ელფერი არ გააჩნია. ჩვენი ამოცანაა დავიცვათ სუვერენული ტერიტორიის 29 743 კვ. მ., რაც გაერო-ს წესდებით გარანტირებული უფლებაა. უფრო მეტიც, გაეროსა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები სახელმწიფოს აკისრებენ პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება", - განაცხადა ფაშინიანმა.
კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია სომხეთის უსაფრთხოება მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ფაშინიანმა უპასუხა, რომ პირველ რიგში, „აგრესიული ზრახვების შემცირებით".
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სომხეთმა ოპერატულად იმოქმედა, თუმცა მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგან რუსეთი ამით არ დაკმაყოფილდება.
„სომხეთს ყოჩაღ, რომ ეს ყველაფერი თავიდან აიცილა და გლობალური ომის პარტიას არ ერიდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რუსეთი ამის გამკეთებელია და აშკარად მაქსიმალურად ცდილობენ, რომ დაიცვან თავიანთი ნამდვილი რეალური სუვერენიტეტი და არა ის პრორუსული, რაც ჩვენთან არის.
„აშკარად ჩანს, რომ სომხეთი პრინციპულია თავის ევროპულ გზაზე ევროპულ არჩევანზე და აპირებს რუსეთიდან წამოსულ ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. მიმაჩნია, რომ სომეხი ხალხი ამას დადებითად აღიქვამს, დაინახავს უშუალო მოქმედებას და ყველა ნახავს, თუ რეალური ომის პარტია ვინაა და საიდან მოდის.
„მეტი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, რუსეთი ამით არ დაკმაყოფილდება, კიდევ გააგრძელებს ასეთ მოქმედებებს. რაკი სომხეთი თამამად აცხადებს, რომ ეს რუსეთთანაა კავშირში და მინიშნებები არაა, ესე იგი აშკარად რუსული მომენტია.
„გადატრიალების შემთხვევაში, სომხეთში პრორუსული ძალა მოვიდოდა. ჯერ დროებითი ხელისუფლება ჩაანაცვლებდა, ჩატარდებოდა არჩევნები და გაიმარჯვებდა პრორუსული ძალა, სომხეთი დაუბრუნდებოდა რუსულ ორბიტას.
„რაც შეეხება რეგიონს, ახლა რეგიონში პროევროპული ლიდერი სომხეთია. ევროკავშირი მათთან ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს მაშინ, როცა ჩვენ ევროპის სიკეთეებზე უარს ვამბობთ და ევროპიდან მოვდივართ, ველოდებით არჩევნებს. ამ ფონზე, სომხეთი ხდება პროევროპული მიმართულების ლიდერი და დემოკრატიული ღირებულებების საყრდენი. თუ ეს მოხდებოდა (გადატრიალება), მაშინ რუსეთს მხოლოდ ისღა დარჩებოდა, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოსთან ურთიერთობები მოეგვარებინა და საბოლოოდ ჩამოეშორებინა საქართველო ევროპისთვის.
„ჯერჯერობით ყველაფერი ძველებურადაა და ეს კარგია - სომხეთი და საქართველო ერთად მიდიან ევროპისკენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.