ნატალია ჯვარიძე
18.09.2024

სავარაუდოდ, 3-5 დღეში გამოჩნდება, კურსკის ოლქში რუსების მიერ დაწყებული კონტრშეტევის შედეგად რომელი მხარე გამოვა გამარჯვებული. ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსები საუბრობენ ფრონტზე არსებული ვითარების შეფასებიბსას. მათივე თქმით, რუსულ ნაწილებს გარკვეული წინსვლა ჰქონდათ დონეცკის ოლქში, თუმცა უკრაინელები მათ შეკავებას ახერხებენ.

უკრაინული ნაწილები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეიჭრნენ და რამდენიმე დღეში 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. ეს სერიოზული დარყმა იყო კრემლისთვის. გასულ კვირას რუსეთის შეიარაღებულმა ნაწილებმა ამ ტერიტორიაზე კონტრშეტევა წამოიწყეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები რუსების მიერ კურსკში რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღების შესახებ, თუმცა, ბოლო დღეებში, კურსკის მოვლენებზე როგორც რუსული, ისე უკრაინული მხარე დუმილს ამჯობინებს.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ კურსკში რუსების კონტრშეტევა ჩაიშალა? ანალიტიკოსების აზრით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. გარდა ამისა, მოსკოვში კეთდება განცხადებები, რომ არმიას მიეცა ბრძანება, რომ წლის ბოლომდე გაათავისუფლონ კურსკის ოლქი უკრაინული ნაწილებისაგან.

რუსეთ-უკრაინის ომის ამ ეპიზოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის საბოლოო მოგვარების თვალსაზრისითაც. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ღიად აცხადებს, რომ კურსკში შეჭრა და რუსული ტერიტორიების ოკუპირება ომის უკრაინისათვის მისაღები პირობებით დასრულების დიდი გეგმის ნაწილია. ანალიტიკოსები კი მიუთითებენ, რომ ეს შეიძლება გულისხმობდეს რუსეთსა და უკრაინას შორის ოკუპირებული ტერიტორიების ერთგვარ გაცვლას შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების დროს.

ვახტანგ მაისაიას შეფასებით, კურსკის ოლქიდან ცნობების სიმწირე ასე ცალსახად არ ნიშნავს, რომ რუსების კონტრშეტევა ჩაიშალა.

„რუსებმა კურსკის ოლქის დასავლეთის მიმართულებაზე, დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით შეტევა დაიწყეს. მათ რამდენიმე ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინეს და წინ მიიწევდნენ. პარალელურად აღმოსავლეთიდანაც დაიწყეს შეტევა. უბრალოდ მერე უკრაინამ საკუთარი ტერიტორიიდან კონტრშეტევა განახორციელა, რომ როგორმე რუსების ყურადღება გაეფანტათ.

„ასე ცალსახად ვერ ვიტყოდი, რომ რუსების გეგმა ჩაიშალა, ჯერჯერობით ბრძოლები მიმდინარეობს. კურსკის ერთ-ერთ დასახლებასთან უკრაინელებმა რუსეთის 56-ე მოიერიშე პოლკის შენაერთები ალყაში მოაქციეს. ეს ყველაფერი შემხვედრი ბრძოლების სტადიაში გადავიდა და რომელი მხარე გაიმარჯვებს, ამ ეტაპზე გაურკვეველია. ეს ალბათ 3-5 დღის მერე გამოჩნდება.

„რუსები დონბასის მიმართულებითაც ცდილობენ წინ წაწევას, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მათი შეტევის ტემპი ძალიან დაბალია. ფაქტობრივად, უკრაინელები რუსების თავდასხმებს საკმაოდ წარმატებით იგერიებენ დონბასში. თუმცაღა პუტინმა გასცა ბრძანება, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები მთლიანად დაეკავებინათ. სავარუდოდ, რუსები ამ ბრძანების შესრულებას თავგამოდებით შეეცდებიან. ასევე, პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ გაეზარდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა მილიონ 500 ათასი კაცით. ზოგადად, მათი შეარაღებული ძალების შემადგენლობა გახდება 3 მილიონ 200 ათასი ადამიანი.

„დონეცსკის ოლქში რუსები მცირე ტაქტიკური უპირატესობით წინ არიან, მაგრამ ამაზე მეტს ჯერჯერობით ვერ გააკეთებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის აზრით, კუსკის ოლქშ რუსული კონტრშეტევის ჩაშლაზე საუბრაი ჯერჯერობით ნაადრევია. რაც შეეხება დონეცკის ოლქს, რუსებს იქ წინსვლა ჰქონდათ, თუმცა უკრაინელებმა შეტევის შეჩერება შეძლეს.

„ჯერ ადრეა იმაზე საუბარი ჩაიშალა თუ არა რუსების გეგმა, რადგან ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ბრძოლის ხაზი მარტო უკრაინის ტერიტორიაზე კი არ გადის, არამედ რუსეთის ტერიტორიაზეც, კურსკის ოლქში.

„რუსებს წინსვლა ჰქონდათ პოკროვსკის (დონეცკი) მიმართულებაზე, სადაც შედარებით რთული სიტუაციაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინელებმა მოახერხეს შეტევის შეჩერება და გარკველწილად ჯერჯერობით მათი წარმატების პროცესი შეფერხებულია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×