მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა და „გამარჯვების გეგმას" წარადგენს. ანალიტოკოსები ვარაუდობენ, რომ ამ გეგმის მიხედვით, ზელენსკის რამდენიმე მოთხოვნა ექნება, მათ შორის ამერიკული იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების შესახებ. დაუკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნებს უკრაინის პრეზიდენტს, ამაზე მოსაზრებები სხვადასხვაგვარია.
„სავარაუდოდ, ზელენსკის მთავარი მოთხოვნა იქნება ის, რომ უკრაინას მიენიჭოს სიღრმეში დარტმის უფლება რუსეთის სამხედრო ობიექტებზე. მეორე ვარიანტი ალბათ იქნება ის, რომ F-16 თვითმფრინავების გადაცემის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და კიდევ უფრო ატაპტირებული გახდეს. ასევე, როგორც ჩანს, იქ ზელენსკი კონკრეტული ტიპის იმ შეიარაღებას წარადგენს, რომელიც მას საომარი მოქმედებების წარმატებით დასრულებისთვის სჭირდება", - განაცხადა სამხედრო ანალიტიკოსმა და საგარეო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
აღსანიშნავია ისიც, რომ ზელენსკი ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს შეხვდება.
ამასთან, ზელენსკი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შეხვედრებს გამართავს ამერიკული თავდაცვითი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან და ასევე უკრაინულ დიასპორასთან.
„ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მას „გამარჯვების გეგმას" წარუდგენს. უკრაინული სახელმწიფოს მეთაური ამ გეგმის დეტალების განხილვის, ასევე თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოლოდინი აქვს.
ზელენსკი ასევე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან", - ნათქვამია განცხადებაში.ბაიდენისა და ზელენსკის დაგეგმილი შეხვედრა თეთრმა სახლმაც დაადასტურა. მათი ცნობით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვედრას 26 სექტემბერს თეთრ სახლში გამართავენ. აღინიშნება, რომ ვიცე-პრეზიდენტი და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, კამალა ჰარისი ცალკე შეხვედრას გამართავს ზელენსკისთან თეთრ სახლში.
თეთრი სახლის განცხადებით, ბაიდენი და ჰარისი „ხაზს გაუსვამენ თავის ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი იქამდე, სანამ ის ამ ომში არ გაიმარჯვებს".
შავი ზღვის უნივერსიტეტი პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ზელენსკის რამდენიმე მოთხოვნაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის დაკმაყოფლების მოლოდინი არსებობს.
„რასაკვირველია, აღნიშნული გეგმის წარდგენა კარგია. მე ასე მგონია, რომ შესაძლოა ამ გეგმის მიხედვით, უკრაინას ჰქონდეს სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად ამერიკამ დართოს ნება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ, რადგან უკრაინამ სამხედრო კუთხით მეტ წარმატებას მიაღწიოს. სავარაუდოდ, გეგმა ასევ მოიცავს დამატებით სამხედრო დახმარების გადაცემას. გარდა ამისა, ამ „გამარჯვების გეგმის" მიხედვით, რუსეთს სხვა პასუხისმგებლობასთან ერთად უნდა დაეკისროს ფინანსურიც, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის მოცულობა აღემატება 400 მილიარდ დოლარს.
ჩემი აზრით, უკრაინისთვის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მოლოდინი არსებობს, რადგან ევროკომისიამაც მიიღო რეზოლუცია და დოკუმენტაციით მიმართა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს, მათ შორის ევროპულ საბჭოს, რომ უკრაინას დაერთოს ნება, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს. თუ რუსეთი ბომბავს უკრაინის ტერიტორიას, ბუნებრივია, უკრაინასაც აქვს უფლება თავდაცვის მიზნით საპასუხოდ იმოქმედოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ასე მგონია დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა მოიხსნება ჯერ ევროკავშირის მხრიდან, მერე ამერიკის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ მაისაიას კი ეეჭვება ამერიკის არჩევნებამდე რამე მსგავსი მოხდეს. მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ვინ მოვა ხელისუფლებაში.
„ამ ეტაპზე არამგონია უკრაინას ეს ყველაფერი დაუკმაყოფილონ, რადგან ბაიდენი ამაზე არ წავა, ის „კოჭლი იხვია" და მას არავინ არაფერს ეკითხება. ასე რომ, ბაიდენი ამ პასუხიმგებლობას ვერც და არც აიღებს. ეს საკითხები გადაწყდება 5 ნოემბრის, ანუ არჩევნების მერე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში. შესაძლოა ზელენსკიმ წინასწარ მოსინჯოს, თუმცა არჩევნებამდე გამორიცხულია რამე მსგავსი მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".