დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა მწვავდება, ტრამპის ოჯახი მის მეორე თავდასხმაში უკრაინულ კვალს ხედავს, ამერიკული მედია კი წერს, რომ ნიუ-იორკში ვიზიტად მყოფ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან უარი უთხრა დაგეგმილ შეხვედრაზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ტრამპმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, უკრაინა ცუდ დღეში აღმოჩნდება, რადგან ტრამპის რიტორიკა მიანიშნებს იმაზე, რომ აშშ დახმარებას უთუოდ შეუწყვეტს და იძულებულს გახდის ტერიტორიები დათმოს. მაისაიას თქმით, ტრამპის ვაჟიშვილი მამის განცხადებებს იმეორებს, თუმცა გაურკვეველია რატომ ხედავენ დონალდ ტრამპი უფროსის მკვლელობის მცდელობაში უკრაინულ კვალს, როცა „ქვეყნის შიგნითაც არანაკლები მტერი ჰყავს".
რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის ვაჟიშვილის დონალდ ტრამპი უმცროსის განცხადებაში ჩანს, რომ მას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვს, მას „უცხო ქვეყნის ლიდერად" იხსენიებს, რომელიც „ამერიკელი გადამხდელებისგან მილიარდობით დაფინანსებას იღებს". ის რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატზე მეორე თავდასხმაში უკრაინულ კვალს ხედავს.
„უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელმაც ამერიკელი გადამხდელებისგან მილიარდობით დოლარის დაფინანსება მიიღო, ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ბედავს თავს დაესხას „რესპუბლიკური" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს და თანაც ამას მას შემდეგ აკეთებს, რაც პროუკრაინელმა ფანატიკოსმა მამაჩემის მოკვლა სცადა", - აცხადებს დონალდ ტრამპის შვილი.
ტრამპი უმცროსი, ვოლოდიმირ ზელენსკის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა, დაპირების მიუხედავად, არ იცის, როგორ დაასრულოს უკრაინის ომი.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა და პარალელურად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ტრამპს უნდა შეხვედროდა და მათთვის „გამარჯვების" გეგმა უნდა წარედგინა. თუმცაღა, „ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა.
„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ზელენსკი არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში - ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,"- განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამასთან, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.
ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპსა და ზელენსკის შორის საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა და რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, ზელენსკის „გამარჯვების გეგმა" საფრთხის ქვეშ დგება.
„თავად უფროსმა ტრამპმა ისე მწარედ „უკბინა" ზელენსკის, რატომღაც მიათვალა, რომ ის „კარგი ვაჭარია" და აშშ-დან დოლარები მიაქვს. ეს ტრამპის აზრია და მისმა ვაჟიშვილმა უბრალოდ გადააკეთა. სიტუაცია ცოტა რთულია, რატომ ჰგონია ტრამპს, რომ მის მიმართ მეორე თავდასხმაში უკრაინის მხარე მონაწილეობს, ძნელი სათქმელია?
„ტრამპს ქვეყნის შიგნითაც არანაკლები მტერი ჰყავს ამერიკული წარმოშობის. ჯერ ერთი, პრობლემები აქვს ირანთან. სხვათა შორის, ირანი ცდილობს, რომ დემოკრატების ლიდერმა გაიმარჯვოს, ირანულმა სპეცსასახურებმა კიბერშეტევაც კი განახორციელეს სწორედ დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ. ასევე ტრამპს გართულებული ურთიერთობა აქვს ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობასთან. შეიძლება ხუმრობით, მაგრამ პუტინმაც კი კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი.
„თუ ტრამპმა გაიმარჯვა, არაა გამორიცხული, რომ უკრაინას ულტიმატუმი წაუყენოს და „ლენდ ლიზი 2" გაამკაცროს. აიძულოს უკრაინა, რომ „მიუნხენის 2"-ის შეთანხმება განხორციელდეს. ისევე, როგორც 1938 წელს საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ჩეხოსლოვაკია აიძულეს დაეთმო ტერიტორია ნაცისტური გერმანიის სასარგებლოდ და მერე გერმანიამ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია და ანექსია მთლიანად განახორციელა.
„ალბათ ტრამპი წამოაყენებს ვარიანტს, რომ ორივე მხარემ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ, მოლაპარაკებები დაიწყონ. არ ვიცი, ტრამპი პუტინს ამ გადაწყვეტილებას როგორ აიძულებს, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო მეტი ბერკეტები ზელენსკის მიმართულებით ექნება - თუ უკრაინას აშშ-დან დახმარება შეუწყდა, ეს საკმაოდ სერიოზული გართულება იქნება.
„რესპუბლიკურ პარტიაში პატარა მცირე ჯგუფია, რომელსაც პროუკრაინული განწყობები აქვს, მაგრამ პარტიის ბირთვს მაინც სხვანაირი განწობა გააჩნია, მაგალითად ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ანტიუკრაინულადაა განწყობილი. როგორც ჩანს, უკრაინის „გამარჯვების გეგმის" წინააღმდეგ მოდის ტრამპის გამარჯვება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის კომუნიკაციების დირექტორი, სტივენ ჩუნგი აცხადებს, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს ირანის მხრიდან მისი მოკვლის მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„დღეს, პრეზიდენტ ტრამპს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა ირანის მხრიდან, აშშ-ში დესტაბილიზაციისა და ქაოსის დათესვის მიზნით, მისი მოკვლის კონკრეტული და სარწმუნო მუქარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის მხრიდან მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება.
„ირანის მხრიდან ჩემს სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. აშშ-ის შეიარაღებული ძალები უყურებს და ელოდება. ირანმა ნაბიჯები უკვე გადადგა, რომელთაგან არაფერი გამოვიდა, მაგრამ ისინი კვლავ ეცდებიან. ახლა იმაზე მეტი იარაღითა და ადამიანით ვარ გარშემორტყმული, ვიდრე ოდესმე მინახავს", - წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ტრამპზე მეორეჯერაც სცადეს თავდასხმა, სროლა 15 სექტემბერს მოხდა ფლორიდაში, პალმ ბიჩში, გოლფის მოედანთან, სადაც იმ მომენტში დონალდ ტრამპი იმყოფებოდა.
ტრამპზე ტავდასხმის მცდემობაში ეჭვმიტანილი აშშ-ის მოქალაქე, 58 წლის რაიან როუთია,წინასწარ შექმნილ ჩანაწერში აღიარებს, რომ დაგეგმა თავდასხმა. როუთის მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ აღმოაჩინა ხელით დაწერილი იმ ადგილების სია, სადაც 2024 წლის აგვისტოს, სექტემბერსა და ოქტომბერში ყოფილი პრეზიდენტი ან იმყოფებოდა, ან აპირებდა მისვლას.
ამერიკული მედიის ცნიბით, ეჭვმიტანილი უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტია, რაიან როუთია. წარსულში უცხოელი მებრძოლების გადაბირებას ცდილობდა უკრაინის ომში ჩართვის მიზნით რუსეთის წინააღმდეგ და კიევშიც იმყოფებოდა.