არაბირთვული სახელმწიფოს მიერ თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, რუსეთზე ერთობლივ თავდასხმად განიხილება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევებს ეხება.
მან ბირთვული იარაღის გამოყენების განახლებულ პირობებზე ისაუბრა.
„დოკუმენტის განახლებულ რეადქციაში ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესია, რომელშიც მონაწილეობდნენ ან ეხმარებიან ბირთვული სახელმწიფოები, უნდა განიხილებოდეს როგორც მათი ერთობლივი თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს თავდასხმის შემთხვევაში, იმ შემთხვევაშიც თუ მოწინააღმდეგე ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც „კრიტიკულ საფრთხეს" უქმნის რუსეთს ან ბელარუსს.
როგორც პუტინი აღნიშნავს, ეს საკითხები ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეთანხმებულია.
სამხედრო ანალიტიკოსს და საგარეო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული გამოვლინება იყო, ვინაიდან დოქტრინაში ყველა დეტალი გაწერილია და არ ექვემდებარება ცვლილებას.
„პუტინის ეს მოხსენება არის წმინდა პიარული და იმიჯის სტატუსის გამყარების განცხადება, რადგანაც რუსეთის სამხედრო დოქტრინაში და თუნდაც ბირთვული იარაღის სტრატეგიული გამოყენების დოკუმენტში არავითარი ცვლილებები შესატანი არ იყო, რამეთუ ისედაც განხილული და დაფიქსირებულია კონკრეტული შემთხვევები, თუ როდის შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება. შესაბამისად, არანაირი ცვლილება არ შეუტანიათ.
„მეორეც ერთი, პუტინის განცხადება აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ის იმდენად დაბნეული საუბრობდა, რომ მგონი ამ მოხსენებიდან მისიანებმაც ვერ გამოიტანეს აზრი, თუ რა იგულისხმა.
„ამიტომ პუტინის მხრიდან ამგვარი ქცევა მხოლოდ პროპაგანდისტული ტიპის ჟესტია, რომელიც უფრო ორიენტირებული იყო შიდა მოხმარებისთვის და საკუთარ მოსახლეობაში პოზიციების განმტკიცებისთვის, თორემ რაღაც ახალი და რამე მნიშვნელოვანი შეეტანა ამ დოკუმენტში, ნამდვილად არ იყო.
„სავარაუდოდ, არც მომავალში არ იგეგმება იმიტომ, რომ იქ თავიდან ბოლომდე ყველაფერი გაწერილია. პუტინმა იარაღის გამოყენების შესახებ დოკუმენტი 2020 წელს მიიღო და ყველა ნიუანსი დაფიქსირებულია. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ თუ რუსეთის ფედერაციაზე მოხდება არაბირთვული ქვეყნების მიერ მასირებული შეჭრა და ასევე, მათი ეროვნული ინტერესები დავა საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზე, მაშინ ამ იარაღს გამოიყენებენ.
„უკრაინელები შეიჭრნენ, რუსეთის ტერიტორიიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაიკავეს და ამას რუსები დღემდე უკან ვერ იბრუნებენ, ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს? რუსეთი ვერ თუ არ იყენებს ამ იარაღს. დანარჩენი უკვე პიარული ქმედების გამოხატულება იყო პუტინის მხრიდან", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".