ნატალია ჯვარიძე
26.09.2024

ნატო ამზადებს გეგმას, რომელიც რუსეთთან ომის შემთხვევაში, ფრონტის ხაზებიდან დიდი რაოდენობით დაჭრილი ჯარისკაცების კოორდინაციას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. ნატოს ლოგისტიკური სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ სოლფრანკმა სააგენტოსთან ინტერვიუში თქვა, რომ სამედიცინო ევაკუაციის მომავალი სცენარი განსხვავდება იმ გამოცდილებისგან, რაც მოკავშირეებს ავღანეთსა და ერაყში ჰქონდათ.

„რუსეთთან კონფლიქტის დროს დასავლელი სამხედროები, სავარაუდოდ, უფრო დიდი საომარი ზონის წინაშე აღმოჩნდებიან, იქნება დაშავებულთა მეტი რაოდენობა და ფრონტის ხაზებთან ახლოს საჰაერო უპირატესობა, სულ მცირე, დროებით არ ექნებათ", - აღნიშნა გენერალმა.

მისივე თქმით, რუსული საჰაერო თავდაცვა და თვითმფრინავები საფრთხეს შეუქმნიან სამედიცინო-საევაკუაციო ფრენებს, რაც დიდი ალბათობით, გააჩენს საავადმყოფოს მატარებლების საჭიროებას, რომლებითაც შესაძლებელი იქნება ერთდროულად უფრო მეტი დაშავებულის გადაყვანა, ვიდრე თვითმფრინავებით.

„დაგეგმვის მიზეზების გამო, გასათვალისწინებელია დიდი რაოდენობის დაჭრილების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანის ყველა ვარიანტი, რომელიც მოიცავს მატარებლებს, მაგრამ პოტენციურად ავტობუსებსაც", - თქვა ნატოს გენერალმა.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი დაბრკოლება ქვეყნებს შორის განსხვავებული სამედიცინო რეგულაციები იქნება და გამოსავალი, შესაძლოა ე.წ. სამხედრო სამედიცინო შენგენის შექმნა გახდეს, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტების, მათ შორის ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების თავისუფალ ტრანსპორტირებას.

„ნატომ უკვე აღიარა, რომ მთავარი საფრთხე რუსეთია, ეს ჩამოყალიბებული აზრია. შესაბამისად, ყველაფრისთვის წინასწარ მზად უნდა იყვნენ. თუმცაღა მე არამგონია რუსეთს ახლა იმის თავი ჰქონდეს, რომ უკრაინის გარდა ნატოს შეუტიოს. ამიტომ ამ ეტაპზე მსგავს არაფერს ველოდები", - განაცხადა გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, ნატო ომში ისევ ირიბად ჩარევას ამჯობინებს, თუმცა რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე ყველაფერი მოსალოდნელია და ყოველი შემთხვევისთვის ემზადებიან.

„მე ასე მგონია, რომ დასავლეთი რუსეთთან პირდაპირ ომის დაწყებას არ აპირებს და უკრაინის ომში ისევ და ისევ ირიბად ჩარევას ამჯობინებს. ვგულისხმობ უკრაინისთვის სხვადასხვა ტიპის იარაღის მიწოდებას, მაგრამ რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა მოვლენათა განვითარების ბევრად უარესი სცენარიც, მათ შორის რუსეთთან ომიც.

„ეს ალბათ იმ შემთხვევაში თუკი ერთი ვარიანტით, რუსეთი თავის მუქარას შეასრულებს და ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. მეორე ვერსიით კი, შესაძლოა რუსეთი მათ მოსაზღვრე ბალტიისპირეთის ქვეყნებს თავს დაესხას და ამან გამოიწვიოს კონფლიქტში უკვე პირდაპირ ჩაბმა, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს უშუალოდ ესაზღვრება სამი ბალტიისპირეთის რესპუბლიკა, ესენია: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

„თუმცაღა ეს ვარიანტი ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თუ რუსეთმა უკრაინაში გაიმარჯვა, ბუნებრივია, ამაზე არ გაჩერდებიან, რადგან მათი მიზანია პოსტსაბჭოთა სივრცეზე იმპერიის აღდგენა და ისინი განიხილავენ, რომ ამის შემადგენელი ნაწილი ბალსტიისპირეთიცაა. ეს ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ როგორც ვთქვი, ნატო უარესი სცენარისთვის ემზადება.

„პრინციპში თვითონ რუსეთსაც არ უნდა აწყობდეს ნატოს ომში ჩართვა. თუმცაღა შესაძლებელია თუ ომი გაიწელა, საჭირო გახდეს უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრმა ქვეყნებმა სამხედრო კონტიგენტი გაგზავნონ. ესეც უარესი შემთხვევაა და უფრო ნაკლებად მოსალოდნელია", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×