ელზა პაპოშვილი
26.09.2024

აშშ-მ ზელენსკის არ მისცა უფლება რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების და ამას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს - სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაიასაიას განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმაც იმ შემთხვევაში მისცა უკრაინას მათი იარაღის გამოყენების საშუალება, თუკი ამერიკაც იგივეს იზამდა.

ამასობაში, პუტინმა ბირთვული იარაღით მუქარა ისევ დაიწყო - "რუსეთი იტოვებს უფლებას, აგრესიის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ მტერი კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით შექმნის, ბირთვული იარაღი გამოიყენოს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისივე თქმით, მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაშიც.

„ბირთვული ძალების შესაძლო გამოყენებისა და მათი შესაძლო კორექტირების შესახებ რუსეთის მიდგომების ღრმა და ყოვლის მომცველი ანალიზი ჩატარდა... აქ ნათლადაა აღწერილი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლის პირობები. ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს“, - ამბობს პუტინი.

როგორც ანალიტკოსები ამბობენ, პუტინი ამას დასავლეთის გასაფრთხილებლად აკეთებს და ის დიდი ალბათობით ამით მათ დაშანტაჟებას ცდილობს. ამის მიზეზი კი ზელენსკის ამერიკაში ვიზიტია, სადაც ის ბაიდენს დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებას სთხოვს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ბაიდენმა მას ამაზე უარი უთხრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზელენსკის გამარჯვების გეგმას“ თეთრ სახლში დიდი მოწონებით არ შეხვდნენ. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი  რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას  უპასუხისმგებლო უწოდა.

"ეს სრული უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, მსოფლიოში ეს ბევრმა, მათ შორის ჩინეთმაც ნათლად გამოხატა, როდესაც ბირთვული იარაღით ადრე იმუქრებოდა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები იგეგმება. მისივე თქმით, რუსეთს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ბირთვული დარტყმა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს ჩვეულებრივი შეიარაღებით დაესხმებიან თავს და ეს რუსეთის სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის.

ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ახალი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მისი უპასუხისმგებლო ქცევისა და ევროკავშირის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერაზე, არ შეცვლის.

კითხვაზე, როგორ უპასუხებს ევროკავშირი არაბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის მუქარას, სტანო პასუხობს:

„ეს მხოლოდ პუტინის ძალიან უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქცევის გაგრძელებაა. მთელ მსოფლიოს უჩვენებს მის ნამდვილ სახეს; 

ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად უარვყოფთ ამ საფრთხეებს. ევროკავშირის პოზიცია უცვლელი რჩება“, - ხაზგასმით აღნიშნა სტანომ და დაამატა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პუტინის მორიგი მუქარა მხოლოდ პოპულისტური განცხადებებია, რომელსაც დასავლეთის დასაშინებლად იყენებს, რათა ზელენსკის იარაღის რუსეთის ტერიტრიაზე გამოყენების უფლება არ მისცენ. 

„რაც პუტნმა გუშინ იბოდიალა, ეს სამხედრო დოქტრინებში 2015 წლის და 2020 წლის ისედაც გაწერილი იყო. პუტინმა უბრალოდ აიღო და გააჟღერა ისევ ის დებულებები, რაც ორივე დოკუმენტში იყო გამოყენებული. პუტინმა რაღაცა ახალი ცვლილებები შეიტანა ეს არაა სწორი. წინა დოქტრინებშიც დაფისქირებულია, რომ ახალი ტექნოლოგიების  გამოყენებითაც თუ მოხდება თავდასხმები, მაშინ პასუხი იქნება ბირთვული იარაღის გამოყენება. ეს ყველაფერი ამ დოკუმენტებში დევს. 

აქ უფრო დევს ის აზრი, რომ დასავლეთს ემუქრება,ზელენსკის არ მისცენ მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება. ეს არის იგივე ოპერატიული - ტაქტიკური ბალესტიკური იარაღების კატეგორიას მიეკუთვნება. რადიუსი კი დაახლოებით 100-დან  500 კილომეტრის მანძილზეა საუბარი. მეტი სხვა არაფერი პუტინს ახალი არ უთქვამს. 

„პრინციპში ზელენსკის მიერ გაცხადებულ „გამარჯვების გეგმაში“ 4 პუნქტი იყო დაფიქსირებული, სადაც საუბარი იყო თანამედროვე შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება. თუმცა კონკრეტულად არ არის ჩაშლილი რაზე იქნება საუბარი. ზელენსკიმაც არ მოახდინა ამის დაკონკრეტება“,-ამბობს ანალიტკოსი. 

მისივე თქმით, უკვე ცნობილია, რომ ამერიკამ ზელენსკის არ მისცა უფლება რუსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების და ამას თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს. მისი განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმაც იმ შემთხვევაში მისცა უკრაინას მათი იარაღის გამოყენების საშუალება, თუკი ამერიკაც იგივეს იზამდა. 

„უკვე ცნობილია, რომ უკრაინას ამერიკამ ამის უფლება არ მისცა და ბაიდენმა უარი უთხრა. ამის აქვს თავისი სხვადასხვა მიზეზი. პირველ რიგში ის რომ ბაიდენი უკვე პოლიტიკურად კოჭლი იხვია და საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას არ აიღებს. 

„მეორეს მხრივ ამერიკაში მაინც ყველა თანხმდება იმაზე, რომ რუსეთი არის საკმაოდ დიდი საფრთხე მსოფლიოსთვის, ამიტომ მისი გაღიზიანება ბოლომდე დაუშვებელია. შესაბამისად,  დასავლეთი მაინც ფრთხილობს ამ საკითხებთან მიმართებაში, ამიტომაც ის მოლოდინი რაც ზელენსკის ჰქონდა ფუჭი იყო. ბაიდენი ამის უფლებას არ მისცემდა და ეს მოსალოდნელიც იყო“, - ამბობს მაისაია. 

მისივე თქმით, ახლა უკვე ეს პრობელმა ახალი ადმინისტრაციის გადასაწყვეტი იქნება. მეორეს მხრივ კი ამერიკა ჯერ ცდილობს დაინახოს უკრაინის ომის შედეგი, რომელიც იარაღის მიწოდების შემდეგ ფრონტის ხაზზე უნდა გამოჩნდეს. შესაბამისად,  ეს საკითხი აქტუალური უკვე ახალი ადმინისტრაციისთვის უნდა გახდეს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×