ზელენსკის მხრიდან ჩვენს არჩევნებში ჩარევა, კანდიდატების აგიტაცია სულელობისა და ამპარტავნების უმაღლესი დონეა, - ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ერიკ შმიტი „ტვიტერზე" წერს. როგორც სენატორი აღნიშნავს, არ სჭირდებათ, უცხო ქვეყნის ლიდერები მათ არჩევნებში ჩაერიონ. ანალიტიკოსებისთვის გაუგებარია რაში გამოიხატება უკრაინის არჩევნებში ჩარევა და ამბობენ, რომ ეს მიუთითებს, თუ როგორ გაიზარდა ამერიკაში პოლარიზაცია.
„ამერიკაში პოლარიზაციის დონის გაზრდას ეს ფაქტიც ადასტურებს, ზოგიერთი სენატორი ასეთ პოპულისტურ განცხადებებს იყენებს, რომ რაღაცნაირად წინასაარჩევნო მარათონის პროცესში მუხტი აწიონ", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და საგარეო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში, პენსილვანიაში ჩავიდა. „ვიწყებთ ვიზიტს შეერთებულ შტატებში. ახლა მივფრინავთ პენსილვანიაში, შემდეგ - ნიუ იორკი, ვაშინგტონი. სწორედ ამ შემოდგომაზე წყდება, რა იქნება შემდგომ ამ ომში", - განაცხადა ზელენსკიმ პენსილვანიაში გამგზავრების წინ.
ზელენსკის პენსილვანიაში ვიზიტის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, აშშ-ში უკრაინის ელჩი გაათავისუფლოს. როგორც მან აღნიშნა, „ვიზიტი აშკარად იყო პარტიული საკამპანიო ღონისძიება, რომელიც გამიზნული იყო დემოკრატების დასახმარებლად".
ამასთან, „ფოქს ნიუსმა" დაწერა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტი იძიებს ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეს ვოლოდიმირ ზელენსკის პენსილვანიის ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც მედია წერს, კომიტეტმა უნდა დაადგინოს, გამოიყენა თუ არა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული რესურსები ზელენსკის პენსილვანიის შტატში ვიზიტისთვის.
ვახტანგ მაისაიას აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანი ეს არ ყოფილა და საერთოდ არ შეესაბამება რეალობას, რომ ის ამერიკის შიდა საქმეებში ერევა.
„ამ განცხადებას ნამდვილად რეალობიდან გამოცლილი შინაარსი აქვს, რადგან რაში გამოიხატება ამერიკის არჩევნებში უკრაინის ჩარევა გაუგებარია. ზელენსკი იმ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის საწარმოში მივიდა, რომელიც უშუალოდ მისი ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოების პირობებთან არის დაკავშირებული და რომელიც ამ სამხედრო აგრესიის მოგერიებაში ეხმარება, ეს რა შუაშია შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევასთან ვერ გავიგე. ის დემოკრატიის და რესპუბლიკის პარტიის წარმომადგენლებს რომ შეხვედროდა, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ან ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მაშინ კი ბატონო, ეს შეიძლებოდა აღქმულიყო რომელიმე მხარის მხარდაჭერის გამოხატულებად. ზელენსკის არც ერთი გაუკეთებია და არც მეორე. ის კამალა ჰარისსაც არ შეხვდა, მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლებს და სხვათაშორის სენატში ორივე პალატის წარმომადგენლებსაც. ეს იყო იყო წმინდა საპარლამენტო ტიპის შეხვედრა და არავითარი გამოხატულება არ შეინიშნებოდა. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მიკვრის რესპუბლიკელი პარტიის გარკვეული წრეების ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია.
ამერიკაში ძალიან მძიმე წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო და იქ პოლარიზაციის დონე არც თუ ისე დაბალია. თუმცაღა ჩვენგან განსხვავებით ამერიკაში მაღალი პოლიტიკური კულტურა უფრო მეტად არის და პოლარიზაციის დონე ასე მწვავედ და მკვეთრად არ ჩანს. ჩვენ ნაკლები პოლიტიკური კულტურა გვაქვს და გამოცდილება გვაქვს. მითუმეტეს, საქართველოში გეოპოლიტიკური ბედი წყდება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
შავი ზღვის უნივერსიტეტს პროფესორისა და ანალიტკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპთან დაგეგმილი ვიზიტი ყველაფერს აჩვენებს.
„მე მიმაჩნია, რომ ზელენსკის მხრიდან არჩევნებში უშუალო ჩარევას ადგილი არ ჰქონია. მართალია მისი პენსილვანიაში ვიზიტისას დემოკრატიის წარმომადგენლები დახვდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინა ამერიკის შიდა საქმეებსა და წინასაარჩევნო პროცესებში ერევა. ზელენსკის ტრამპთან დაგეგმილი ვიზიტიც ამის მანიშნებელია. ერთი სენატორის განცხადება არ ასახავს მთლიან რესპუბლიკელების პოზიციას, თუ ასახავს კიდევ მე აქ ჩარევის ნიშნებს ვერ ვხედავ, ვინაიდან ზელენსკი როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს ხვდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".