ნატალია ჯვარიძე
07.10.2024

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ანატოლი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანშინა ვაშინგტონში იმყოფებიან, რათა პარტნიორებთან ერთად გამარჯვების გეგმის დეტალები განიხილონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მე ასევე ვესაუბრე მთავარსარდალ სირსკის, იყო მოხსენება პოკროვსკის მიმართულებაზე. მთავარსარდალი, სხვა სამხედრო მოსამახურეებთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მომავალ კვირას ჩვენს პარტნიორებთან ერთად იმუშავებს გამარჯვების გეგმის დეტალებზე - გეგმის სამხედრო პუნქტებსა და სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე. ვაშინგტონში გავაგზავნე ჩვენი წარმომადგენლები - გენერალური შტაბის უფროსი ბარგილევიჩი და ვიცე-პრემიერი სტეფანიშინა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სექტემბრის ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ზელენსკიმ გამარჯვების გეგმა წარუდგინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატებს კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ზელენსკის გეგმის რაღაც პუნქტებს ამერიკა დასთანხმდება, მაგრამ არის ერთი საკითხი, რაზეც ჯერჯერობით თავს შეიკავებს.

„უკრაინის გამარჯვების გეგმაში დიდად ახალი არაფერია. უბრალოდ იქ კიდევ უფრო მეტად დაფიქსირებულია, რომ უკრაინამ თანამედროვე შეიარაღება დროულად უნდა მიიღოს და ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უნდა გამოიყენოს.

„არ ვიცი აშშ რამდენად მისცემს უკრაინას უფლებას, რომ რუსეთი დაბომბოს. მე ვფიქრობ, რომ აქაც იქნება რაღაცებზე ხელის შემშლელი ფაქტორები. ჩემი ვარაუდით, ჯერჯერობით ამერიკა მათი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე თავს შეიკავებს, დანარჩენებს კი ჩვეულებრივ დაამტკიცებს. ანუ, იარაღს გადასცემს და იმ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაგრამ რუსეთის დაბომბვას არ დასთანხმდება.

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლა უკვე „კოჭლი იხვია" და ის უფრო ტექნიკურ საკითხებზე იღებს პასუხისმგებლობას, ასეთ რაღაცებს ის ვეღარ წყვეტს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ამ გეგმაში არის რამდენიმე პირობა, რომელზეც თანხმობა საეჭვოა, რადგან თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ საჭიროა მოლაპარაკება და ომის დასრულება.

„უკრაინის ომთან დაკავშირებით ამერიკაში აზრთა სხვადასხვაობაა. ერთმა ნაწილმა, რომელიც კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების მხრადამჭერებს წარმოადგენენ, ამ სეგმენტის პოლიტიკური აქტორები აცხადებენ, რომ ეს არის ზელენსკის გადარჩენის გეგმა და არა უკრაინის გამარჯვების.

„საქმე იმაშია, რომ ამ გეგმის მიხედვით, რასაკვირველია, თხოვნა/მოთხოვნაა მეტ დაფინანსებაზე, მეტ შეიარაღებაზე, ანუ ისეთ საშუალებაზე, რომელსაც შორ მანძილზე შეუძლია რუსეთის სტრატეგიული ობიექტების სამიზნეში ამოღება. ამ ეტაპზე ამის წინააღმდეგია როგორც ამერიკა, ასევე ევროპა.

„ამასთან, ამ გეგმის მიხედვით, მყარი გარანტიები უნდა იყოს იმისათვის, რომ ნატოში უკრაინას აუცილებლად მიიღებენ და გაგრძელდება კომპლექსური სამხედრო განათლების მინიჭება უკრაინელი სამხედროებისთვის.

„ბუნებრივია, უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებაზე ყველა თანახმა არ იქნება, მათ შორის კონგრესი, სადაც ქვედა პალატაში რესპუბლიკელებს აქვთ უმრავლესობა. თუმცა, არა მხოლოდ რესპუბლიკელების პოლიტიკურ წრეებში, არამედ დემოკრატებშიც სულ უფრო ხმამაღლა გაისმის ის მოსაზრება, რომ კმარა დამატებითი დაფინანსება, რადგან ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კიევსა და მოსკოვს შორის მოლპარაკება და ომი დასრულდეს.

„თუმცაღა, ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით, საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები აქვთ თუნდაც ევროპაში, მათ შორის ზელენსკის მხარდამჭერ ქვეყნების ბევრ ქალაქებში, სადაც პირდაპირ ამბობენ, რომ კრემლთან სამშიდობო მოლაპარაკების შემდეგ უკრაინა გარკვეულ ტერიტორიებს დროებით დაკარგავს.

„ტერიტორიებისდროებითი დაკარგვის უმწარესი გაკვეთილი საქართველომ იცის. ეს ნიშნავს რუსული ძალების მიერ 1/5-ის ოკუპაციას. რამდენად დათანხმდება ზელენსკი და მისი გუნდი ქვეყნის ამგვარ მოწყობას, ეს ძალიან სათუოა, იმიტომ, რომ ასევე დასავლური წყაროების ცნობით, ზელენსკის გუნდი მონოლითური აღარ არის და ამ ეტაპზე იქ საკმაოდ კულუარული, მაგრამ მწვავე მოსაზრებებია, რომ ომის გაგრძელება უკრაინას აღარ შეუძლია და მოლაპარაკებები საჭიროა. ბუნებრივია, რაც უფრო იწელება ომი, მით უფრო მეტ ავაზიკურ სარგებელს იღებს დამპყრობელი, ამ შემთხვევაში პუტინის რეჟიმი.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ომის ბედი ფორსირებულად გადაწყდება ამერიკის 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ. ვერ ვიტყვი დანამდვილებით ვინ იქნება თეთრი სახლის ახალი ხელმძღვანელი, თუმცა, დემოკრატებიშიც არის ისეთი განწყობები, რომ ევროპის კონტინენტზე მშვიდობა აუცილებელია, ასევე, მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ომის წარმოება და უკრაინის დახმარება ძალიან ძვირად უჯდებათ თავად ამერიკელებს და ამერიკულ ეკონომიკას. ჩემი აზრით, ამ წლის ბოლომდე სიტუაცია კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, თუ რა ბედი ეწევა უკრაინას.

უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნები მკვეთრ უარს ამბობენ. გაწევრიანების ყველაზე დიდი მომხრეები არიან ბალტიის და აღმოსავლეთ ევროპის ცალკეული ქვეყნები, მაგრამ გასაგებია, რომ ნატოში მიღებაზე გადაწყვეტილება ერთსულოვანი უნდა იყოს.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს შორეული პერსპექტივაა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არარეალური პროგნოზია, რადგან ეს არავის არ აწყობს. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი რუსეთს დაუპირისპირდეს. ისინი შეშინებულები არიან, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთის მხრიდან გარკვეული პროვოკაცია მოეწყოს თუნდაც პოლონეთში, ან ბალტიის რომელიმე ქვეყანაში.

„ამიტომ ახლა სჯობს, რომ რუსეთი არ გააღიზიანონ და მეორე ყველაზე მთავარი, დანგრეული და დაქცეული ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება რეალურად მოაზროვნე პოლიტიკოსს არ უნდა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×