ნატალია ჯვარიძე
15.10.2024

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირის ბოლოს თავის „გამარჯვების გეგმას" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს წარუდგენს. ამის ფონზე კი უშუალოდ ფრონტზე ვითარება უკრაინელთათვის არც ისე სახარბიელოდ ვითარდება. რუსულმა ნაწილებმა, დონბასში წრმატებული წინსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, უკრაინელთა მიერ დაკავებულ კურსკის ოლქშიც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს.

„აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ აღებული ტერიტორიების დაახლოებით ნახევარი გათავისუფლებულია", - ამის შესახებ სპეცრაზმ „ახმატის" მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა განაცხადა.

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ანატოლი შარი კი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ოპოზიციაშია, თავის წყარეობზე დაყწრდნობით წერს, რომ კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მყოფმა უკრაინულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, რომ მზად იყვნენ უკან, უკრაინის ტერიტორიაზე გადანაცვლებისათვის.

ქართველი სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, კურსკის ოლქში რუსების გარკვეული წარმატება სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა. თუმცა, მათივე აზრით, სწორმა მოქმედებებმა, შესაძლოა, მდგომარება გამოასწოროს.

„ფაქტობრივად, რუსებმა უკრაინელების თავდაცვითი ხაზები გაარღვიეს და ნახევარზე მეტი ტერიტორიაზე გაათავისუფლეს. სავარუდოდ, ახლა ბრძოლები ქალაქ სუჯაზე გადავა", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და სამხედრო ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".

უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში 6 აგვისტოს შეიჭრნენ და რამდენიმე დღეში 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავეს. დაახლოებით ერთ თვეზე მეტია კი, რუსეთის შეიარაღებულმა ნაწილებმა ამ ტერიტორიაზე კონტრშეტევა წამოიწყეს.

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ უკრაინას ისედაც არ ჰქონდა ჩაფიქრებული კურსკის ოლქის სამუდამოდ დაკავება. მათი მიზანი უფრო მოწინააღმდეგის გამოფიტვა იყო და ახლაც შესაძლებელია უკრაინული ძალების მიერ კურსკში რუსების ალყაში მოქცევა.

„ფაქტია, რომ რუსებს რაღაც გარკვეული წარმატებები აქვთ. მათ მოახერხეს 40-ათასიანი დაჯგუფების შექმნა, რომლითაც ეს შეტევა განხორციელდა. მარცხენა მხრიდან შევიდნენ სოლისებურად, მაგრამ წარმოიდგინეთ უკრაინას იქ არ აქვს რაღაც ფორტიფიცირებული ნაგებობები და თავდაცვის ზღუდები მოწყობილი. უკრაინა უფრო მობილურ-თავდაცვას ახორციელებს და შესაბამისად, რუსებმა შესვლა შეძლეს. თუ არ ვცდები 10 კილომეტრამდე შევიდნენ და დასახლებული პუნქტი დაიკავეს.

„მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ არ მგონია უკრაინას ეს კურსკი რაღაც სამუდამოდ დასაკავებლად სჭირდებოდეს. ამისთვის არც თავდაცვაა მოწყობილი და არც შესაბამისი ძალები არაა. მათ ეს რეგიონი ზუსტად იმისთვის აქვთ, რომ იქ მანევრული ბრძოლები აწარმოონ და რუსები გამოფიტონ. თუკი უკრაინელები შესაბამის კონტრშეტევას განახორციელებენ, შესაძლოა ის ჯგუფი, რომელიც მათ განლაგებაში შეიჭრა, უკრაინულმა ძალებმა ფლანგებიდან მოწყვიტონ და ალყაში მოაქციონ", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ მაისია მიიჩნევს, რომ, რამდენიმე მიზეზის გამო, უკრაინელების შეტევები ამ ტერიტორიაზე შეანელა. მისივე თქმით, მდგომარეობის შესანარჩუნდებლად უკრაინამ საბრძოლო ჯგუფები სწორად უნდა გადაანაწილოს.

„რუსებმა გარკვეულწილად ძალების კონცენტრაცია შეძლეს, რიცხოვნობით 3-4-ჯერ მეტი, ძლიერი დაჯგუფების შექმნა მოახერხეს და კურსკის მიმართულებაზე დასავლეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან შეუტიეს. ვერ გეტყვით საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუმცა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამოცანა დაუსახა, რომ 30 ოქტომბრამდე ეს მხარე გაეწმინდათ. 2 კვირა აქვთ კიდევ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით ინიციატივა რუსების ხელშია.

„უკრაინას გაუჭირდა ბელგორდსა და სხვა რეგიონებში ახალი პლაცდარმის გაკეთება, რაც მათზე კიდევ უფრო ცუდად აისახა. ამასთან, რუსებმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე შეტევები არ შეაჩერეს. მათ ზაპოროჟიეს რაიონში მცირე ტაქტიკურ წარმატებასაც მიაღწიეს და ხარკოვის მიმართულებაზე ახორციელებენ შეტევას. საჭიროა უკრაინამ თავისი არსებული საბრძოლო ჯგუფები რაღაცნაირად სწორად გადაანაწილოს, რომ საბოლოო ჯამში შეინარჩუნოს, ის მდგომარეობა, რაც გააჩნიათ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×