
ლიბანის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოვკმა ლიბანში ჩასვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გაეროს სამშვიდობო მისიის ძალები კონფლიქტის ყველა მხარემ უნდა დაიცვას.
„ლიბანი ჩამოშლის ზღვარზეა, ქვეყნის სრული დესტაბილიზაცია საბედისწერო იქნება, როგორც ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ყველაზე რელიგიურად მრავალფეროვანი საზოგადოებისთვის, ასევე, მთელი რეგიონისთვის.
გაეროს სამშვიდობოებზე ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევს", - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
საგარეო პოლიტიკის ექსპერტს, კორნელი კაკაჩიას მიაჩნია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. მისივე თქმით, თუ ეს ომი არ დასრულდა, ამ ქვეყნის მომავალი კიდევ უფრო გაურკვეველი გახდება.
„ძირითადად აქ საუბარია ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, ანუ, ზოგადად, ეს ომი რასაც იწვევს, რადგან ამას ძალიან მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტი აქვს.
„ლიბანის მოსახელობა ომამდეც არ იყო მაინც და მაინც დალხინებული, ახლა კი განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არის. ლიბანელ ხალხს უმძიმეს სიტუაციაში აგდებს საბრძოლო დაპირისპირება ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის და ასევე ის გაურკვევლობა, რომელიც არსებობს.
„განსაკუთრებით იმ ადამიანებზე აისახება ცუდად, სადაც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაურკვეველს გახდის ლიბანის სტაბილურობას და საერთოდ ამ ქვეყნის მომავალს, თუ ეს ომი რაღაცნაირად არ ჩაცხრა, რადგან ქვეყანას ამ გაურკვევლობაში ყოფნის რესურსები დიდხანს არ ეყოფა. ამიტომაც არის, რომ ევროკავშირის ქვეყნები და სხვები დახმარებას ყველანაირად ცდილობენ, რათა რაღაცნაირად ეს კრიზისი დაძლიონ", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ლიბანის ცუდ სიტაუციაში ყოფნა ერთის მხრივ, ტერორისტული დაჯგუფების არსებობა და მეორეს მხრივ, ისრაელის თავდასხმები განაპირობებს.
„იქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომ ლიბანის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას" სამხედრო ბაზები არსებობს და ასევე, იქ უკონტროლო ტერიტორია, ბეკას ველი მდებარეობს, სადაც ტერორისტები მომზადებას გადიან.
„ბუნებირივია, ერთის მხრივ, ეს ტერორისტული დაჯგუფების არსებობა და მეორეს მხრივ, ისრაელის საპასუხო თავდასხმები ქვეყანაზე ნეგატიურად აისახება. თუმცაღა, იმედია, რომ ლიბანი საბოლოოდ არ განადგურდება.
„თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ქვეყანას 10-წლიანი სამოქალაქო ომი გადატანილი აქვს და მაინც გაუძლო. როდესაც ახლო აღმოსავლეთში პრობლემები მოგვარდება, ლიბანშიც შედარებით სტაბილიზაცია დაისადგურებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".