ნატალია ჯვარიძე
26.10.2024

შაბათს ღამით ისრაელმა ირანის სამხედრო ობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, თვითმფრინავებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეებისა და ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ობიექტებს დაარტყეს. ისრაელში ამბობენ, რომ „ეს მკაფიო სიგნალია - მას, ვინც ისრაელს დაემუქრება, ეს ძვირი დაუჯდება".

ეს იყო ისრაელის პასუხი ირანის მიერ 1-ლ ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად განიხილებოდა, რომ შესაძლო სამიზნეები ირანის ბირთვული ობიექტები და სანავთობო ინფრასტრუქტურა ყოფილიყო, მაგრამ ოქტომბრის შუა რიცხვებში ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გარანტია ისრაელისგან, რომ ის არ დაარტყამდა ასეთ სამიზნეებს.

ამასთან, ზოგიერთი წყაროს ცნობით, 26 ოქტომბრის თავდასხმის მთავარი მიზანი იყო არა ირანისთვის მასშტაბური ზიანის მიყენება, არამედ უფრო იმის დემონტსრირება, რომ ისრაელი მის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს. მათივე ინფორმაციით, ირანმა სხვადასხვა არხებით წინასწარ მიიღო ინფორმაცია სამიზნე ობიექტებისა და დარტყმის სავარაუდო მასშტაბებზე. თუმცა, ამ შეტევას მსხვერპლი მაინც მოჰყვა - ირანული მედიის ინფორმაციით, დაუღუპა ორი ირანელი სამხედრო.

აღსანიშნავია, რომ ირანის მიერ ისრაელზე 1-ლ ოქტომბერს განხორციელებული სარაკეტო სწორედ ასე შეფასდა - როგორც „დარტყმა დარტყმისათვის". მაშინაც იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ისრაელს სხვადასხვა არხებიდან ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია სამიზნე ობიექტებსა და დარტყმის მასშტაბებზე.

ანალიტიკოსები აღარ ელიან, რომ 26 ოქტომბრის ისრაელის დარტყმას ირანზე რამე საპასუხო ქმედებები მოჰყვება. ვაშინგტონში კი იმედოვნებენ, რომ ამით დასრულდება ისრაელსა და ირანს შორის დარტყმები.

თავის მხრივ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელი იტოვებს უფლებას, თავი დაიცვას ირანის მხრიდან ახალი თავდასხმების შემთხვევაში.

„როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სუვერენულ ქვეყანას, ისრაელს აქვს პასუხის გაცემის უფლება და მოვალეობა. ჩვენი თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები სრულად არის მობილიზებული. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის ხალხის დასაცავად", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ.

მისივე თქმით, ისრაელი ამჟამად ღაზასა და ლიბანში ომის მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.

„ჩვენ ღაზასა და ლიბანში ომის მიზნებზე ვართ ორიენტირებული. სწორედ ირანია, რომელიც ფართო რეგიონული ესკალაციისკენ სწრაფვას აგრძელებს. ვიცით როგორ ავირჩიოთ დამატებითი სამიზნეები და საჭიროების შემთხვევაში მათ დავარტყათ. ეს მკაფიო სიგნალია - მას, ვინც ისრაელს დაემუქრება, ეს ძვირი დაუჯდება", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა

„სი-ენ-ენი" იუწყება, რომ ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა, რომელშიც 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა.

აფეთქებები ისმოდა ირანის დედაქალაქ თეირანში, თუმცა ისლამური რესპუბლიკა ამტკიცებდა, რომ მათ მხოლოდ „შეზღუდული ზიანი მიაყენეს".

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ისრაელმა „თავდასხმა განახორციელა სამხედრო ცენტრების ნაწილზე თეირანის, ჰუზესტანისა და ილამის პროვინციებში".

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ თავდასხმა წარმატებით იყო აღკვეთილი და მოგერიებული ირანის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ.

„დღეს დილით ისრაელმა სიტუაციის შემდგომი ესკალაციის მიზნით განახორციელა თავდასხმა რამდენიმე სამხედრო ობიექტზე თეირანის, ხუზესტანისა და ილამის პროვინციებში. მიუხედავად ქვეყნის ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის წარმატებული ჩარევისა და წინააღმდეგობისა, თავდასხმამ შეზღუდული ზიანი მიაყენა ზოგიერთ რაიონს, რომლის საბოლოო მასშტაბები ამჟამად შეფასების პროცესშია", - ნათქვამია განცხადების ტექსტში, რომელსაც ირანის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

ისრაელის სამხედროების ცნობით, აღნიშნული მისია მიზნად ისახავდა იმ „რაკეტების საწარმოო ობიექტების განადგურებას, რომლებიც გამოიყენებოდა იმ რაკეტების დასამზადებლად, რომლებიც ირანი გასული წლის განმავლობაში ესროდა ისრაელს". მათივე ინფორმაციით, მათ დაარტყეს მიწა-ჰაერი სარაკეტო ობიექტებს და „ირანის დამატებით საჰაერო შესაძლებლობებს".

ირანის საინფორმაციო სააგენტო კი წერს, რომ „ისრაელი თავისი სუსტი შეტევის გაზვიადებას ცდილობს".

„ცნობები იმის შესახებ, რომ თავდასხმაში ისრაელის 100-მა სამხედრო თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა, სრულიად მცდარია, რადგან ისრაელი ცდილობს თავისი სუსტი შეტევა გააზვიადოს", - წერს ირანული საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი".

ასევე, გამოცემის ცნობით, იერიშის დროს ისრაელის თვითმფრინავები ირანის საჰაერო სივრცეში არ შესულან და მათი სამიზნე თეირანში მდებარე ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ობიექტები არ ყოფილა.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი დარტყმები იყო მასშტაბური და ზუსტი. როგორც „გარდიანი" წერს, ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გააკეთა.

მისი თქმით, აშშ არ მონაწილეობდა ირანის მასშტაბით განხორციელებულ დარტყმებში, თუმცა ითანამშრომლა ისრაელის მთავრობასთან და მოუწოდა ისრაელს, განახორციელოს დაბალი რისკის თავდასხმა, სამოქალაქო მსხვერპლის გარეშე.

„როგორც ჩანს, ეს მიზანი მიღწეულია", - განაცხადეს ბაიდენის ადმინისტრაციაში.

თეთრ სახლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისრაელის ამ ოპერაციამ უნდა დაასრულოს ისრაელსა და ირანს შორის დარტყმები.

„ეფექტი წარმოადგენდა პროპორციულ თავდაცვით პასუხს, რომელიც მიმართულია მომავალი თავდასხმების შეკავებისა და ირანის მხრიდან შემდგომი თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობების შესუსტებისკენ", - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×