
ამერიკელები უკრაინა-რუსეთის ომს დატოვებენ, პირველ რიგში ისინი ამ ომს არ წაახალისებენ - „როიტერზის" ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა სახელმწიფო რადიოს განუცხადა. ანალიტიკოსების აზრით, ტრამპის გადაწყვეტილებაზე ბევრი ფაქტორი იმოქმედებს, მათ შორის ვინ დაიკავებს ადგილს სამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. სხვები კი რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდებიან.
„გულახდილად რომ გითხრათ, რაიმე მკვეთრი, რადიკალური ცვლილების მოლოდინი არ მაქვს, რადგან გაითვალისწინეთ, რომ წინასაარჩევნო განცხადებები და შემდგომ პრაქტიკული ნაბიჯები, როგორც წესი, აბსოლუტურად არ ემთხვევა. ვნახოთ, ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საერთაშორისო კონტექსტსა და შიდა პროცესებში", - განაცხადა საგარეო ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ აქ გადამწყვეტი იქნება, ვინ დაიკავებს ეროვნული უსაფრთხოების ახალი მრჩეველის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნების სავარძლებს.
„მთავარია, ვის წარადგენენ სამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ეს არის: ეროვნული უსაფრთხოებში მრჩეველი და სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის მდივნები, ამაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული. ალბათ, უკრაინის საკითხზე 20 იანვრის მერე, თავისი ინაუგურაციის სიტყვაში ისაუბრებს, ან სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა ქვეყნის მართვას შეუდგება".
ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპა აშშ-ის გარეშე მარტო ვერ შეძლებს ამ ომის დაფინანსებას.
„ამერიკელები უკრაინა-რუსეთის ომს დატოვებენ, პირველ რიგში ისინი ამ ომს არ წაახალისებენ. ევროპა მარტო ვერ დააფინანსებს ამ ომს. ზოგიერთს ჯერ კიდევ სურს გააგრძელოს უზარმაზარი თანხების გაგზავნა ამ წაგებულ ომში, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც დუმს და ვინც ფრთხილად ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ სიტუაციას, იზრდება", - აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, ტრამპი ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, შემდეგ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რის შემდეგაც გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას.
„ამ ეტაპზე სიტუაცია გაურკვეველია. სანამ დონალდ ტრამპი თავის საქმიანობას არ შეუდგება, რამეზე საუბარი ზედმეტია. თან ძალიან დიდი მნივნელობა აქვს, ტრამპის ინაუგურაციამდე როგორ განვითარდება მოვლენები. ამ დრომდე მას კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია, ანუ აქამდე ზოგადად ისაუბრა. სავარაუდოდ, ის ჯერ აპირებს ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკოს და შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის, რის შემდეგაც გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი არ ყოფილა და რავიცი როგორ აპირებს ომის დასრულებას ამაზეც არაფერია ნათქვამი," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
„უკრაინაში ომის შეჩერების ის გეგმა, რომელიც ტრამპთან დაახლოებულმა პირებმა გააჟღერეს, გულისხმობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე 20 წლიან მორატორიუმს; ასევე, ცეცხლის შეწყვეტის ხაზის დღევანდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ დადგენას... თუ ამას მართლა მიიღებენ, ეს არა უკრაინის, არამედ დასავლეთის რუსეთთან მარცხის აღიარება იქნება. არა მგონია, უკრაინა ან ევროპა ამას დათანხმდეს. არც ის მგონია, რომ რესპუბლიკურმა კონგრესმა აშშ-ს ასეთი დამცირება აიტანოს. თუ კოლექტიური დასავლეთი, ჯერ კიდევ აპირებს სიცოცხლეს და თვითგანადგურება არ დაუსახავს მიზნად, ამ გეგმის გამოცხადებისთნავე უნდა ერთიანად გაემიჯნოს ტრამპს," - დაწერა პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა ფეისბუქში.