საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაჰპირდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამასთან მან აღნიშნა, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ. მისივე თქმით, საფრანგეთმა უნიკალური მოდელი შეიმუშავა და ამ მოდელმა ახალი სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შთააგონოს.
სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, სამხედრო მხადაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინის არმიის გაძლიერება.
„უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე, რადგან ეს ასევე საშუალებას მისცემს უკრაინის ხელისუფლებას, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როდესაც ისინი ამას გადაწყვეტენ. სამხედრო მხარდაჭერა ძალიან მნიშველოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის არმიის გაძლიერება.
„პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ უპრეცედენტო საწვრთნელ პროგრამას აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც 2000 უკრაინელი ჯარისკაცი გადის წვრთნას ბრიგადაში, რომელსაც ფრანგი ჯარისკაცები ხელმძღვანელობენ და ფრანგულ აღჭურვილობას იყენებენ. მეორეც, ჩვენ გავაგრძელებთ მხადაჭერას. ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთის ღრმა შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაძლიერედება. ჩვენ კვლავ მივაწოდებთ „მისტრალის" რაკეტებს, კერძოდ, საბრძოლო ზონების დასაცავად.
„მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ჩვენი თავი ამერიკელების ადგილზე წარმოვიდგინოთ: არიზონას ან ნევადის გადამხდელებმა უნდა დააფინანსონ პოლონელების თუ გერმანელების უსაფრთხოება? ერთიანი გლობალური ორგანიზაციის ფარგლებში და ახალი საფრთხეების ფონზე, ბუნებრივია, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ", - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
სამხედრო ანალიტიკოსს ლაშა ბერიძეს მიაჩნია, რომ თუკი ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნულ უსაფრთხოებაში უკან დაიხევს და უკრაინის დახმარებას შეწყვეტს, ევროპამ საკუთარი რესურსებით უნდა გააგრძელოს უკრაინის მხადაჭერა.
„ევროპამ უსაფრთხოება თავის თავზე უნდა აიღოს. უკრაინის ომი არის ევროპული უსაფრთხოების საკითხი და თუკი დონალდ ტრამპი რაღაც მიზეზების გამო მოინდომებს, უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას, რისი საშიშროებაც არსებობს, საფრანგეთი აკეთებს იმას, რომ ევროპამ თავისი რესურსებით უკრაინის მხადაჭერა გააგრძელოს და დახმარება არ უნდა შეუწყვიტოს, ძლიერ პოზიციაზე აყენებს პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინას და ევროკავშირს. ისინი ამით ტრამპს ეუბნებიან, რომ შენ თუ არ დაგვეხმარები, რაღაცის თავი ჩვენც გვაქვს.
„საფრანგეთი ეთანხმება იმ აზრს, რომ ევროკავშირის ჯარი შეიქმნას, ნატოს ალტერნატივა ევროპაში. ფაქტია, რომ ევროპელებმა ფიქრი დაიწყეს, რომ თუ ტრამპი ეროვნულ უსაფრთხოებაში უკან დაიხევს, მზად იყვნენ. ამის რესურსი მათ გააჩნიათ. ბოლოს და ბოლოს საფრანგეთი ბირთვული სახელმწიფოა, თუ ბრიტანეთიც მიიერთეს, ასევე გერმანია, რომელიც უდიდესი სამხედრო ძალაა, გააერთიანებენ ევროპის ქვეყნებს და შექმნიან ევროპის შეიარაღებულ ძალებს", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".
გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით, ევროპის ძალისხმევის გაერთიანების პროცესი უკვე დაწყებულია და მისი დაჩქარება, ან შენელება ტრამპის ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
„ფრანგებს ყოველთვის ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ ჩამოეყალიბებინათ დამოუკიდებელი ევროპის უსაფრთხოება და მას უნდა ჰქონოდა მოწინავე როლი. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება იმის გამოვლინებაა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განმავლობაში აუცილებელია სამხედრო პოტენციალის გაზრდა, რომელიც მნიშნელოვნად შემცირებული იყო.
„იმ მოდელზე, რაც მინისტრმა თქვა, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ რადგან განცხადებას აკეთებენ, ალბათ რაღაც შემუშავებულია.
ევროპის ძალისმხევის გაერთიანება საკმაოდ რეალურია და ფაქტობრივად, ეს პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც სამხედრო პოტენციალი გაიზარდა და ევროპა საკმაოდ კარგი ურთიერთთანამშრომლობით უკრაინის ეხმარება. ტრამპის ნაბიჯებმა შეიძლება ეს პროცესი შეანელოს, ან პირიქით, დააჩქაროს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".