გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მალე კვლავ შეეცდება დიალოგის დამყარებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შოლცის თქმით, პუტინთან მარტო საუბარს არ აპირებს. „დიახ, გვეგმავ რუსეთის პრეზიდენტთან საჭირო დროს დალაპარაკებას, მაგრამ მე ვარ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, მე ამას მარტო არ გავაკეთებ", - აღნიშნა შოლცმა.
მისივე თქმით, პუტინთან საუბარი მოითხოვს ბევრ კონტაქტს და მოლაპარაკებას სხვა მხარეებთან. შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინასთან დაკავშირებული ვითარების განხილვა.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ ევროპელი ლიდერების და პუტინის შეხვედრა შედგეს, კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, თუმცა მისივე თქმით, ეს შედეგიანი არ იქნება.
„გამორიცხული არაა, რომ ევროპელ ლიდერებსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართოს, მაგრამ ევროპელების მხრიდან ისევ და ისევ მოთხოვნა იქნება, რუსებმა უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს და ამის შემდეგ იქნება საუბარი რაღაც სანქციების შემსუბუქებაზე. როგორც ვიცით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი აამოქმედა და შესაძლებელია ამ მხრივ რაღაც შესთავაზონ.
„არამგონია ეს შეხვედრა შედეგიანი იყოს, რადგან რუსეთი მაინც არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ევროკავშირი კი თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ეცდება კონფლიქტის დარეგულირებას. რა თქმა უნდა, ევროპა ანგარიშს უწევს ტრამპის გაპრეზიდენტებას.
„ღმერთმა დაიფაროს და თუ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის დახმარებას შეამცირებს, ევროპა მხარდაჭერას მაინც გააგრძელებს. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის გუშინდელი განცხადებაც ამაზე მიუთითებს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრითაც, ევროპელი ბოლოჯერ ეცდებიან მხარეების კონსესუსამდე მიყვანას, თუ არა და ისინი უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ.
„მგონი ევროპული ლიდერები სოლიდარულები არიან იმაზე, რომ უკრაინის მხადაჭერა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, ტრამპის ადმინისტრაცია რას გადაწყვეტს. სხვათა შორის, პოლონეთის პრემიერმა ასეთი იდეაც კი წამოაყენა, რომ შეიქმნას უკრაინისთვის ევროპული დახმარების ალიანსი, თუკი ტრამპი დახმარებაზე უარს იტყვის.
„როგორც ჩანს, ისინი ბოლოჯერ ეცდებიან მხარეები კონსენსუსამდე მიიყვანონ. თუ არ გამოვიდა, ბუნებრივია, ევროკავშირი უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ანჟეი დუდა ამერიკაში გაემგზავრა, მას ტრამპთან არაოფიციალური შეხვედრები ექნება და ალბათ მერე გაჟღერდება დეტალები.
„რაღაც ეჭვი მეპარება რუსეთი დათმობაზე წავიდეს, პირიქით, ულტიმატუმები წამოაყენა. მან კატეგორიულად მოითხოვა 4 უკრაინული რეგიონის პირდაპირი გაგებით, ანექსია და თქვა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებს. თუ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები არ მოითხოვა, არაფერია გამორიცხული", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".