საფრანგეთის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Mirage 2000-5F ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის მიწოდება ოფიციალურად დაადასტურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწის მოადგილე თავდაცვის ინვესტიციების საკითხებში, აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი გორდონ დევისი აცხადებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, საფრანგეთი მზად არის უზრუნველყოს როგორც თვითმფრინავების მიწოდება, ასევე პილოტების მომზადება.
ჯერ კიდევ ივნისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას რამდენიმე ფრანგულ Mirage 2000-5 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემდნენ და 4 500 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს მოამზადებდნენ.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნული თვითმფრინავები საკმაოდ ქმედითი და გამოცდილი საბრძოლო იარაღებია, რაც უკრაინას ძალიან დაეხმარება.
„ეს საკმაოდ ქმედითი და გამოცდილო თვითმფრინავებია. უახლესი არაა, მაგრამ ძალიან კარგი შესაძლებლობების მატარებელია. ის არის უნივერსალური, შეუძლია მრავალი ფუნქცია შეასრულოს - სახმელეთო ძალის მხარდაჭერა, საჰაერო დარტყმის განხორციელება, საჰაერო ბრძოლის წარმოება და ა.შ.
„მგონი ახლა უკრაინისთვის ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კარგია, რომ მიაწოდეს. როგორც ჩანს, უფრო მეტად იკვეთება საფრანგეთის აქტიური როლი უკრაინის დახმარებაში", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, „მირაჟ 2000-ები" უკრაინას საკმაოდ დაეხმარება, თუნდაც ფრონტის წინა ხაზზე მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
„ეს არის სამი პლუსის მოიერიშე ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც საკმაოდ კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა. ის ამერიკული F-16-ების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო საბრძოლო სამხედრო თვითმფრინავად ითვლება. ასე რომ, ისინი უკრაინას კარგად წაადგება ფრონტის წინა ხაზზე არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".