აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული დაზვერვის დირექტორად კონგრესის ყოფილი წევრი, ტულსი გაბარდი დაასახელა, - ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს. ტრამპის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტულსი გაბარდი აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებას „უშიშარ სულისკვეთებას" მოუტანს.
„ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ტულსი იბრძვის ჩვენი ქვეყნისა და ყველა ამერიკელის თავისუფლებისთვის. მე ვიცი, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას მოუტანს უშიშარ სულისკვეთებას, დაიცავს რა ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და უზრუნველყოფს მშვიდობას სიმტკიცის მეშვეობით. ტულსი ყველას ამაყს გაგვხდის", - განაცხადა ტრამპმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაიასაის მიაჩნია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეცდება გეოეკონომიკური ძლიერების წარმოჩენას და არა გეოპოლიტიკურის. როგორც მან აღნიშნა, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით სავარაუდოდ, რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს, რომელიც მიმართული იქნება მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად.
„როგორც მე ვატყობ, ტრამპის არჩევანი ძალიან ჭრელია და საკმაოდ ამბიციურიც, რადგან რაც მისი პირველი მმართველობის პერიოდში „დემოკრატებთან" მიმართებაში გამორიცხული იყო, ახლა შეიცვალა. ამას ამტკიცებს ტრამპისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა. მგონი ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი იდეა იქნება ჯერ კიდევ ბაიდენის მიერ წამოყენებული გეგმა განხორციელდეს.
„ეს პროექტი ითვალისწინებს სანკტ პეტერბურგიდან მუმბაიმდე კორიდორის გახსნა-განვითარებას. ეს იდეა ჯერ კიდევ ჯო ბაიდენმა 2022 წელს დელისში გამართულ სამიტზე დააფიქსირა. როგორც ჩანს, ტრამპი ბაიდენის ამ გეგმას გადაიბარებს და ამის რეალიზებას დაიწყებს.
„რა თქმა უნდა, ტრამპი და ბაიდენი განსხვავდებიან. ტრამპს თავისი დღის წესრიგი აქვს. მაგალითად მისი მიზანია არალეგალური მიგრანტების შეზღუდვა, შიდა ეკონომიკური პოლიტიკის გაჯანსაღება, სოციალური პრობლემის მოგვარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ამერიკისთვის და რა თქმა უნდა, ამერიკის ეკონომიკური ძლიერების წარმოჩენა, ანუ გეოეკონიმიკურ მსოფლიო წესრიგში ამერიკის ჰეგემონობის მოპოვება და არა პოლიტიკურ წესრიგში.
„აქედან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი ამოსავალი წერტილი ეს იქნება. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი მზადაა, რომ დაუპირისპირდეს ჩინეთს, რომელსაც თავისი ეკონომიკური ამბიციები აქვს. ასევე, ის გარკვეულწილად მზადაა, რომ ევროკავშირთან კონფრონტაციაში შევიდეს.
„ასე რომ, მე ასე მგონია, ტრამპს ამაზე ექნება ყურადღება გამახვილებული, ვიდრე გეოპოლიტიკურ ასპექტზე. სავარაუდოდ, გეოპოლიტიკურ მიმართულებით, ტრამპი უბრალოდ გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს მსოფლიო წესრიგისთვის.
„მაგალითად, ის ეცდება უკრაინაში ომის შეჩერებას, თავისი წვლილის შეტანას ისარელსა და არაბულ საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოგვარებას თუ არა, გაყინვას მაინც და შესაბამისად, წყნარი ოკეანეთის სივრცეში ამერიკის პოზიციების ხელახლა დაბრუნებას", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".