ნატალია ჯვარიძე
14.11.2024

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ნატოს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრაზე უკრაინისთვის „მიგ-29" ტიპის ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

„ჩვენ „მიგ-29"- ების საკითხზე ვისაუბრეთ, რომლებიც ჩვენს მარაგშია დარჩენილი, რადგან რამდენიმე უკრაინას ცოტა ხნის წინ გადაეცა. ჩვენ კიდევ ერთი ესკადრილია გვყავს და ამ კუთხით საქმე გადაწყვეტილებას ეხება. ახლა ამ თვითმფრინავებს ვიყენებთ, „მიგ-29" - ებს, რომლებიც ჩვენს მისიებში მონაწილეობენ. თუ მათ უკრაინას გადავცემთ, მაშინ ერთი ფუნდამენტური პირობა არსებობს, კერძოდ, ჩვენი ცა დაცული უნდა იყოს", - განაცხადა ანჯეი დუდამ.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთი მზად არის უკრაინას თვითმფრინავები გადასცეს, თუ დასავლეთი გამანადგურებლების პოლონეთის ავიაბაზებზე გადაყვანას გადაწყვეტს.

ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული თვითმფრინავის მთავარი დანიშნულებაა ჰაერში ბრძოლა.

„ეს არის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლის მთავარი მოვალეობაა მოწინააღმდეგის ავიაციას საჰაერო ბრძოლა გაუმართოს. ეს არის მისი ძირითადი დანიშნულება, ანუ ჰაერში ბრძოლა.

„პოლონეთს „მიგ-29"- ების გადაცემა იმიტომ არ უნდა, რომ პირველ რიგში საკუთარი საჰაერო სივრცის გაძლეიერებაზე ფიქრობს და მეორეც, ეს ერთგვარი ვაჭრობის საგანია. ამით დასავლეთს ეუბნება, რომ მაშინ სამაგიეროდ თქვენ მომეცით დამატებით „F-16"-ები, ან ნატოს და დასავლეთის წევრი ქვეყნების ავიაციამ იმორიგეოს პოლონეთის ჰაერში, პატრულება განსახორციელოს. ესეც პოლიტიკური ვაჭრობა", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

პოლკოვნიკ ლაშა ბერიძის შეფასებით, უკრაინისთვის „მიგ-29" - ების გადაცემა მნიშვნელოვანია.

მიგ-29" გამანადგურებელი საბჭოური წარმოების თვითმფრინავია. რუსეთი ბალისტიკურ რაკეტებს ძირითადად საჰაერო პლატფორმებიდან ახორციელებს და თუ უკრაინას „მიგ-29 - ები" გადაეცემა, მათ თავისუფლად მოქმედება უკრაინის სიახლოვეს გაუჭირდებათ.

„ასევე, აღნიშნული თვითმფრინავები შეიძლება გამოიყენონ რუსული პოზიციების წინააღმდეგაც. ახლა რა შეიარაღებასაც უკრაინა მიიღებს, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×