აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციას უკვე ავსებს და საკვანძო თანამდებობებზე საკმაოდ "არა სისტემურ" პირებს ნიშნავს, ამიტომაც ზოგიერთი ექსპერტი ამერიკის შიდა და საგარეო პოლიტიკაში გარკვეულ ცვლილებებს პროგნოზირებს. სხვები კი მნიშვნელოვანს არაფერს ელოდებიან.
„მე არ ვფიქრობ, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია პოლიტიკას შეცვლის, რადგან ამერიკა ისეთი დიდი და მძიმე ხომალდია, რომ საეჭვოა ერთი პრეზიდენტის საკადრო გადაწყვეტილებებმა ის კურსი ასე უცებ შეცვალოს", - განაცხადა საგარეო ექსპერტმა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".
საგარეო ექსპერტის კორნელი კაკაჩიას აზრით კი, ტრამპი იმდენად რადიკალურ პირებს ნიშნავს, რომ ამერიკელები ძალიან შეშფოთებულები არიან.
„ტრამპი იმდენად განსხვავებულ და რადიკალურ პირებს ნიშნავს, რომ თვითონ ამერიკელებიც შეშფოთებულები არიან, ვინაიდან არ იციან, რას გააკეთებს ეს ხალხი ამ 4 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ეს გავლენას მოახდენს არა მარტო ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც".
როგორი იქნება ახალი ადმინისტრაცია
დონალდ ტრამპმა მომავალი ადმინისტრაციის წევრების ნაწილის ვინაობა გაამხილა, რომელთა შორის მოხვდა ილონ მასკი, რომელიც ჯერჯერობით არარსებულ „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს" ჩაუდგება სათავეში. მასკთან ერთად ახლად შექმნილ დეპარტამენტს ყოფილი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი ვივეკ რამასვამი უხელმძღვანელებს. ტრამპის განცხადებით, კომისია არა ოფიციალური სამთავრობო უწყება, არამედ მრჩეველთა საბჭო იქნება, რომელიც „მთავრობას გარედან უხელმძღვანელებს და კონსულტაციებს გაუწევს". დეპარტამენტის მთავარი მიზანი „სამთავრობო ბიუროკრატიის დემონტაჟი, ჭარბი რეგულაციებისა და უსარგებლო ხარჯების შემცირება და ფედერალური სააგენტოების რეკონსტრუქცია" იქნება.
გარდა ამისა, ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ჩრდილოეთ დაკოტას შტატის გუბერნატორი, დუგ ბურგუმი დაინიშნება.
„მოუთმენლად ველი ოფიციალური განცხადების გაკეთებას. ის უხელმძღვანელებს შინაგან საქმეთა დეპარტამენტს და ეს ფანტასტიკური იქნება", - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, Mar-a-Lago Club-ში.
ასევე, არჩეულმა პრეზიდენტმა გენერალური პროკურორის კანდიდატად ფლორიდის კონგრესმენი მეტ გეტცი დაასახელა. თავდაცვის მინისტრად კი, Fox News-ის წამყვანი და სამხედრო ვეტერანი პიტ ჰეგსეთი.
რაც შეეხება დაზვერვას, მას სათავეში კონგრესის ყოფილი წევრი და ყოფილი სამხედრო, ტულსი გაბარდი იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანური სერვისების დეპარტამენტის მომავალი მინისტრის პოსტზე არჩევანი ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსზე გააკეთა.
„ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტი დიდ როლს შეასრულებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა დაცული იყოს მავნე ქიმიკატებისგან, დამაბინძურებლებისგან, პესტიციდებისგან, ფარმაცევტული პროდუქტებისა და საკვები დანამატებისგან, რამაც ხელი შეუწყო ჯანდაცვის უზარმაზარ კრიზისს ამ ქვეყანაში", - წერს ტრამპი „ტვიტერზე".
„სიენენი" წერს, რომ კენედი წლების განმავლობაში ავრცელებდა ვაქცინების საწინააღმდეგო შეთქმულების თეორიებს და სიცრუეს მათი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ" დაიწყებს ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესწავლას, მაგრამ პირობა დადო, რომ „ვაქცინებს არავის წაართმევს".
CNN-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც ტრამპმა რობერტ კენედი უმცროსი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეარჩია, ვაქცინების ცნობილი მწარმოებლების აქციების ფასები დაეცა.
კორნელი კაკაჩიას აზრით, ახალი ადმინისტრაციის მეორე ნახევარი შედარებით ადეკვატურია, რაც ამერიკელებს აიმედებს.
„ტრამპი იმდენად განსხვავებულ და რადიკალურ პირებს ნიშნავს, რომ თვითონ ამერიკელებიც შეშფოთებულები არიან, ვინაიდან არ იციან, რას გააკეთებს ეს ხალხი ამ 4 წლის მანძილზე. აქედან გამომდინარე, ეს გავლენას მოახდენს არამარტო ამერიკის შიდა პოლიტიკაზე, არამედ საგარეო პოლიტიკაზეც. გასაგებია, რომ ეს გავლენას საქართველოზეც იქონიებს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რა პოლიტიკას გაატარებს ახალი ადმინისტრაცია უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ოთხ ექსპერტს ვკითხეთ, მათ შორის ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ყოფილ ელჩს და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს იმის შესახებ, თუ როგორი პოლიტიკა ექნება ტრამპს საქართველოსთან მიმართებაში, ისინი დამაიმედებელს არაფერს პროგნოზირებენ, ვინაიდან ამერიკაში საქართველოს ინტერესი არაა.
გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ნახევარია, რომელთაც მოვლენების აღქმა ჯერ ადეკვატურად შეუძლიათ. ყველას იმედი აქვს, რომ ის პირველი, რადიკალური ნაწილი რაღაცებს ისწავლიან და როცა თანამდებობაზე მოვლენ გარკვეულ ცვლილებებს განიცდიან იქიდან გამომდინარე, რომ მრჩევლები, თანაშემწეები ეყოლებათ და დაეხმარებიან", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".