ნატალია ჯვარიძე
18.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, გამოიყენოს ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" აშშ-ის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ეს გარკვეულწილად გავლენას იქონიებს ფრონტზე და უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს.

„რა თქმა უნდა, ეს ომის მსვლელობას შეცვლის, რადგან რუსეთს ასე თამამად დაბომბვები გაუჭირდება და მოუწევს სიღრმის გაზრდა. თუკი დადგება მოლაპარაკების დრო, უკრაინა ძლიერ პოზიციაზე იდგება", - განაცხადა პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

გამოცემა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს.

ამასთან, მედია წერს, რომ უსაფრთხოების გამო წყაროებმა დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. ასევე, აღინიშნება, რომ უკრაინა გეგმავს განახორციელოს თავისი პირველი შორ მანძილზე შეტევები უახლოეს დღეებში.

ამერიკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ცვლილება არის რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხი, რამაც ვაშინგტონსა და კიევში შეშფოთება გამოიწვია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა, რომ უკრაინის სამხედროებს ჰქონოდათ საშუალება გამოეყენებინათ ამერიკული იარაღი რუსულ სამხედრო სამიზნეებზე დასარტყმელად საზღვრიდან მოშორებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ასეთი რამ წინასწარ არ შეიძლება გამოცხადდეს".

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ.

„დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. რაკეტები თავად ილაპარაკებენ. აუცილებლად", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ადასტურებს, რომ უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დარტყმის ნებართვა მიიღო.

ნაუსედას განცხადებით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში.

„ეს დღე დადგა! უკრაინას შეუძლია რუსეთში სამხედრო ობიექყებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაარტყას. ეს არის გადამწყვეტი მომენტი აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში. მშვიდობა სისუსტით ვერ მიიღწევა. მშვიდობა ძლიერთა ჯილდოა. იყავი ძლიერი უკრაინა", - წერს ნაუსედა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა რუსეთის სიღრმეში სარაკეტო დარტყმაზე ნებართვისთვის გაცემას უპრეცედენტო ნაბიჯი უწოდა, რომელსაც „მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე მივყავართ".

„ეს უპრეცედენტო ნაბიჯია. ეს არის ძლიან დიდი ნაბიჯი მესამე მსოფლიო ომის დაწყებისკენ და ამერიკელები ამას გააკეთებენ წამსვლელი მოხუცის ხელით, რომელიც ორ თვეში აღარ იქნება პასუხისმგებელი არაფერზე", - აღნიშნა ჯაბაროვმა.

მისი თქმით, რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება.

„ვფიქრობ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა გაუმკლავდება ასეთ შეტევებს. ჩვენ გვაქვს ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა. საპასუხო დარტყმა იქნება ისეთი, რომ უკრაინაში გადაწყვეტილების მიღების ყველა ცენტრი, დნეპრზე ყველა ხიდი შეიძლება დაინგრეს. დარტყმა შეიძლება იყოს საშინელი", - განაცხადა ჯაბაროვმა.

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის შორი მანძლის იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია და თავის მხრივ გავლენას მოახდენს, თუმცა, მისივე აზრით, ეს ომს ვერ დაასრულებს.

„ძირითადი სურათი არ შეიცვლება. ის, რომ ეს არის გამარჯვების იარაღი და ომი დასრულდება, ასე არ მოხდება, თუმცა, რუსებს ვითარებას ძალიან გაურთულებს, ვინაიდან ისინი „ჰაიმარსის" რაკეტების გადამკიდე, უკვე იძულებულები არიან მართვისა და მომარაგების პუნქტები შორ მანძილზე გაიტანონ, რაც შესაბამისად მომარაგებასა და მართვას ართულებს.

„შორი მანძილის იარაღის გამოყენება, რა თქმა უნდა, შეასუსტებს რუსეთის შეტევით შესაძლებლობებს, მაგრამ როგორც ვთქვი, არამგონია ამან ომის დასრულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. თუმღაცა ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს მოლაპარაკების დაჩქარებაზე", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ლაშა ბერიძის აზრით, უკრაინის მთავარი სამიზნე რუსული საარტილერიო საწყობები იქნება. მისივე ვარაუდით, ამერიკის ნებართვა ომის მსვლელობას შეცვლის.

„ჩემი აზრით, ეს უკრაინას ერთ ძლიერ პოზიციაზე დააყენებს არამარტო სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც. ობიექტების რიცხვი, რომელსაც შეიძლება უკრაინა მისწვდეს, ძალიან ფართოა, მაგრამ სავარაუდოდ, მათი მთავარი სამიზნე რუსული საარტილერიო საწყობები იქნება, იმიტომ, რომ არტილერია დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, ეს ომის მსვლელობას შეცვლის, რადგან რუსეთს ასე თამამად დაბობმვები გაუჭირდება და მოუწევს სიღრმის გაზრდა. თუკი დადგება მოლაპარაკების დრო, უკრაინა ძლიერ პოზიციაზე იდგება.

„ამას ბაიდენი მარტო არ გააკეთებდა. ახალ ადმინისტრაციასაც აწყობს ასეთი პოლიტიკა, ვინაიდან მათ მოლპარაკება გაუადვილდებათ. ამერიკა არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ზერელედ იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებას. ასე რომ, ჩემი ვარაუდით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქმის კურსშია", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×