ნატალია ჯვარიძე
19.11.2024

უკრაინამ დასავლური იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება, როგორც ჩანს, მართლაც მიიღო - 19 ნოემბერს პირველად მათ „ატაკამსის"ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით რუსეთის ბრიანსკის ოლქს დაარტყეს. ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის ახალ დოქტრინას მოაწერა ხელი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ მათ უკვე აქვთ უფლება რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური ტიპის არაბირთვული იარაღის გამოყენებას ბირთვული იარაღით უპასუხონ.

ზრდის თუ არა ეს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობას, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უშალოდ რუსეთის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო დასავლური იარაღის გამოყენება?

გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მხრიდან უბრალოდ მორიგი მუქარაა, რომელსაც რეალური განვითარება არ ექნება:

„ჯერ იძახდნენ - თუ უკრაინელები ყირიმს დაარტყამენ, მაშინ ჩვენ ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოვიყენებთო. მერე იყო - თუკი რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელებენ დარტყმებს, გამოვიყენებთო და ა.შ. ამ რაღაცების უკვე აღარავის ეშინია".

რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სამშაბათს „ატაკამსის" 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. ჭურვის ფრაგმენტები სამხედრო ობიექტის ტექნიკურ ტერიტორიაზე დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

„მტერმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტს ექვსი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. დადასტურებული მონაცემებით, გამოყენებულია ამერიკული წარმოების „ატაკამსის" ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები", - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად იმავე დღეს, 19 ნოემბერს, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ქვეყნის ბირთვულ დოქტრინაში შეტანილ ცვლილებებს.

დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო კოალიციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განიხილება, როგორც მთლიანი კოალიციის აგრესია.

ახალი დოქტრინის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით განიხილება ერთობლივ თავდასხმად რუსეთზე.

ბირთვულ დოქტრინაში აღნიშნულია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების საპასუხოდ.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი ახორციელებს ბირთვულ შეკავებას პოტენციური მოწინააღმდეგების წინააღმდეგ. ესენია: სახელმწიფოები, ბლოკები და ალიანსები, რომლებიც რუსეთს მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ.

ბირთვული დოქტრინის მიხედვით, სამხედრო კონფლიქტის დროს ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების შეწყვეტას რუსეთისთვის მისაღები პირობებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში თავდაცვითი ხასიათისაა, ასევე რუსეთი ბირთვულ იარაღს განიხილავს, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურესი და აუცილებელი ღონისძიებაა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას მის ტერიტორიაზე გამოყენებულ დასავლური ტიპის არაბირთვულ იარაღს ბირთვული იარაღით უპასუხოს, განაცხადა

„რუსეთის ფედერაცია იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი ან ბელარუსის რესპუბლიკის, როგორც სამოკავშირეო სახელმწიფოს მონაწილის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით განხორციელებული აგრესიის შემთხვევაში, რაც კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის მათ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - თქვა პესკოვმა.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, ახალ დოქტრინას თავისი პირობები აქვს და ასე თავისუფლად ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებენ.

„ბირთვული იარაღის დოქტრინის ცვლილება არაფერს მოასწავებს. ახალი დოქტრინა რუსეთს არ აძლევს უფლებას, რომ ბირთვული იარაღი ასე თავისუფლად გამოიყენოს. ასე რომ, ჩემი აზრით, ამის ალბათობა არ არსებობს.

„ამ დოქტრინას აქვს თავისი პირობები, რომლის მიხდვითაც, რუსეთსა და ბელარუსს ძალიან სერიოზული საფრთხე უნდა ემუქრებოდეს, რომ ეს გამოიყენონ. ასევე, აღნიშნულ ქვეყნებზე უნდა განხორციელდეს ბირთვული შეტევა. ასე იმუქრებიან რამდენი ხანია უკვე", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×