ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი" ხუთ რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისას ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს და ასევე, მოითხოვს, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანებებზე უარი თქვას.
კითხვაზე, რას შეიძლება დათანხმდეს ვლადიმერ პუტინი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პუტინი ფრონტის ხაზზე კონფლიქტის გაყინვას შესაძლოა, ზოგადად დაეთანხმოს.
სამი რუსული წყაროს განცხადებით, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ზუსტი დაყოფის შესახებ მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს.
ასევე, ორი რუსი ოფიციალური პირის ცნობით, რუსეთი შესაძლოა მზად იყოს, რომ იმ მცირე ტერიტორიებიდან, რომელიც ხარკოვისა და ნიკოლაევის ოლქებში დაკავებული აქვს, ჯარები გაიყვანოს.
მათივე თქმით, უკრაინის მიერ „ატაკამსის" რაკეტების გამოყენების ნებართვის შესახებ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოლაპარაკება გაართულოს და რუსეთმა მოთხოვნები გააძლიეროს. რუსულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ რუსეთი ბრძოლას გააგრძელებს.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ რუსეთს თავისი პირობები ექნება, რაზეც წესით, უკრაინა არ დათანხმდება.
„მოსკოვი ომის შეჩერებას დათანხმდება იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი სტატუსი შენარჩუნებული იქნება, ანუ, რუსეთის კონტროლქვეშ დარჩება მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. მეორეს მხრივ, რუსეთი განაცხადებს, რომ ისინი სცნობენ დანარჩენი უკრაინის დამოუკიდებლობას იმ ტერიტორიების სანაცვლოდ.
„რუსეთს აღნიშნული აწყობს, რადგან თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, რომ ვითომ მან ამ შემთხვევაში მიაღწია დონბასის და ლუგანსკის ოლქების გათავისუფლება და ასევე, კონტროლი შეინარჩუნა ყირიმზე. გამორიცხული არაა, რუსეთმა გარკვეული სპეკულაცია დაიწყოს, რომ თითქოს ჯარებს გაიყვანს ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიდან, ოღონ დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმი მათ კონტროლქვეშ დარჩეს. მე ასე მგონია, ესენი იქნება რუსეთის მთავარი მოთხოვნები.
„მგონია, რომ უკრაინა აღნიშნული პირობების მიღებას არ დათანხმდება. ის ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ უფრო გააღრმავოს ურთიერთობა ნატოს ევროპელ პარტნიორებთან.
„ჩვენ ვიცით, რომ ნატოს ევროპელი პარტნიორები - საფრანგეთი, გერმანია ადასტურებენ თავიანთ მზადყოფნას, უკრაინას გადასცენ შეიარაღება და ევროკავშირმა გამოყოს დამატებითი სახსრები. აქედან გამომდინარე, თუ უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის აღნიშნულ ტერიტორიებს დაკარგულად აღიარებს. ამიტომ მე ვფიქრობ, ამაზე უკრაინა არ წავა", - განაცახადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
საგარეო პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, დონალდ ტრამპის ამოცანაა, რომ უკრაინისა და რუსეთის ამ ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს თუ არ შეარიგებს, ყოველ შემთხვევაში მათ შორის კომპრომისის საშუალებას გამოძებნის.
„მოსკოვის მიზანია ამ ომის იმგვარად დასრულება, რომ პუტინს საშუალება მიეცეს გამოაცხადოს, ეს სპეცოპერაცია უმიზნო და უაზრო არ ყოფილა და წარმატებას მიაღწია.
„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ის თანახმა არაა ჩვეულებრივი მისაღები წესებით ომი დაასრულოს - გაიყვანოს თავისი ჯარი, გაათავისუფლოს დაკავებული ტერიტორიები და ა.შ.
„უკრაინა კი სრულიად ობიექტურად და სამართლიანად ამ წესების დაცვას მოითხოვს, სხვანაირად ის თანახმა არაა მოლაპარაკება დაიწყოს. ტრამპის ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოძებნოს ისეთი ვერსია, რომელიც უკრაინისა და რუსეთის ამ ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს თუ არ შეარიგებს, ყოველ შემთხვევაში მათ შორის კომპრომისის საშუალებას გამოძებნის. სხვა შემთხვევაში აუცილებელი იქნება რომელიმე მხარემ უკან დაიხიოს. არ ვიცი, მოახერხებს თუ არა ტრამპი რუსეთის დაყოლიებას იმაზე, რომ მათ ამბიცები დაივიწყონ და იმ მიზნებზე ხელი აიღონ, ვნახოთ", - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა „რეზონანსთან".