ნატალია ჯვარიძე
20.11.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი" ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, საუბარია იმაზეც, რომ უკრაინამ ამერიკის მიერ მინიჭებული უფლების გამოყენება დაიწყო და „ატაკამსის" იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმა განახორციელა.

„როიტერი" წერს, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შენელებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა მათ მიერ მიწოდებულ სხვა იარაღთან ერთად გამოიყენებს.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ნაღმებს მის ტერიტორიაზე გამოიყენებს. ასევე, უკრაინამ პირობა დადო, რომ ნაღმებს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიაზე არ გამოიყენებს.

აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია ისიც, რომ „როიტერის" ინფორმაციით, უკრაინამ „ატაკამსის" რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე იერიში საბრძოლო მასალის მიწოდების პუნქტზე მიიტანა.

გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთმა „ატაკამსის" 8 რაკეტიდან მხოლოდ ორის მოგერიება შეძლო.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, სამხედრო ობიექტს „ატაკამსის" ექვსი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით დაარტყა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 რაკეტა ჩამოაგდეს, მეექვსე კი დააზიანეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მასისაია ჯო ბაიდენის ბოლო გააქტიურებას ძირითადად, სამ მიზეზს უკავშირებს.

„ძირითადად სამი მიზეზია, რატომაც გააქტიურდა ბაიდენი უკრაინის შესაიარაღებლად - პირველი, უკრაინას ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა დონბასის რეგიონში და ასევე, ხარკოვის მიმართულებით და შესაბამისად, გარკვეული ზომები იყო მისაღები, რათა რუსული წინსვლა შეეჩერებინათ.

„მეორე, როგორც ჩანს, ბაიდენის ადმინისტრაციამ არ იცის რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, ამიტომ ისინი დასწრებაზე მუშაობენ, რომ ტრამპმა ანტიუკრაინული გარემო ვერ შექმნას. პრინციპში, ტრამპმა თავის ირგვლივ ისეთი ადამიანები შემოკრიბა, რომ უკრაინის მიმართ მაინცდამაინც დიდი სიმპატიით არ გამოირჩევიან.

„კი, ის ამბობს, რომ უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. როგორც მოგეხსენებათ, ტრამპი და ბაიდენი შეხვდნენ ერთმანეთს და სავარაუდოდ, საგარეო საკითხებზე მოილაპარაკეს, ვიდრე საშინაო პოლიტიკაზე, მაგრამ რა მოილაპარაკეს, არავინ იცის. ფაქტია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღო ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება და გამორიცხული არაა ტრამპი საქმის კურსში არის. თუმცაღა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია გარკვეულ წინსწრებ ზომებს ღებულობს.

„მესამე, პუტინს უნდა დაანახონ, რომ მერყევი პოზიციების მიუხედავად, უკრაინას ამერიკის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, „დემოკრატებს" მოლოდინი აქვთ, რომ ტრამპი უკრაინას დახმარებებს შეუწყვეტს, ამიტომ მისივე ვარაუდით, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს ამ ნაბიჯებით უკრაინის უსაფრთხოება დაიცვას.

„ამერიკელი „დემოკრატების" მოლოდინი არის, რომ ტრამპი უკრაინას მთლიანად შეუწყვეტს სამხედრო დახმარებას და შესაძლოა სხვა დაფინანსებებსაც. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ ნაბიჯებით უკრაინის უსაფრთხოება დაიცვან.

„თუმცა, აქ ერთი ძალიან საფრთხილო და საშიში მომენტია, რასაც არამარტო „რესპუბლიკელები", არამედ არაერთი დასავლელი ანალიტიკოსები და სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის მესამე მსოფლიო ომის ზღვრამდე მიყვანა, რადგან ბევრჯერ მოგვისმენია კრემლის მუქარა, თან ბირთვული დოქტრინაც შეცვალეს.

„ეს ძალიან საშიშია, მითუმეტეს, 19 ნოემბერს მსგავსი ბირთვული მუქარა სერგეი ლავროვმაც გაიმეორა. მე არ ვფიქრობ და არც არის მოლოდინი, რომ მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, რამეთუ ეს დამანგრეველი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მის გარშემო ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. შესაბამისად, გამორიცხული არაა, ვიხილოთ ძალიან სასტიკი დაბომბვა რუსეთის მხრიდან კიევის და სხვა უკრაინული ქალაქების მიმართ.

„შესაბამისი ინფორმაციაც გავრცელდა, რომ კიევში შეერთებული შტატების საელჩო კვლავ დაიხურა. რასაკვირველია, წამყვანი ქვეყანა რომ ელჩს ხიზნავს უკრაინის დედაქალაქიდან, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

„რა თქმა უნდა, ეს დაძაბულობა დიდხანს არ გაგრძელდება, რათა კიევსაც და მოსკოვსაც აქვთ მოლოდინი, რომ ტრამპის პირობებებში გარკვეული მშვიდობიანი მოლაპარაკება იქნება. ჩვენ ასევე ვნახეთ, თურქეთის ლიდერის, ერდოღანის განცხადებაც, რომ ის მზადაა შუამავლობა გასწიოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

„ასე რომ, ძალიან რთული ვითარებაა ხან ახლო აღმოსავლეთში, ხან უკრაინაში. ამიტომ მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, ეს გასაგებია, მაგრამ, კარგი მოლოდინი ნამდვილად არაა. მეორეც, ფრთხილი ოპტიმიზმი არსებობს იმისა, რომ რუსეთი მორიგ სიგიჟეს არ ჩაიდენს და ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×