ნატალია ჯვარიძე
25.11.2024

რუსეთის კურსკის ოლქში 11 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია და მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა უკრაინის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. უკრაინული მედიის ცნობით, ეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი ბარგილევიჩმა თქვა.

მან ასევე აღნიშნა, თუ ვინ არიან ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რუსეთმა კურსკის ოლქში განათავსა. „ისინი შენიღბული არიან შორეული აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის სახით. შესაბამისი საბუთებით, მომზადებული ევროპულ ნაწილში ოპერაციების ჩასატარებლად", - აღნიშნა უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელმა.

საუბარია სამხრეთ კორეის ეროვნული დაზვერვის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში იმყოფებიან და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში უკვე ჩართულები არიან.

„უკვე აწარმოებენ სამხედრო ოპერაციებს" უკრაინის წინააღმდეგ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაიასაია ამბობს, რომ ომში მესამე ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაც ჩაება. როგორც მან აღნიშნა, ევრაზიული ალიანსი იქმნება, რომელიც მიმართული იქნება ნატოს წინააღმდეგ.

„რასაკვირველია, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ომში მესამე ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეაც ჩაება. ევრაზიული ალიანსი ყალიბდება, სადაც შედის ბალარუსი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. ეს ოთხეული ქმნის კონკრეტულ სამხედრო პოლიტიკური სამოკავშირეო ალიანსს ნატოს წინააღმდეგ.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის ორმხრივი სამხედრო სამოკავშირეო ხელშეკრულება არსებობს. ასეთივე ხელშეკრულება არის ირანის რესპუბლიკასთან და ახლა ჩრდილოეთ კორეასთან დაამტკიცეს. ფაქტობრივად, რუსეთს სამივე ქვეყანასთან აქვს ორმხრივი სამხედრო პოლიტიკური ალიანსი და როგორც ჩანს, ერთი ნაბიჯი აკლია, რომ ოთხივე სახელმწიფოს ლიდერები შეიკრიბონ და ევრაზიული სამხედრო პოლიტიკური შეთანხმება გააფორმონ. ამას შეიძლება დაარქვან ევრაზიული თავდაცვითი კავშირი.

„ჩრდილოეთ კორეასა და ირანს შორის ისედაც ხორციელდება სამხედრო სტრატეგიული ურთიერთკავშირები და ურთიერთობები, რა თქმა უნდა, ბირთვული ტრიადის კომპონენტების განვითარების კუთხით.

„ბელარუსსა და ირანს შორის ახალი სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები განვითარდა. ირანის დელეგაცია იყო მინსკში და იქაც გააფორმეს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობა. ასევე, ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეასაც აქვთ ერთმანეთთან გარკვეული კავშირი. რამდენადაც მე ვიცი, ჩრდილოეთ კორეა აპირებს ბელარუსული ტიპის მოკლე მსროლელი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები შეიძინოს. ასე რომ, ჩათვალეთ, მესამე კი არა უკვე ალიანსური ტიპის დაპირისპირებაა.

„უკრაინის მხრიდან ჩრდილოეთ კორეისთვის ომის გამოცხადებას ელემენტარულად აზრი არ აქვს. უკრაინამ რუსეთს არ გამოუცხადა ომი, მაგრამ საომარი მოქმედებები ყველანაირი გამოცხადებების გარეშე მიმდინარეობს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×