ნატალია ჯვარიძე
10.01.2025

აშშ-ის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის შესაძლოა შეხვედრა შედგეს. როგორც ტრამპი ამბობს, შეხვედრის სურვილი პუტინმა გამოთქვა და ამისთვის მზადება დაწყებულია. ანალიტიკოსები მათი შეკრების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, მათ შორის პუტინის შეთავაზებაზე, რომელიც გავლენის სფეროების გადანაწილებას გულისხმობს. მათივე ვარაუდით, რუსეთის ლიდერი ტრამპთან ძალების მოსინჯვას ცდილობს.

„შესაძლოა ეს დახურული ტიპის შეხვედრა იყოს და არ გახმაურდეს, თუმცა მგონია, რომ პუტინი ტრამპს გავლენების სფეროების გადანაწილებას შესთავაზებს. სავარაუდოდ, ტრამპს ეტყვის, რომ ის ამერიკის ქმედებებში, გრენლანდიასა და კანადასთან დაკავშირებით არ ჩაერევა, თუ ამერიკა უკრაინის დახმარებას შეწყვეტს", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლოა ტრამპმა და პუტინმა საქართველოს შესახებაც ისაუბრონ: ფაქტობრივად, ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ვკარგავთ და შესაძლოა სომხეთმა ჩაგვანაცვლოს. ამიტომ მე მგონია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოც იქნება".

ტრამპმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს სისხლიანი არეულობა უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს.

„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვაწყობთ. მან ეს თქვა საჯაროდაც კი და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. ეს არის სისხლიანი არეულობა", - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ.

როგორც ვახტანგ ვახტანგ მაისაია ამბობს, ამერიკასა და რუსეთს შორის ბოლო დროის დაპირისპირებამ მასშტაბური სახე მიიღო და სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთთან გაარკვევენ, ვის რა პოზიციები აქვს და ვის რა უნდა.

„ჩემი აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერებმა ერთმანეთთან უნდა გაარკვიონ პოზიციები, ჩამოაყალიბონ ერთმანეთისგან, ანუ რუსეთსა და ამერიკას რა უნდათ და მათ შორის კომფრონტაციული მომენტებიც განიხილონ.

ასევე, სავარაუდოდ, უკრაინის საკითხზეც ისაუბრებენ. შესაძლოა მან ტრამპს თავისი პოზიცია უთხრას. მეჩვენება, რომ პუტინი ნამდვილად არაა მზად ზელენსკისთან დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ფაქტობრივად, კრემლის კლანები გადაიქცა სასტიკ ქორებად და პუტინი ამ კლანების საკუთარი მძევალი გახდა. ასე რომ, ის პუტინი აღარაა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მართავდა რუსეთის პოლიტიკურ სისტემას. ამიტომ იძულებულია გაითვალისწინოს აი ამ „ქორების" ინტერესები. პუტინი თავისივე დაგებულ ნაღმზე ფეთქდება და მას ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ტრამპთან ამ ვარიანტზეც იქნება საუბარი.

მათ შორის სალაპარაკო ბევრია, რადგან რუსეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირების სერიოზული მასშტაბები გაჩნდა, თუნდაც სირიის თემა.

თუნდაც საქართველოს თემა - ამერიკამ დღევანდელ რეჟიმთან გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა. „ქართული ოცნება" პირდაპირ აჟღერებს პრორუსულ ნარატივს, ამას მტკიცება არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, საქართველო არის რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი.

ფაქტობრივად, „ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების შანსს გვაკარგინებს და არის შანსი, რომ სომხეთმა ჩაგვანაცვლოს. ამიტომ მე მგონია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოც იქნება. ალბათ ტრამპი ამ საკითხს დააყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეჩერდა, ხედავენ საქართველოში არის პროევროპული ძალები და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას მხარს უჭერს. ასე რომ, ჩემი აზრით, ტრამპსა და პუტინს შორის დებატების ერთ-ერთი საკითხი ესეც იქნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ პუტინის შეთავაზებაზე საბოლოოდ ტრამპს უარს ათქმევინებენ.

„შესაძლოა მათი შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის, რომ პუტინმა ტრამპს გარკვეულწილად შესთავაზოს გავლენის სფეროების გადანაწილება, რადგან ვიცით, რუსეთი მოქმედებს შუა საუკუნეებში არსებული პრინციპით, როდესაც მსოფლიო გავლენების სფეროებად იყო გადანაწილებული. გამორიცხული არაა მას შემდეგ, რაც ტრამპმა განცხადება გააკეთა პანამის არხთან, გრენლანდიასა და კანადასთან დაკავშირებით, პუტინმა ასეთი რამ შესთავაზოს: რუსეთი თვალს დახუჭავს აშშ-ის შესაძლო ქმედებებზე ამ ტერიტორიებზე და ალბათ მხარსაც დაუჭერს, ოღონდ მეორეს მხრივ, ამერიკა არ უნდა ჩაერიოს პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებში, თუნდაც უკრაინასთან დაკავშირებით. მისი მოთხოვნა იქნება აშშ-მ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს, საბოლოოდ ომი აღარ გაიწელება და რუსეთის სასარგებლოდ დასრულდება. შესაძლოა პუტინმა ტრამპის სუსტი წერტილები დაინახა, რომ მას გრენლანდიაზე და კანადაზე კონტროლის დამყარება სურს. პუტინისგან ეს უფრო მოსალოდნელია, ვიდრე უკრაინასთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წასვლა, რადგან მეეჭვება მან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარი თქვას.

რუსეთის გათვლა არის ის, რომ ვინაიდან ტრამპის გათვლა ომის სწრაფად დასრულებაა, ეს ვარიანტი შესთავაზოს. ანუ შენ თუ არ ჩაერევი ჩემს საქმეში, მე მოგცემ მანევრირების საშუალებას დასავლეთ ნახევარსფეროში. გავლენის სფეროების გადანაწილება დიქტატორებისთვის ხშირად დამახასიათებელია. შეიძლება რუსეთი თვლიდეს, რომ ამერიკისთვის პრიორიტეტი იყოს გრენლადნია, პანამა და საერთოდ დასავლეთ ნახევარსფერო, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცე. ამიტომ პუტინი ძალების მოსინჯვას ცდილობს. შესაძლოა ეს არ გახმაურდეს და შიდა ტიპის მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდეს, მაგრამ არ გამოვრიცხავ მსგავს ვერსიას.

რაც შეეხება იმას, მიიღებს თუ არა ტრამპი არ წინადადებას, საბოლოო ჯამში ალბათ არა. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება გააჩნია, რომ პირადად მიიღოს გადაწყვეტილება, მე მგონია ის თავის მრჩევლების, თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში და სხვების რჩევებს გაითვალისწინებს, რომლებისთვისაც მიუღებელი იქნება რუსეთისგან მსგავსი შეთავაზება. მოკლედ, საბოლოო ჯამში მგონია, რომ ტრამპს დაარწმუნებენ რუსეთთან არანაირი გარიგება არ უნდა შედგეს და ტრამპი არ დათანხმდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×