რეზონანსი
10.01.2025

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინისთვის დამატებით 3 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტს ეწინააღმდეგება.

კერძოდ, საუბარია Iris-T სისტემის საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე და საარტილერიო საბრძოლო მასალაზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, დახმარების პაკეტი ნოემბერში, კოალიციური მთავრობის დაშლისთანავე შემუშავდა. თუმცა ახლა, როცა ახლოსაა თებერვლის საპარლამენტო არჩევნები, შოლცი ცდილობს დაბლოკოს ეს დახმარება, რადგან არაპოპულარულია გერმანელ ამომრჩეველში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კი იარაღის ახალი პარტიის უკრაინისთვის გადაცემას ემხრობიან.

Der Spiegel-ის ინფორმაციით, შოლცი უარს იმით ხსნის, რომ თებერვალში ჩამოყალიბებული ახალი მთავრობა ფაქტების წინაშე არ დააყენოს. გერმანული მედია ვარაუდობს, რომ შოლცს არ სურს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად უკრაინის დახმარება გახადოს, რადგან ამან სოციალ-დემოკრატების ამომრჩევლებში შესაძლოა უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ერთი თვით ადრე, ოლაფ შოლცისა და პუტინის სატელეფონო ზარი შედგა. გერმანიის მთავრობის ცნობის თანახმად, შოლცმა გააჟღერა, რომ გერმანია „კიევს დაეხმარება, მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება".

კიევმა ამ სატელეფონო ზარის გამო, რომელიც 15 ნოემბერს განხორციელდა, შოლცი გააკრიტიკა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ შოლცმა „პანდორას ყუთი გახსნა".

ამ დრომდე უცნობია, რას იზამს ტრამპი ინაუგურაციის შემდგომ და გააგრძელებს თუ არა აშშ უკრაინის დახმარებას.

ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას გერმანია უწევს.

მარიამ ვეკუა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×