
სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო მოუწოდებს თავის მებრძოლებს ისარგებლონ ლოს-ანჯელესის ხანძრებით რეგიონში თავდასხმების განსახორციელებლად. ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ლოს-ანჯელესის მასშტაბური ხანძარი ტერორისტული ქმედებებით იყოს გამოწვეული. სხვები კი ამას ნაკლებად ვარაუდობენ.
„ისლამური სახალიფოს განცხადება ამას გარკვეულწილად, არაპირდაპირ მაინც ეხმიანება. ისლამური სახალიფო ასე ზერელედ, თუ მის საქმიანებობასთან დაკავშირებული არაა, განცხადებას არ აკეთებს", - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით კი, ამერიკაში ხანძრები საკმაოდ ხშირია და შესაძლოა ეს ტერაქტთან საერთოდ არ იყოს კავშირში:
„ლოს-ანჯელესის გამომწვევი მიზეზი ტერაქტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩვენ ვიცით, ამერიკაში ხანძრები ხშირია და ხანდახან იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილობრივი სახანძრო ჯგუფები ვერ უმკლავდება".
„მე-12 არხის" ჟურნალისტი ასაფ როზენცვეიგი ტელეგრამზე წერს: „ქაოსის პარალიზებისა და კონტროლის დაკარგვის სიტუაცია წარმოადგენს შთამაგონებელ ოპერატიული შესაძლებლობას".
ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ ისლამურმა სახალიფომ ამერიკის ტერიტორიაზეც შეაღწია. როგორც მან აღნიშნა, თუკი ისინი ამერიკაშიც შევიდნენ, ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
„ისლამურმა სახალიფომ მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ გამოიყენონ ეს ხანძრების ამბავი ლოს-ანჯელესში და გააქტიურონ თავიანთი საქმიანობა. ასეთი საინტერესო განცხადება გავრცელდა. მე რამდენიმე დღის წინ თქვენთან მქონდა საუბარი, რომ შეიძლება ეს მასშტაბური ხანძრები დაკავშირებული ყოფილიყო ტერორისტულ ქმედებებთან და როგორც ჩანს, ამას ისლამური სახალიფოს განცხადება გარკვეულწილად, არაპირდაპირ მაინც ეხმიანება. ისლამური სახალიფო ასე ზერელედ, თუ მის საქმიანებობასთან დაკავშირებული არაა, განცხადებას არ აკეთებს. ასე რომ, ეს ამ მიმართულებას ერთგვარად წარმოაჩენს. როგორც ჩანს, ისლამურ სახალიფოს ლათინურ ამერიკაში საკმაოდ სერიოზული ქსელი აქვს. სავარაუდოდ, მათ ამერიკის ტერიტორიაზეც შეაღწიეს იმიტომ, რომ ახალ ორლეანში განხორციელებული ტერაქტი, უფრო ადრე ნიუ-იორკში, ახლა ლოს-ანჯელესში და ამას დამატებული მათი მხარდაჭერების მოწოდება, რომ კიდევ უფრო უნდა გააქტიურონ ეს ქმედებები, ამას გარკვეულწილად უკავშირდება. სადაც ამერიკას მისწვდა ისლამური სახალიფო, ჩვენთან მათი ყოფნა სავსებით ლოგიკური და შესაძლებელიცაა. განსაკუთრებით სიარიაში არსებული სიტუაციის შემდეგ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
გია აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ტერორისტულმა ჯგუფებმა ლოს-ანჯელესის ამბავი საკუთარ თავებზე მიიწერონ.
„ლოს-ანჯელესის გამომწვევი მიზეზი ტერაქტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჩვენ ვიცით, ამერიკაში ხანძრები ხშირია და ხანდახან იმდენად მასშტაბურია, რომ ადგილობრივი სახანძრო ჯგუფები ვერ უმკლავდება. ის, რომ შესაძლოა სხვადასხვა ტერორისტულმა ჯგუფებმა ასეთი რაღაცები საკუთარ თავებზე მიიწერონ, ეს ნამდვილად არაა გამორიცხული. აქ კიდევ უფრო სხვა რაღაცაა მნიშვნელოვანი - 20 იანვრისთვის, ტრამპის ინაუგურაციის დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ამერიკელი სამართალდამცავებისთვის, რადგან თუ მაგალითად შეერთებული შტატების დედაქალაქში უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე არ იქნება დაცული, გამორიცხული არაა მსგავსი ტერორისტული ჯგუფები, თუნდაც ე.წ. მარტოხელა ტერორისტები, რომელთა ზოგიერთი ნაწილი ფსიქოლოგიურად შერყეულია და ზოგს სხვა რაღაც მოტივაცია ამოძრავებს, ტერორისტული ქმედებები განახორციელონ ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში. ბუნებრივია, პოლიციელი და სპეცსამსახურის წარმომადგენელი ყველგან ვერ იქნება, მაგრამ მე როგორც ვეცნობი ამერიკული მედიიდან, დიდ ყურადღებას აქცევენ ყველა შესაძლ გამოვლენაზე. თუმცაღა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სირიაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების შემდეგ ძალიან ხშირია იქ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების თუ სხვა წარმომადგენელთა გადადინება ტერორისტულ ქსელებში და ეს არაერთხელ დადასტურდა.
ასე რომ, 2025 წელი ამ მხრივ არ უნდა იყოს მშვიდი. პირველმა ტერორისტულმა ტალღამ, რომელიც ხშირია საშობაო პერიოდში გადაიარა, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკს არ სძინავს, იგულისმება ტერორისტს არ სძინავს და ყოველთვის რევანშისტულად არის განწყობილი", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".