
„არ არის ძალიან გვიან გამოფხიზლება და აღიარება, რომ დასავლეთი რუსეთთან ომშია, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე, მარკო მიხელსონი „ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, რუსეთმა თავდასხმა 2008 წელს საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით დაიწყო.
„რუსეთმა შეტევა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო საქართველოს ერთი მეხუთედის ოკუპირებით, რითაც ფაქტობრივად, შეაჩერა ნატოს გაფართოება სამხრეთ კავკასიაში", - წერს მიხელსონი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის აზრით, რუსეთმა 2008 წლის საქართველოში შემოჭრით გარკვეულწილად შეაფერხა დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდა ჩვენს რეგიონში. მისივე თქმით, დღეს რუსეთსა და დასავლეთს შორის ირიბი ხასიათის ომი მიმდინარეობს.
„აქ არაა ლაპარაკი უშუალოდ ნატოს გაფართოებაზე. ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა 2008 წლის შემდგომ უახლოეს პერიოდში საქართველო ან უკრაინა ნატოში არ მიეღოთ, რადგან კონსენსუსი ნატოს წევრ ქვეყნებს შორის მიღწეული არ იყო და შესაბამისად, საქართველომ და უკრაინამ ნატოში გაწევრიენების გეგმა ვერ მიიღეს.
თუმცაღა რუსეთმა გარკვეულწილად შეაფერხა დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდა ჩვენს რეგიონში, მათ შორის საქართველოს და უკრაინის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით სვლა.
სამწუხაროდ, იმ დროს დასავლეთი ერთიანი არ იყო. ევროპარლამენტმა რეზოლუცია, სადაც პირველად ტერმინი ინტერვენცია რუსეთის მიმართ, 2011 წელს გამოიყენა. მანამდე გახსოვთ, განხილვა მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დაიწყო ომი და ა.შ.
თუმცა ყველაფერი ნათელი იყო, რადგან საბრძოლო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, საქართველო ომს ვერანაირად დაიწყებდა. მთლიანობაში, დასავლეთმა დააგვიანა იმის აღიარება, რომ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრით ის, არამარტო საქართველოს, არამედ დასავლეთს დაუპირისპირდა სხვადასხვა მიზეზების გამო. საბოლოო ჯამში, დასავლეთი ნელ-ნელა აღიარებს, რომ რუსეთი მათთან ომში 2008 წლიდან შევიდა.
დღეს რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთთან ირიბ ომში არიან ჩაბმული. დასავლეთი უკრაინას შეიარაღებას აწვდის და მეორეს მხრივ, რუსეთი უკრაინაში შეჭრით უპირისპირდება დასავლეთს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთისთვის ოფიციალურად ომი არ გამოუცხადებიათ, ირიბი ხასიათის ომი ნამდვილად მიმდინარეობს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკა არაა ისე გამოკვეთილი, როგორც ევროკავშირის. მისივე თქმით, ნატოს უახლოეს პერიოდში გაფართოებაზე ლაპარაკი არ ჰქონია.
„არ ვიცი ნატოს გაფართოების კონტექსტში რას გულისხმობს. ნატოს გაფართოების პოლიტიკა არაა ისე გამოკვეთილი, როგორც ევროკავშირის, როგორც მოგეხსენებათ, მანდ სხვა მიდგომებია. თუ საქართველოზეა საუბარი, კი ბატონო, რაშისტული მთავრობაა მოსული და სამწუხაროდ, ჰიბრიდული ომით ჩამოსცილდა.
სომხეთი უკვე დასავლეთისკენ დაიძრა, თუმცა ევროკავშირზეა უფრო ლაპარაკი და არა ნატოზე. აზერბაიჯანს ნატოში ინტეგრაცია არ აინტერესებს. მას თავისი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი აქვს შექმნილი. ნატოს ისედაც არ განუცხადებია რამე გაფართოებაზე უახლოეს პერიოდში, განსხავევებით ევროკავშირისგან, სადაც ჩვენ რეალური შანსი გვქონდა შევსულიყავით. სამწუხაროდ, სიტუაცია ცოტა სხვანაირია.
რაც შეეხება რუსეთ-დასავლეთ ომის კომპონენტებს, ჩვენ ზუსტად გვაქვს რეალური სურათი ჰიბრიდულ ომზე", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".