ნატალია ჯვარიძე
20.01.2025

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელ მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებებს და გამოიყენებს თავის საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს მასობრივი დეპორტაციის ოპერაციების დასაწყებად, გარემოსდაცვითი რეგულაციების შესამცირებლად და მრავალფეროვნების პროგრამების დასასრულებლად, - ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციის ყოველი რადიკალური და სულელური აღმასრულებელი ბრძანება გაუქმდება რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფიცს დავდებ. ჩვენ პირველ რიგში ამერიკას ვაყენებთ და ეს ყველაფერი ხვალ იწყება. ხვალ ძალიან გაერთობით ტელევიზორის ყურებისას", - განაცხადა ტრამპმა ინაუგურაციის წინა დღეს მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.

„ბიბისი" წერს, რომ დონალდ ტრამპი, ორშაბათს, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს 200-ზე მეტ აღმასრულებელ მოქმედებას, ეს მოიცავს აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც იურიდიულად სავალდებულოა, და პრეზიდენტის სხვა დირექტივებს, როგორიცაა პროკლამაციები, რომლებიც ჩვეულებრივ, იურიდიულად სავალდებულო არაა.

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, 21 იანვირიდან დაიწყება ტრამპის მთავარი დაპირებების სისრულეში მოყვანა.

„უკვე დაანონსებულია, რომ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა უკანონო მიგრანტების გააძევება, რომელიც 21 იანვრიდან ჩიკაგოში დაიწყება. შემთხვევით არაა შერჩეული ეს ქალაქი, რადგან ერთი მხრივ იქ არის უკანონო მიგრანტები და მეორე მხრივ, ჩიკაგოს „დემოკრატი" მერი ჰყავს, რომელიც წლების განმავლობაში მიგრაციულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირებული იყო ტრამპთან.

შესაბამისად, ეს სპეცოპერაცია, როგორც ამერიკელი სამართალდამცავები უწოდებენ, დაიწყება 21 იანვარს და 1 კვირა გაგრძელდება. როგორც „იპსოსის" კვლევიდან ირკვევა, ამერიკელთა 87% მხარს უჭერს უკანონო მიგრანტთა ძალის გამოყენებით დეპორტაციას. წარმოიდგინეთ, რა დონეზე მივიდა ეს „ფსევდო ლიბერალური" დამოკიდებულება, რომ შეეფერათ დევნილები და ლტოლვილები, რომელთა საფარქვეშ უმეტესად კრიმინალები და ნარკოდილერებიარიან, მილიონობით მიგრანტთა ტალღამ წალეკა ამერიკის დიდი ქალაქები.

სწორედ, ორი ძირითადი დაპირების გამო გაიმარჯვა ტრამპმა. ერთი ეკონომიკის გაჯანსაღება, რაც უკავშირდებოდა უკანონო მიგრანტთა ტალღას. მეორე იყო უკანონო მიგრანტების დეპორტაციას. ნებისმიერ ქვეყანაში ხალხს საშინაო საკითხები აწუხებს, ვიდრე საგარეო პოლიტიკური.

ამასთან, ტრამპის მესამე მთავარი დაპირება იყო ტრანსგენდერული მახინჯი პოლიტიკის განდევნა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

ინაუგურაციის შემდეგ ათეულობით ბრძანებას უნდა მოეწეროს ხელი და ეს გაგრძელდება. არამხოლოდ „იპსოსის", არამედ სხვა სხვადასხვა კვლვებით ირკვევა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ პოზიტიური მოლოდინები არის, თუმცა ნებისმიერი ანალიტიკოსი, თუ პოლიტიკოსი სიტუაციას უყურებს იქიდან გამომდინარე, თუ რა შედეგები დაიდება", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ვახტანგ მაისიას ვარაუდით, დონალდ ტრამპი ჯერ ამერიკის შიდა პრობლემებს მოაგვარებს და შემდეგ საგარეო პოლიტიკის ფარგლებში გაატარებს ღონისძიებებს.

„ერთია პრეზიდენტობის კანდიდატი რას ლაპარაკობს და მეორეა უკვე პრეზიდენტი რას ამბობს. ეს ორი განსხვავებული მიდგომაა. ჩემი აზრით, ახლა მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას გამოაცხადებს და არა იქამდე რა თქვა. რთულია ახლა თქმა რას იზამს, მაგრამ ალბათ ჯერ აქცენტს გააკეთებს ამერიკის შიდა პრობლემებზე და მერე გადავა საგარეოზე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×