ნატალია ჯვარიძე
21.01.2025

„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს, ზელენსკის სურს გარიგების დადება, პუტინი ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით, ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი თანამდებობის ოფიციალურად დაკავებიდან რამდენიმე საათში განაცხადა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კრემლი უკრაინის საკითხზე კომპრომისისთვის მზად არ არის. ტრამპი კი საწყის ეტაპზე სამშვიდობო დიპლომატიის ფორმატში ეცდება მხარეების დათანხმებას მოლაპარაკებაზე.

„სავარაუდოდ, ტრამპი ჯერ მხარეებს შეხვდება და სამშვიდობო დიპლომატიის ფორმატში ეცდება მოლაპარაკებების დაწყებას. თუ ეს არ გამოვიდა, დიდი ალბათობით, ის ბაიდენის ხაზს გაჰყვება და გამორიცხული არაა უფრო ხისტი იყოს, ვიდრე ბაიდენი", - განაცხადა კავსაკიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი „არასდროს უნდა დაწყებულიყო". აშშ-ს ახალ პრეზიდენტს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, დაასრულებდა თუ არა უკრაინის ომს თავისი პრეზიდენტობის პირველივე დღეს, როგორც ამას საარჩევნო კამპანიისას ჰპირდებოდა, ტრამპმა ხუმრობით უპასუხა: „ჯერ მხოლოდ ნახევარი დღეა - კიდევ ნახევარი დღე მაქვს". კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ომის დასრულებას, ტრამპმა განაცხადა: „ვეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ".

ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი განკარგულებების მეორე პაკეტზე ხელის მოწერისას ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზეც ისაუბრა.

„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს. მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ის იბრძვის, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა, ახლა კი სამი წელია გასული", - განაცხადა ტრამპმა.

მისი ინფორმაციით, ომში უკვე დაახლოებით მილიონი რუსი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკაც განადგურებულია.

„რუსეთი უფრო დიდია - მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს გარიგების დადება. არ ვიცი პუტინს სურს თუ არა... მან უნდა დადოს გარიგება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს გარიგების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება", - განაცხადა ტრამპმა.

სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ტარიფი უკეთესი სიტყვაა, რადგან ის დოლარს უფრო ძლიერს ხდის". „მე მგონია, რომ ტარიფები უფრო ეფექტურია", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვახტანგ მაისაიას ვარაუდით, თუ ტრამპს მოლაპარაკების დაწყება არ გამოუვიდა, რუსეთის წინააღმდეგ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მკაცრ ზომებს მიიღებს.

„პირველ რიგში პუტინის და ტრამპის შეხვედრა შედგება და მხარეები გაარკვევენ თავიანთ პოზიციებს. სავარაუდოდ, ისინი მეორედაც შეხვდებიან, სადაც ტრამპი გეგმას წარუდგენს. რა გეგმა იქნება, ჯერ ტრამპმაც არ იცის.

„რუსული წყაროების მიხედვით, ზელენსკი მოლაპარაკებაზე თანახმაა, რამდენად მართალია ეს, ვერ გეტყვით. ალბათ, როგორც ვთქვი, ჯერ მოლაპარაკება მოსკოვში იქნება, მერე ტრამპი ყველა ვარიანტში კიევში ჩავა და სამშვიდობო დიპლომატიის ფორმატით შეეცდება მოლაპარაკებების დაწყებას. თუ ეს არ გამოვიდა, მერე ალბათ ბაიდენის ხაზს გააგრძელებს.

„ტრამპი როცა ამბობს, რომ რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება, როგორც ჩანს, ამით პუტინს მიანიშნებს, რომ მას შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ ბერკეტების გამოყენება და ეკონომიკურად სერიოზული ზიანის მიყენება. ანუ მას შეუძლია რეალური ღონისძიებები გაატაროს ნავთობის ფასის დაგდებით, გაზის მომარაგების შეჩერებით და ა.შ.

„ტრამპს მეტი ეკონომიკური ბერკეტის ამოქმედების შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ბაიდენს ჰქონდა გათვალისწინებული. ტრამპი უფრო მოტივირებული და ხისტია. თან ჯანმრთელობის მდგომარეობაც კიდევ უფრო ხელს უწყობს. ვნახოთ, რა იტყვის პუტინი. გამოჩნდება ყველაფერი", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე კი „ფეისბუქზე" წერს, რომ თუკი ზელენსკი მოლაპარაკებისთვის მზადაა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის იძულებაც უნდა მოხდეს მოლაპარაკებების წარმართვისათვის. როგორც მან აღნიშნა, რუსულ მხარეს აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია არ აინტერესებს.

„ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისათვის მზაობა და სურვილი აქვს. ცხადია, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის იძულებაც უნდა შეიქმნას მოლაპარაკებების წარმართვისათვის. ეს კი ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად არსებობს და რუსული პრესა აჭრელებულია ფრაზებით - ნუ შეიქმნით წინასწარ მოლოდინებს ტრამპთან მიმართებითო. მოწინააღმდეგის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე იძულება კი უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გარეშე ვერ მოხდება. მედვედევმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას არ ადარდებს აშშ-ის ადმინისტრაცია რას იზამს, რუსეთს შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაო. ვნახოთ. ამ მიმართულებით ყველაფერი წინაა", - წერს კობერიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×