
აშშ-ის პრეზიდენტად მეორედ არჩეულმა დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ მალევე დაიწყო სწრაფი ცვლილებები. პრეზიდენტმა სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა აშენდეს ე.წ. სასაზღვრო კედელი; ბაიდენის ოთხი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა და განაცხადა რომ „ბევრი მათგანი მსგავს ბედს გაიზიარებს“, დროებით შეაჩერა აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამა, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან (ჯანმო) გასვლის პროცედურა დაიწყო.
მსოფლიო ლიდერები ტრამპს თანამდებობის დაკავებას ულოცავენ, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციამდე განაცხადა რომ დროს არ დაკარგავდა და მალევე მოაწერდა ხელს ბრძანებებს.
ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაციიდან ოთხი მაღალჩინოსანი გაათავისუფლა და განაცხადა რომ „ათასზე მეტს მსგავსი ბედი ელის“ - წერს ადგილობრივი მედია.
„ჩემი საპრეზიდენტო პერსონალის ოფისი აქტიურად ახორციელებს წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ათასზე მეტი პირის იდენტიფიცირებისა და გათავისუფლების პროცესს, რომლებიც არ შეესაბამებიან ჩვენს ხედვას, „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ პლატფორმაზე Truth Social.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა ორშაბათს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით აჩერებს აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამას 90 დღით, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ისინი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიზნებს.
„ყოველი დოლარი, რომელსაც ჩვენ ვხარჯავთ, ყოველი პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და ყოველი პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ, უნდა იყოს გამართლებული“, - განაცხადა ამასთან დაკავშირებით ახალმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
ტრამპის შესაბამის ბრძანებულებაში კი ნათქვამია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს“ და „ემსახურება მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას“.
„შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკულ ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს. ისინი ემსახურებიან მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების გავრცელებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის. შეერთებული შტატების არავითარი შემდგომი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას. დაპაუზდეს შეერთებული შტატების საგარეო განვითარების დახმარება 90 დღით პროგრამული ეფექტურობისა და შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის შესაფასებლად“, - აღნიშნულია აღმასრულებელ ბრძანებაში.
თავად ტრამპმა კი განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არავითრი შემდგომი საგარეო დახმარება არ უნდა გაიცეს ისე, რომ სრულად არ შეესაბამებოდეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას“.
ამის პარალელურად ძალაში შევიდა იმიგრაციის ახალი შეზღუდვები, რაც მიზანად ისახავს არალეგალი იმიგრანტების გამოვლენასა და დეპორტაციას. ტრამპმა გამოაცხადა ეროვნული საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ საზღვარზე, რისთვისაც გამოყენებული იქნება პენტაგონის რესურსები და პერსონალი. ასევე შეიზღუდა აპლიკაციის გამოყენება, რომელიც მიგრანტებს საშუალებას აძლევს შეატყობინონ აშშ-ის საბაჟოსა და საზღვრის დაცვას, რომ აპირებენ შეერთებულ შტატებში შესვლას.
გარდა ამისა, აშშ-მ დატოვა პარიზის კლიმატის შეთანხმება.
ტრამპის განცხადებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს, პრეზიდენტის აღმასრულბებლი ბრძანების ტექსტში დაწვრილებით წერია, თუ რატომ უნდა დატოვოს აშშ-მა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია. მიზეზებს შორის დასახელებულია ორგანიზაციის მიერ კოვიდ-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.
აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.
ინაუგურაციიდან პირველ დღეს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება 2021 წლის 6 იანვრის არეულობის მონაწილეთათვის - ტრამპმა შეიწყალა დაახლოებით 1500 ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ კაპიტოლიუმზე თავდასხმაში.
აღსანიშნავია ისიც,რომ პირველივე დღეს ტრამპმა გამოასწორა „ტიკტოკის“ მუშაობაში არსებული შეფერხება. ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ მოქმედებას, რომელითაც 75 დღით გადავადდა აშშ-ში „ტიკტოკის“ აკრძალვის გადაწყვეტილების აღსრულება.