ნატალია ჯვარიძე
22.01.2025

„სი ძინპინს უკრაინაში ომის დასასრულებლად არაფერი გაუკეთებია. მე მას ვუთხარი: ეს საკითხი უნდა მოაგვარო", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასრულების საკითხი განიხილა.

„ამისთვის მას ბევრი არაფერი გაუკეთებია. მას დიდი ძალაუფლება აქვს, ისევე როგორც ჩვენ. დიახ, ეს საკითხი განვიხილეთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი 17 იანვარს შედგა.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ისე დასრულება სურთ, 3-4 წელიწადში ისევ აღარ დაიწყოს. მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშს-ის პოლიტიკას წარმოადგენს.

„გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს", - განაცხადა რუბიომ.

როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ახლა ჩიხშია შესული და როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის დამანგრეველია.

„ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს, აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რონდელის ფონდის მკვლევარის, კახა გოგოლაშვილის თქმით, უკრაინის ომის დასრულებაში ჩინეთის ჩართულობაზე სავარაუდოდ, საუბარი მიდის, თუმცა მისივე აზრით, შესაძლო ამაზე რუსეთი თანახმა არ იყოს.

„მე დარწმუნებული არ ვარ, რომ ასე მარტივად შეიძლება მოხდეს ამ ფორმატის შექმნა, ანუ ჩინეთის, რუსეთის, აშშ-ის და უკრაინის, თუმცა, ამაზე საუბარი არის და შესაძლებელიც. თუმცაღა მე არ ვიცი რამდენად დათანხმდება ამას რუსეთი. სავარაუდოდ, უკრაინა დათანხმდებოდა, ამერიკაც შეიძლება იყოს დაინტერესებული, მაგრამ რაც შეეხება რუსეთს, გამორიცხული არაა, რომ ის არ იყოს დაინტერესებული, პუტინის ამბიციებიდან გამომდინარე", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, მნიშვნელობა არ აქვს უკრაინი იქნება თუ სხვა, ფაქტია, რომ სამი დიდი იმპერია სამყაროს იყოფს.

„მე მივეკუთვნები არაკონვენციულ ანალიტიკოსებს, რომლებიც ქება-დიდების გარეშე ამბობენ სათქმელს. სამწუხარო რეალობაა ის, რომ სამი დიდი იმპერია - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი ინაწილებენ დიდი პიცის, თუ ხაჭაპურის ნაწილებს. უკრაინის შემთხვევა იქნება, თუ საქართველო, მნიშვნელობა არ აქვს, ესაა რეალობა. მთავარია ჩვენ სუვერენიტეტი და თვითმყოფადობა დავიცვათ ბოლომდე.

„რა თქმა უნდა, არავის იდეოლოგია თავზე არ უნდა მოვიხვიოთ და ამის გამო ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი ბრძოლები მოუწევს. თუმცაღა, ისიც უნდა ითქვას, რომ პრორუსული, პროჩინური თუ პროდასავლური პოლიტიკა კი არაა უწინარესი, არამედ პროქართული.

„რაც შეეხება უკრაინას, აქ ურთულესი საკითხია, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება. ძალიან ცუდია, რომ ქვეყანა დაქცეულია, მათ შორის ზელნსკისა და მისი გუნდის მიერ. მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ტრამპი მას შეიფარავს.

„ფაქტი ერთია, უკრაინა გაჩანაგებულია და შესაძლოა სხვებმაც მოითხოვონ რაღაცეები. გამორიცხული არაა უნგრეთმაც მოითხოვოს, რომ მისი ეროვნული უმცირესობების უფლებები დაცული იყოს, ასევე, შესაძლოა პოლონეთმა დასავლეთ უკრაინაში.

„სახეზე გვაქვს ერთი დიადი ქვეყნის გავერანება „ფესევდოლიბერალების" მიერ. საბედნიეროდ, საქართველო ამას გადაურჩა, მაგრამ არაფერი დასრულებულა და მართლაც კბილებით არის დასაცავი ჩვენი თავისუფლება და სუვერენიტეტი. სამი იმპერია რაღაც ლამაზი დიპლომატიური სიტყვებით იყოფს სამყაროს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×