ნატალია ჯვარიძე
22.01.2025

„ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი ყურადღებას აქცევს საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, თუმცა, მეეჭვება ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპს ახლა აინტერესებდეს", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა, მეთიუ ბრაიზამ „ეხო კავკაზას" განუცხადა.

მეთიუ ბრაიზამ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „რამდენად შეიძლება „ქართული ოცნების" მოლოდინები იყოს საფუძვლიანი? რამდენად დაეხმარება ეს „ოცნების" ხელისუფლებას, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები?"

„ჩემი აზრით, ბევრით. ბაიდენი თავისი ადმინისტრაციის დასაწყისიდან მუდმივად საუბრობდა დემოკრატიაზე და ეს ძალიან თვალსაჩინო იყო ყველასთვის, ვინც საქართველოში სიტუაციას ადევნებდა და ხედავდა, რომ „ქართულმა ოცნებამ" სერიოზულად გადაუხვია დემოკრატიისგან, რომ ისინი არღვევდნენ თამაშის წესებს და უფრო მეტად აახლოებდნენ ქვეყანას რუსეთთან.

ბაიდენისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი. თუმცა საჭირო გახდა თითქმის ოთხი წელი იმისთვის, რომ ბაიდენს რამე მოეფიქრებინა. მან მხოლოდ ახლა დააწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და ზოგიერთი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. თუმცა მანამდე ბაიდენს არაფერი გაუკეთებია „ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ასე რომ, დიახ, ახლა არის ახალი სანქციები და მიმაჩნია, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი ყურადღებას აქცევენ საქართველოში პოლიტიკურ სიტუაციას, ემხრობიან უფრო მეტ სანქციას, თუმცა მეეჭვება, რომ ეს პოლიტიკური ვითარება ტრამპმს ახლა აინტერესებდეს. ვნახოთ, რა იქნება. თუ იქნება სერიოზული შეტაკებები ქუჩებში, შესაძლოა სხვა მიდგომა იყოს", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

რაც შეეხება კითხვას, - „არსებობს მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპი საკმაოდ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა მის გარემოცვაში რესპუბლიკელებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ ოპოზიციას ოპტიმიზმს უნერგავენ, მათ შორის ჰელსკინის კომისიის თავმჯდომარე უილსონი, „მეგობარი აქტის"თანაავტორები. რამდენად შეიძლება, იმოქმედოს ამან ტრამპის მიდგომებზე იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება?" - მეთიუ ბრაიზის შეფასებით, უილსონის მოსაზრებები არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს.

„ნაკლებად. ვფიქრობ, ჯო უილსონის მოსაზრებები, გულწრფელად რომ ვთქვა, ექსტრემალურია და არ შეესაბამება ტრამპის მიდგომებს. არის შესაძლებლობა, რომ უილსონის ეს მიდგომა მნიშვნელოვანი იყოს მარკო რუბიოსთვის, როდესაც ის სახელმწიფო მდივანი გახდება.

საერთოდ, რუბიო ძალიან ტრადიციული „რესპუბლიკელია", როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას და, ზოგადად, ეს ნიშნავს დემოკრატიის მხარდაჭერას. შესაძლოა, რუბიო იქნეს დარწმუნებული, რომ საჭიროა თბილისის ქუჩებზე მყოფი ხალხის მხარდაჭერა, თუმცა მიმაჩნია, რომ თავად ტრამპისთვის ეს არ იქნება პრიორიტეტი იმის მიუხედავად, რას ილაპარაკებენ უილსონი და კონგრესის ზოგიერთი წევრი", - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორსა და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის გარკვეულწილად განსხვავებული მიდგომები იქნება საქართველოს მიმართ. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ტრამპმა გაცილებით მკაცრი ზომები მიიღოს „ქართული ოცნების" მიმართ.

„ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს შორის საქართელოსთან მიმართებაში გარკვეულწილად განსხვავებული მიდგომები იქნება. მოგეხსენებათ, ტრამპი ჯო უილსონს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა და ის ინფორმირებულია რა ქმედებებს ახორციელებს „ქართული ოცნება".

ამიტომაც მე ასე მგონია, რომ ტრამპი მეორე პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის საერთაშორისო ასპარეზზე უფრო აქტიურად წარმოჩინებას აპირებს. პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო ეკონომიკურ და შიდა საკითხებზე ამახვილებდა ყურადღებას, ახლა ვფიქრობ, ის უფრო მეტად საგარეო პოლიტიკაზე იმუშავებს.

აქედან გამომდინარე, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყურადღების ცენტრში საქართველოც იქნება. ტრამპმა გაყინა ამერიკული დახმარება სხვადახვა ქვეყნებისთვის. შესაძლოა აშშ-მ შეისწავლოს სხვადასხვა ქვეყნების დამოკიდებულება ამერიკისადმი და ამის შემდგომ შეიძლება გახსნას, ან არ გახსნას დახმარება კონკრეტული ქვეყნების მიმართ, მათ შორის ჩემი ვარაუდით, საქართველოს მიმართაც შეისწავლიან.

მე ასე მგონია, რომ ტრამპს კონგრესთან კოორდინაცია ექნება და იქიდან გამომდინარე, რომ ტრამპი ინფორმირებულია ირაკლი კობახიძის ვიზიტის შესახებ ირანში, ასევე საქართველო აპირებს სტრატეგიული ობიექტის ჩინეთისთვის გადაცემას, რუსეთის სასარგებლო პოზიციების დაფიქსირებაზე და „ოცნება" ამერიკაზე რომ საუბრობს, აშშ არის „გლობალური ომის პარტიის" თანამონაწილეო, მგონია ტრამპი მკაცრ ზომებს მიიღებს „ქართული ოცნების" მიმართ", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×