ნატალია ჯვარიძე
23.01.2025

„ვაპირებ დიდი დახმარება გავუწიო პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს, რომლის ეკონომიკაც კრახს განიცდის. თუმცა თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ „გარიგებას" მალე, სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადებები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა (USTR-ში) მონაწილე ქვეყნებში", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მე არ მინდა რუსეთისთვის ზიანის მიყენება. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, მიუხედავად რუსეთის რადიკალური მემარცხენეების სიყალბისა. ჩვენ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში და ამ პროცესში თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაიკარგა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე ვაპირებ დიდი დახმარება გავუწიო პრეზიდენტ პუტინს და რუსეთს, რომლის ეკონომიკაც კრახს განიცდის, გადავწყვიტეთ და შეაჩერეთ ეს დამცინავი ომი. ის მხოლოდ გაუარესებისკენ წავა.

თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ „გარიგებას" მალე, სხვა გზა არ მექნება, გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადებები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა (USTR-ში) მონაწილე ქვეყნებში.

დავასრულოთ ეს ომი, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით - მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „გარიგების" დროა. მეტი სიცოცხლე არ უნდა დაიკარგოს!!!", - წერს დონალდ ტრამპი.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრობს ტრამპის ნაბიჯებზე, რომელსაც ის გადადგამს, თუკი პუტინთან გარიგება ვერ შედგება. როგორც მაისაია ვარაუდობს, პუტინის და ტრამპის შეხვედრა სავარაუდოდ, მარტში გაიმართება, ოღონდ ყოველგვარი შედეგების გარეშე.

„მე თქვენთან დაახლოებით ორი თვის წინ მქონდა ზუსტად ამაზე ლაპარაკი, რომ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღება მოუწევდა და ეს პროგნოზი გამართლდა, ვინაიდან ეჭვი მეპარებოდა და ახლაც მეპარება, რომ პუტინი ტრამპის წინადადებას მიიღებს.

როგორც ჩანს, გაგრძელდება ის ვითარება, რაც იყო ტრამპის არჩევამდე, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, რადგან ახლა პუტინმა ძალიან ხისტი ნაბიჯები გადადგა - ირანთან გააფორმა სტრატეგიული მეგობრობის შეთანხმება, ასევე ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოაყალიბა და რუსი ბიუროკრატები უკვე ძალიან ხშირად ჩადიან ბეიჯინში. როგორც ჩანს, პუტინი ტრამპს არასერიოზულად აღიქვამს და სხვათაშორის მან ტრამპს არაერთხელ დასცინა.

ჩემი აზრით, ტრამპს რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი შეაკავოს და შესაბამისად, მისი ჰეგემონობის შესამცირებლად. დღევანდელი ამერიკის რეალური მოწინააღმდეგე რუსეთი და ჩინეთი იქნება. პრინციპში, გრენლანდიის, პანამის არხის და მექსიკის ყურის პრობლემები ჩინეთთან არის დაკავშირებული. ტრამპს ორ ფრონტზე მოუწევს პრობლემის გადაწყვეტა.

ტრამპს ასევე მოუწევს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯის გადადგმა, რომ დავუშვათ, ამერიკაში რუსული თხევადი გაზი აიკრძალოს და ნავთობპროდუქტები, რომლებიც სამწუხაროდ, სანქციების მიუხედავად მაინც შედის. სავარაუდოდ, ის ამ კუთხით სანქციებს უფრო გაამკაცრებს, ასევე, ოპეკის სახელმწიფოებთან გარიგებას დადებს, რომ ნავთობზე ფასები კიდევ უფრო დააგდოს და რუსეთს ამით სერიოზული დარტყმა მიაყონს.

ჩემი ვარაუდით, ასევე, გამორიცხული არაა კოსმოსურ და სხვა სფეროებში, რაც რუსეთსა და ამერიკას აქვს თანამშრომლობა, ეს მომენტიც გადაუკვეთოს ტრამპმა. ამასთან, შესაძლოა მან რუსეთის სატელიტ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი მკაცრი სანქციები დაადოს. სხვა მეტი ბერკეტები ამერიკას მაინცდამაინც არ გააჩნია.

ამ „კოშმარის აქტს" ალბათ ტრამპი პირდაპირ ხელს მოაწერს, ოღონდ ჯერ პუტინის პასუხს დაელოდება. სავარაუდოდ, მარტში მათი პირდაპირი შეხვედრა გაიმართება, თუმცა გამორიცხული არაა პუტინმა შეხვედრა არც მოინდომოს.

თუ შეხვდებიან, ეს დასრულდება ყოველგვარი შედეგების გარეშე. მაშინ ტრამპს მოუწევს რეალური ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის გეოპოლიტიკური ომის გამოცხადება, არამარტო რუსეთთან და ჩინეთთან, არამედ მათ სატელიტებთან, აქ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც მოიაზრება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×