
ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები, საიდანაც გარკვეული კონტურები იკვეთება, თუ რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მისი აზრით, ომს "დაუყოვნებლივ დაასრულებს" მსოფლიო ნავთობის ფასის შემცირება, რაშიც ანალიტიკოსების ნაწილს ეჭვი შეაქვთ, რადგან რუსეთი ძირითადად "შავი ეკონომიკით" სულდგმულობს და აქაც მანიპულაციურ გზებს გამონახავს.
გარდა ამისა, დასავლური მედია იმასაც წერს, რომ უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის სამშვიდობო გეგმა ტერიტორიების დათმობას შეიცავს, რაზედაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამაზე არც კიევი წავა და არც მოსკოვი.
"ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციიდან უკრაინის მედიატორად დანიშნულ პირს დაავალა, რომ ომის საკითხი ას დღეში მოაგვაროს. თუმცაღა, კონკრეტულად რა გეგმები აქვს, დღემდე გაურკვეველია, ასე არ ასაჯაროვებს. რასაც ვუყურებ ძირითადი აქცენტი შიდაამერიკულ უსაფრთხოების პრობლემებზე აქვს გადატანილი. საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის გეგმაზე კონკრეტული მკაფიო მესიჯები არ გაუკეთებია.
"მან პუტინთან მკაცრი ტონი გაუშვა და დაიმუქრა, რომ თუ ის სამშვიდობო ინიციატივას არ მიიღებს, გამოიყენებს იმავე სტრატეგიას, რაც გამოიყენა რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ოღონდ აქ ერთი ნიუანსია და ტრამპს ცოტა ილუზორული წარმოდგენები აქვს საგარეო პოლიტიკაზე, რაც ცოტა მოძველებულია. რეიგანის დროს რომ ნავთობის საკითხი იყო ეფექტური საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, შეიძლება ახლა რუსეთის წინააღმდეგ ეფექტური არ იყოს.
"მაშინ საბჭოთა კავშირი მართლა იჯდა ნავთობზე და საუდის არაბეთმა რომ 10 დოლარამდე შეამცირა, ამან მართლა სერიოზული დარტყმა მიაყენა.ახლა რუსეთის ეკონომიკაც მაინცდამაინც არაა ძლიერი, მაგრამ ის "შავი ეკონომიკის" წყალობით სულდგმულობს, თუ პირობითად რუსული ეკონომიკის მოცულობა ოფიციალურად 2 ტრილიონ დოლარს მოიცავს, ე.წ. შავი ეკონომიკური კორუფციული სქემები და შავი ფულის სისტემა 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
"ახლა გაჩნდა ბუნებრივი გაზი, ფიქალის გაზი და სხვა საშუალებები და თუ ნავთობზე ფასები დავარდა, რუსეთი სხვა რესურსების სისტემაზე გადავა, მით უმეტეს თუ ფასი დავარდა, შესაძლოა მან სპეკულაციებსაც მიმართოს და "შავი ეკონომიკის" წყალობით, ამ მიმართულებით ნაკლები დანაკარგები ჰქონდეს. რუსეთს ეკონომიკური "დიფ სტეიტი" მართლა აქვს, მისი საერთო მოცულობა 10 ტრილიონ დოლარს შეადგენს
"თუ ნავთობის ვარიანტმა არ გაამართლა, ტრამპს სხვა გეგმა მე მგონი არც აქვს. ტრამპზე პროპაგანდა უფრო მოქმედებდა, ვიდრე ის თუ რეალურად რა სიტუაციაა. მაგალითად, ტრამპს საქართველოზე ბერკეტები აქვს, რომ სერიოზული გავლენა მოახდინოს და კიდევაც ალბათ მოახდენს, რადგან რუბიო ოფიციალურად დაინიშნა, რომელიც მხარს უჭერს, საქართველოსთვის ახალი მაგნიტსკი სია და "კოშმარის აქტი" შემოიღონ. ჩემი აზრით, პირველ რიგში რუბიო და ტრამპი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკრაინასთან მიმართებაში ნაკლებად მგონია შედეგზე გავიდეს, თან თავად აშშ-ს აქვს ეკონომიკური რეცესია.
"უკრაინაში აქვს ერთი ვარიანტი, თუ მისი სამშვიდობო ინიციატივა გამოვა, გამოვა, თუ არა და ალტერნატიული ვარიანტი ისაა, რომ ამერიკამ იგივე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს უკრაინას, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა, რადგან თუ გეგმის რომელიმე ვერსია ტერიტორიების დათმობას მოიცავს, არცერთი მხარე ტერიტორიების დათმობაზე არ წავა, აქედან გამომდინარე, ბუნდოვანია ტრამპის გეგმა, რადგან ხვდება, რომ ის რეალობა არაა, რასაც წინასაარჩევნოდ აცხადებდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
ბრიტანული გამოცემა "ტაიმსი" წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის სისრულეში მოყვანა დიდი ალბათობით ტერიტორიებზე უარის თქმის გარეშე ვერ მოხდება. ეს კი უკრაინისთვის შესაძლოა მთლიანი ტერიტორიის მეხუთედის დე ფაქტო დათმობას ნიშნავდეს. ამის სანაცვლოდ კი კიევი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. სტატიაში ასევე წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულებისთვის უფრო რეალისტურ ვადას - რამდენიმე თვეს ასახელებს.
„ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა : „მინდა, ვიბრძოლო"", - აღნიშნა ტრამპმა "ფოქს ნიუსთან".
რას აცხადებს ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებაში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას ისაუბრა.
„მინდა, რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს არ არის ეკონომიკური მიზეზის გამო. ეს არის იმიტომ, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება", - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, უკრაინა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მან რუსეთ-უკრაინის ომი „სასაკლაოდ" მოიხსენია და დასძინა, რომ მსგავსი სცენები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა ბირთვული რესურსის შემცირების საკითხზეც.
„მე გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების იდეა. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც დავითანხმებდით ამაზე. ვფიქრობ, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მას ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა დაურეკა, ტრამპი იმედოვნებს, რომ ჩინეთი "რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერებაში" წვლილს შეიტანს.
ტრამპმა 22 იანვარს რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.
„მე არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის მოგებაში რუსეთი დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. სიტუაცია მხოლოდ უფრო გაუარესდება. მოდი, დავასრულოთ ეს ომი, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის დროს არასდროს დაიწყებოდა! ეს შესაძლებელია როგორც მარტივი, ისე რთული გზით, თუმცა მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. დროა, გავაფორმოთ „შეთანხმება". აღარ უნდა დაიღუპოს მეტი სიცოცხლე", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, პუტინი თუ ამას არ დათანხმდება, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს დაუწესებს.
„ჩვენ თუ ვერ შევთანხმდებით, მე სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები დავაწესო ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს", - დასძინა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტი ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციისგან (OPEC) ნავთობის ფასის შემცირებას მოითხოვს, რაც, მისი აზრით, დაუყოვნებლივ დაასრულებს რუსეთ-უკრაინის ომს.
„მე ვთხოვ საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას, შეამცირონ ნავთობის ღირებულება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიკვირს, რომ არ გააკეთეს ეს არჩევნებამდე. ფასი რომ დაწეულიყო, რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე დამთავრდებოდა. თქვენ უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, თქვენ უნდა დაასრულოთ ეს ომი. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. ისინი გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რაც მოხდა. მილიონობით სიცოცხლე იკარგება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ სხდომაზე ვირტუალურად გამოსვლისას.
დონალდ ტრამპი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, საუდის არაბეთი აშშ-ში, სულ მცირე, 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
„მე პირადად მოვითხოვ სამეფოს მემკვიდრე პრინცისგან, გაზარდოს ეს თანხა ერთ ტრილიონ დოლარამდე. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ჩვენ კარგები ვიყავით მათთან", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.