
შეიარაღება იშვიათი წიაღისეულის სანაცვლოდ - აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისგან იშვიათი ლითონების წვდომის მიღება სურს. ამის შესახებ მან ორშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ აშშ-ის მიზანია მისი ინვესტიციების დაცულობა „გარანტირებული" იყოს. ჯერჯერობით ოფიციალური კიევი ამ განცხადებას არ გამოხმაურებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია უკრაინასთან ხელშეკრულების დადებით და მზადაა უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს, სანაცვლოდ კი იშვიათი მინერალები უნდა მიიღოს და ამის მიზანი ამერიკული ინვესტიციების დაცვაა.
უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს ე.წ. „კრიტიკურლი ნედლეულის" მსოფლიო მარაგების 5%. მათში შედის 17 იშვიათი ელემენტი, როგორიცაა, მაგალითად, სკანდიუმი, იტრიუმი და ლანტანიუმი. განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშნელობისაა ასევე უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ურანისა და ლითიუმის საბადოები.
სააგენტო „ოილპრაისის" მონაცემებით, უკრაინის ლითიუმის მარაგები უმსხვილესია ევროპაში - ჯამურად დაახლოებით 500 ათასი ტონა. ამასთან, უკრაინაში მდებარე ლითიუმის 4 საბადოდან 2 ამჟამად რუსული არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. სხვა „კრიტიკული ნედლეულის" მარაგების ნაწილიც უკრაინის იმ ოლქებშია, რომელიც კრემლმა უკვე რუსეთის ტერიტორიად გამოაცხადად.
„ჩვენ გვინდა უკრაინასთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის მიხედვითაც ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ჩვენ კი მოგვცემენ წვდომას იშვიათ წიაღისეულზე", - აღნიშნა ტრამპმა.
ჯერჯერობით უცნობია, ტრამპი „იშვიათ წიაღისეულში" გულისხმობდა თუ არა ყველა სახის მინერალს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მოიპოვება. თუმცა, დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ტრამპი მხოლოდ ამ კატეგორიაში შემავალ 17 ელემენტს არ გულისხმობდა.
ტრამპის შეთავაზება მას შემდეგ გაჩნდა, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ შეაჩერა საგარეო დახმარება მთელს მსოფლიოში და მათ შორის უკრაინაშიც.
ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ევროპელი მოკავშირეებიც და აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინას საკმარისად არ ეხმარებიან.
უკრაინის პრეზიდენტი ტრამპის განცხადებას ოფიციალურად არ გამოხმაურებია, თუმცა ანონიმურობის დაცვით დასავლურ მედიასთან ისაუბრა უკრაინის მაღალჩინოსანმა.
უკრაინის მაღალჩინოსანმა ორშაბათს ღამით განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა იმუშაოს აშშ-სთან წიაღისეულის გადაცემაზე, იმ პირობით, რომ აშშ შესთავაზებს უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს ამ რესურსების რუსეთის ხელში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად.
ტრამპის განცხადება გააკრიტიკა გერმანიის კანცლერმა, იოლაფ შოლცმა. დახმარების სანაცვლოს მინერალების მოთხოვნას მან „ეგოისტური" უწოდა.
„ეს იქნებოდა ძალიან ეგოისტური, ძალიან ეგოცენტრული. უკეთესი იქნება ასეთი რესურსების ომის შემდეგ ქვეყნის აღდგენისთვის გამოყენება", - განაცხადა შოლცმა ჟურნალისტებთან.
უკრაინა, გასული წლის ბოლოს, გეგმავდა ხელშეკრულების გაფორმებას ბაიდენის ადმინისტრაციასთან წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებაზე თანამშრომლობის შესახებ. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ გადადო შეთანხმების ხელმოწერა, რადგან კიევი ელოდა ტრამპის მიერ თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას, რათა მასთან შეთანხმება დაედო.
დეკემბერში უკრაინის მთავრობის დელეგაცია შეხვდა ამერიკელ ბიზნესმენებს ვაშინგტონში და წარმოადგინა პოტენციური ბიზნეს გარიგებები, რომლებიც მოიცავდა კრიტიკული წიაღისეულის წარმოების ლიცენზიების მოპოვებას პირდაპირ, ან არსებულ ლიცენზიის მფლობელებთან პარტნიორობით. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეუძლია უკრაინას ამ შეთანხმებების დასრულება.
გასულ კვირას კიევში გამართულ კონფერენციაზე, უკრაინელმა ბიზნეს ლიდერებმა და კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი ქვეყნის კრიტიკული წიაღისეულის ნამდვილი ღირებულების შესაფასებლად. ადმინისტრაციული და საკანონმდებლო დაბრკოლებები კი კვლავ აფერხებს ამ სექტორში უცხოურ ინვესტიციებს.
უფრო მეტიც, რუსეთის წინსვლამ ბრძოლის ველზე მოსკოვის ჯარებს საშუალება მისცა დაეპყრო იშვიათი მინერალების მნიშვნელოვანი მარაგი უკრაინაში. ისინი სწრაფად უახლოვდებიან სხვა რეზერვებს. რუსული ძალები ამჟამად უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში არიან, ლითიუმის ძირითადი რეზერვიდან კი რამდენიმე კილომეტრია დარჩენილი.