
მცირე პაუზის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება განაახლა. როგორც დასავლური მედია ოფიციალურ წყარიებზე დაყრდნობით წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თეთრმა სახლმა გაიწვია თავდაპირველი გადაწყვეტილება უკრაინისთის ყველა სახის დახმარების შეწყვეტის შესახებ.
იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მიერ საგარეო დახმარების სამი თვით შეჩერება უკრაინასაც შეეხო და სახელმწიფო დეპარტამენტის განკარგულება სამხედრო და თავდაცვით სფეროსაც მოიცავს.
„დახმარება რომ გრძელდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს პუტინთან ხშირი კომუნიკაცი აქვს, პუტინი ჯიუტობს და არ მოდის არავითარ საკითხზე, მოლაპარაკებების თუნდაც დაწყებაზე. ბუნებრივია, ამან ტრამპის გაღიზიანება და მიდგომების შეცვლა გამოიწვია“, - აცხადებს „რეზონანსთან“ სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
„როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ვერ თანხმდებიან, თუ რა მასშტაბით უნდა გააგრძელოს აშშ-მა კიევის სამხედრო მხარდაჭერა. თეთრ სახლში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების შედეგად, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მის განკარგულებაში დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებაა, რომლის უკრაინისთვის გამოყოფის საშუალებაც აქვს, თუკი მისი ადმინისტრაცია ამას გადაწყვეტს.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ჯერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების არცერთი პაკეტი არ გამოცხადებულა.
ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც და მერეც ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომს „მალე დაასრულებდა“. თუმცა, როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, დახმარების გაგრძელება იმის მანიშნებელია, რომ ომი კიდევ დიდხანს გაიწელება და მალე ვერ დასრულდება.
„ადრე ვამბობდი, რომ სიტუაცია ისეთია, რომ აშშ-ს სხვა გზა აღარ დარჩებოდა, უკრაინის დახმარებას გააგრძელებდა და რუსეთს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებიდა. დახმარება რომ გრძელდება, ეს იმის მანიშნებელია, რომ, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს პუტინთან ხშირი კომუნიკაცი აქვს, პუტინი ჯიუტობს და არ მოდის არავითარ საკითხზე, მოლაპარაკებების თუნდაც დაწყებაზე. ბუნებრივია, ამან ტრამპის გაღიზიანება და მიდგომების შეცვლა გამოიწვია.
„იარაღის მიწოდების გაგძელება ნიშნავს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სწრაფად ვერ მოხდება, როგორც ადრე ტრამპი აცხადებდა. ისედაც ამ ომის სტრატეგიული ფონი ისეთია, რომ სამხედრო სტრატეგიული და გეოსტრატეგიული კუთხით, ომის სწრაფად დასრულება ამ ეტაპზე არარეალისტური და ფაქტიურად შეუძლებელია. ბუნებრივია, ამას ტრამპიც მიხვდა, როცა ნელ-ნელა გაერკვა ვითარებაში.
„თან ამას პოლიტიკური კონტექსტიც აქვს - პუტინი, ფაქტიურად, თავისივე პოლიტიკის ტყვე გახდა, ომი რომ დაასრულოს, ან მოლაპარაკებაზე დაჯდეს, ამას მისივე პოლიტიკური ელიტა და ხალხი არ აპატიებს და თავზე ჩამოიქცევს ყველაფერს. ის ამას ხვდება და ამიტომაც არ თანხმდება მოლაპარაკებას.
„როდის შეიძლება დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ომი, ამის თქმა ახლა რთულია. ეს მეორე მსოფლიო ომს ჰგავს რაღაცით, ესეც სრულმასშტაბიანი ომია ორ დიდ სახელმწიფოს შორის და არ გამოვრიცხავს ზუსტად ისე გაიწელოს, როგორც მეორე მსოფლიო ომი გაიწელა ექვს წელიწადს“, - განაცხადა მაისაიამ “რეზონანსთან”.
უკრაინული მედიის ცნობით, შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩო აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების გუნდებს შორის შეხვედრებზე მუშაობს. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, „უკრაინისა და რუსეთის ჩართულობით დისკუსიები კარგად მიმდინარეობს“.