
კონსესუსი ვერ შედგა - ორშაბათს პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრამ პრაქტიკულად ფიასკო განიცადა. ლიდერების მცდელობა, წარმოედგინათ ერთიანი ფრონტი უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განზრახვებისა და მზარდი შიშის ფონზე, უშედეგო გამოდგა. თუმცა, ყველანი თანხმდებიან, რომ თავდაცვაზე ხარჯები დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ მოიწვია, რაც 15-16 თებერვლის მიუნხენის საერთაშრისო კონფერენციაზე გაირკვა, რომ აშშ დაიწყებდა მოლაპარაკებას რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულებაზე და ეს პროცესი ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლების გარეშე წარიმართებოდა.
17 თებერვალს ელისეს საპრეზიდენტო სასახლეში 3,5-საათიანი შეკრების შემდეგ, ლიდერების პასუხი უსაფრთხოების ყველაზე დიდ ცვლილებაზე არც ისე დამაჯერებელი იყო.
„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი შეხვედრები გადაწყვეტილებით არ სრულდება", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა შეხვედრის შემდეგ.
კონსესუსი ვერ შედგა, ლიდერებმა იდეები ერთმანეთთან ვერ შეაჯერეს, შეხვედრა კი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
მთავარი სადავო საკითხი უკრაინაში ჯარების გაგზავნას ეხებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების გაგზავნა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების უფლება, რაც პრაქტიულად იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რასაც რუსეთი უკრაინის მიმართ განახორციელებს, ევროპელებმა უნდა აიტანონ.
შეერთებულმა შტატებმა ნატოს ევროპულ ქვეყნებს კითხვარიც გაუგზავნა, სთხოვდა განემარტათ, რის შეთავაზებას აპირებდნენ სამშვიდობო შეთანხმების აღსრულებისთვის და ასევე დაეკონკრეტებინათ რას მოელიან აშშ-სგან.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უკრაინის საკითხში ევროპის ჩართულობის იდეას მხარს უჭერენ, თუმცა, სტარმერის თქმით, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატებიც მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ სამშვიდობო ღონისძიებებში.
მეორეს მხრივ, პოლონეთი, პრაქტიკულად ფრონტის ხაზის სახელმწიფო და უკრაინის ახლო მოკავშირე, ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი არმიით, უარზეა და უკრაინაში პოლონელ მეომრების გაგზავნას არც კი განიხილავს.
„ჩვენგან ნუ ელით უკრაინაში პოლონელი ჯარისკაცების გაგზავნას", - თქვა ტუსკმა ვარშავაში პარიზში გაფრენამდე.
„პოლონეთს უბრალოდ არ აქვს დამატებითი შესაძლებლობები უკრაინაში ჯარების გაგზავნისთვის," - თქვა ერთ-ერთ გამოცემასთან პოლონელმა მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა ჟურნალისტთან და აღნიშნა, რომ ქვეყანას დიდი საზღვრები აქვს რუსეთის კუთვნილ კალინინგრადის ოლქთან და რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან:
„ფრანგები შორს არიან, რათა უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნონ; ჩვენ ახლოს ვართ. ასე რომ, არ შეგვიძლია."
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნებისმიერი დებატები უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის გეგმას „სრულიად ნაადრევი" და „უაღრესად შეუსაბამოა".
„ან მადიგასთან ზიხარ, ან მენიუში ხარ..."
ევროპელი ლიდერები ცალსახად შეთანხმდენ, რომ ევროპამ თავდაცვაზე ხარჯი უნდა გაზარდოს.
ბრიტანეთის პრემიერმა აღიარა, რომ „ევროპელებს მოუწევთ წინსვლა როგორც ხარჯების, ისე შესაძლებლობების თვალსაზრისით", ხოლო ტუსკმა თქვა, რომ აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები თავდაცვის სფეროში „ახალ ეტაპზე" გადადის, რადგან ევროპელები აცნობიერებენ თავდაცვაზე მეტის დახარჯვის აუცილებლობას.
„ევროპამ გააცნობიერა აშშ-ის გზავნილი, რომ მან მეტი უნდა გააკეთოს", - თქვა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ შუფმა.
ბელგიის ყოფილი პრემიერი გი ვერჰობსტადტი კი მიიჩნევს, რომ თუ აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს ექნებათ შესაძლებლობა გადამწყვეტი სიტყვა თქვან, მაშინ ევროპას მომავალი არ ექნება.
„ევროპელო ლიდერებო, წინ გაუძეხით!.. ამ ახალ მსოფლიოში თუ მაგიდას არ უზიხარ, მაშინ მენიუს ჩამონათვალში იქნები", - დაწერა მან „იქსზე".
პარიზის შეხვედრის მასპინძელი მაკრონი დათანხმდა იდეას, რომ ევროპამ თავდაცვაზე მეტი თანხა უნდა დახარჯოს.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროპელებმა უკეთესი, მეტი და ერთობლივი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში - როგორც დღევანდელისთვის, ასევე მომავლისთვის", - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი „იქსზე" გვიან ღამით გამოქვეყნებულ პოსტში.
გერმანიის კანცლერმა შოლცმა კიდევ ერთხელ გამოხატა იმ იდეის სრული მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს საგანგებო პუნქტების შექმნას თავდაცვის ხარჯების მასობრივად გაზრდის მიზნით, რასაც ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ამ წინადადების თანახმად, ქვეყნებს შეეძლებათ გაათავისუფლონ თავდაცვის ხარჯები ევროკავშირის ვალისა და დეფიციტის ლიმიტებისაგან.
მაგრამ, მიუხედავად პანიკის ზღვარზე მყოფი მღელვარებისა, რომელიც სუფევდა გასულ შაბათ-კვირას მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის მიერ ევროპულ დემოკრატიაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ლიდერების უმეტესობას არ სურდა საჯაროდ დაპირისპირებოდა აშშ-ს, რომელიც უზრუნველყოფს კონტინენტის უსაფრთხოების ხერხემალს 1945 წლიდან.
„ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოებისა და პასუხისმგებლობის განაწილება არ უნდა არსებობდეს", - თქვა შოლცმა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტეც.