მარიამ ვეკუა
12.03.2025

11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში, უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ჩატარებულ შეხვედრას კიევი პოზიტიურად აფასებს, თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ კომპრომისი მხოლოდ მისი პირობების დაკმაყოფილებით მოხდება. ევროპელი ლიდერები აღნინშავენ, რომ „ბურთი რუსეთის მოედანზეა" და ახლა მხოლოდ კრემლზეა დამოკიდებული დასრულდება თუ არა ომი უკრაინაში.

საუდის არაბეთში, კიევისა და ვაშინგტონის წარმომადგენლების 8-საათიანი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო აშშ-ს მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომელიც 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს რუსეთთან. ინიციატივა მოიაზრებს ცეცხლის შეწყვეტას როგორც ჰაერში და წყალში, ასევე ხმელეთზეც.

„უკრაინა ეთანხმება ამ წინადადებას. ჩვენ ამ ნაბიჯს პოზიტიურად ვაფასებთ და მზად ვართ გადავდგათ ასეთი ნაბიჯი - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი ამის გაკეთებაში", - განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იმ მომენტში დაიწყება, როდესაც მოსკოვი ამას დათანხმდება.

აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი კი უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების განახლებას ადასტურებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჯიდაში გაჟღერებულ პირობებს მიესალმება და ამ კვირის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან ამ გეგმას განიხილავს.

აშშ-ს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკა მოუწოდებს რუსეთს ორმხრივი თანამშრომლობისკენ. „აშშ აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისთვის არის მშვიდობის მიღწევის გასაღები", - წერია განცხადებაში.

საინტერესოა ისიც, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ხელახლა უმასპინძლებს. ჟურნალისტის კითხვაზე, დაპატიჟებულია თუ არა უკრაინის პრეზიდენტი თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად" - უპასუხა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, ხოლო ტრამპმა ზელენსკის თეთრი სახლის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით „დიქტატორიც" უწოდა.

რას ამბობს მოსკოვი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი, საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასთან შეთანხმება მოხდება არა ვაშინგტონის, არამედ მოსკოვის პირობებით.დასძენა, რომ „რეალური შეთანხმებები ფრონტზე იწერება".

„პირობები ამერიკულია და არა უკრაინული. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან. რუსეთი [უკრაინაში] წინ მიიწევს და, შესაბამისად, რუსეთთან საქმე სხვაგვარად იქნება. ნებისმიერი შეთანხმება (კომპრომისის აუცილებლობის სრული გაგებით) ჩვენი პირობებით უნდა შედგეს და არა ამერიკის. ეს არ არის ტრაბახი, არამედ იმის გააზრება, რომ რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იქ, ფრონტზე იწერება. ეს არის ის, რაც ვაშინგტონშიც უნდა გაიგონ", - წერს კოსაჩოვი „ტელეგრამ"-არხზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დილას განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ს ინტერესები არასდროს იქნება იდენტური - ისინი 50%-ითაც კი ვერ დაემთხვევა ერთმანეთს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა პირობებით მიიღებდა რუსეთი ნატოს ყოფნას უკრაინაში, როგორც მშვიდობისმყოფელების შემოსვლას, ლავროვმა მკაფიოდ უპასუხა, რომ ნებისმიერი მცდელობა ნატოს ჯარების უკრაინაში განთავსებისა კრემლისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ისინი იმეორებენ, რომ არაფერი უნდა გადაწყდეს უკრაინაზე უკრაინის გარეშე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის გარეშე.

„როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ჰკითხეს სამშვიდობო ძალების შესახებ, მან თქვა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ, როგორც წესი, ყველა მხარის თანხმობაა საჭირო.

„რატომ უნდა დავეთანხმოთ სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას, როცა ისინი გვეუბნებიან, რომ ეს სამხედრო ძალა იმ ქვეყნებიდან იქნება, რომლებმაც ჩვენ მტრად გამოგვაცხადეს? ისინი მოვლენ უკრაინაში, როგორც მშვიდობისმყოფელები? ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვის ინტერვიუში საყურადღებო იყო ის მომენტიც, როცა მან თქვა:

„ტრამპს არ სურს უკრაინისთვის გარანტიების მიცემა, თუ მას ზელენსკი უხელმძღვანელებს".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი აშშ-სთან უახლოეს დღეებში კომუნიკაციას შეძლებს.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ კონტაქტს აშშ-ის წარმომადგენლებთან უახლოეს დღეებში", - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ს.

„ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა."

„უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ. „ახლა დროა, თავისი მზადყოფნა რუსეთმა გვაჩვენოს - შეწყვიტონ ან გააგრძელონ ომი. სრული სიმართლის დროა," - აღნიშნა ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.

ევროპელი ლიდერები უკრაინისა და აშშ-ს წარმომადგენლების შეხვედრის შედეგებს პოზიტიურად აფასებენ. მათი თქმით, ეს პროცესების დადებითი განვითარებაა, ხოლო ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული.

სოციალურ ქსელში იდენტური განცხადებები გამოაქვეყნეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ.

„მივესალმებით დღევანდელ მოვლენებს ჯიდადან - აშშ-უკრაინის საუბრებს, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების წინადადებას და ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების აღდგენას.

ეს დადებითი განვითარებაა, რომელიც შეიძლება იყოს ნაბიჯი ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ უკრაინისთვის. ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა," - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირიც მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებებს.

„ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, ჰუმანიტარული ძალისხმევის, აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უსაფრთხოების დახმარების განახლებაზე," - აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, განცხადებაში.

იტალიის პრემიერ-მინისტრიც უკრაინის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და ვაშინგტონისა და კიევის შეთანხმებას პოზიტიურად აფასებს. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ახლა გადაწყვეტილების მიღება რუსეთზეა დამოკიდებული."

„იტალია სრულად უჭერს მხარს აშშ-ის ძალისხმევას, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, რათა მიაღწიოს სამართლიან მშვიდობას, რომელიც უკრაინის ხანგრძლივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს," - ნათქვამია განცხადებაში.

რას უნდა ველოდოთ კრემლისგან

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ, „რეზონანსთან" განაცხადა, რომ კრემლისგან კომპრომისებს არ მოელის და აღნიშნა, რომ რუსეთი დროის გაყვანას ცდილობს.

„იმის მოლოდინი, რომ კრემლი სამშვიდობო ინიციატივებს დასთანხმდებოდა, მხოლოდ დროის გაყვანის ტაქტიკა იყო. კოსაჩოვის ეს განცხადებაც ამას ადასტურებს. კრემლი, ვფიქრობ, არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა.

აქ ერთი ნიუანსია - უკრაინელები წყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს ჰაერსა და ზღვაში, თუმცა, მათ უწევთ თავდაცვითი ბრძოლების გაგრძელება, რაც სავსებით ლოგიკურია. უკრაინელებმა, ფაქტობრივად, მოსკოვის დაბომბვით დემონსტრაცია გაუკეთეს, თუ რა პოტენციალი აქვთ.

ამიტომ, ამ ეტაპზე, რომ ვთქვათ, რაიმე კუთხით მოხდება ცეცხლის შეწყვეტა - ამას სკეპტიკურად ვუყურებ, ისევ რუსების პოზიციებიდან გამომდინარე.

„ამ ნაბიჯებით რუსები, ბუნებრივია, ტრამპის ადმინისტრაციას ეწინააღმდეგებიან, მაგრამ პუტინისთვის ტრამპის ადმინისტრაცია და ბაიდენის ადმინისტრაცია ერთნაირი მნიშვნელობისაა. ორივე ერთი და იგივეა, დიდად არ აინტერესებს," - განაცხადა მაისაიამ.

მაისაიამ ყურადღება გაამახვილა ევროპული სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებაზეც და ტრამპის რიტორიკის შეცვლაზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსებას, ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ შემდგარა. გარდა ამისა, მხარეები ჯერჯერობით არ არიან მზად, რომ კონკრეტული პირობები იქნას გათვალისწინებული.

„ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ შეიცვალოს. შესაძლოა, მან გაამკაცროს რიტორიკა და დაუწესოს სანქციები - ამაზე ტრამპმაც ისაუბრა. ასე რომ, ჯერჯერობით ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, არის პროცესების განვითარებას დაველოდოთ.

„რაც შეეხება ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი, სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინები არ მაქვს. არ მგონია, რომ რუსეთმა ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიღოს. რუსებისთვის მთავარია კურსკის ტერიტორიის დაკავება - საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს პროცესები. დროის ფაქტორია - თუ პუტინი ახლა დათანხმდება, რომ კურსკის ტერიტორიაზე სიტუაცია ისე დარჩეს, როგორც არის, ეს იქნება მისი იმიჯისთვის სერიოზული დარტყმა - „პროპაგანდისტული ნაღმი".

„სანამ კურსკის ტერიტორია ოკუპირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, კრემლი არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა," - აღნიშნა „რეზონანსთან" ვახტანგ მაისაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×